Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური რეიტინგების დინამიკა


საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გასული წლის ნოემბერში და მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს მოსახლეობის პანელური გამოკითხვა ჩაატარა. კვლევას ხელმძღვანელობდნენ ნანა სუმბაძე და გიორგი თარხან-მოურავი,

ხოლო სამუშაო შესრულდა ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
გესაუბრებათ პოლიტიკური რეიტინგების დინამიკაზე.

საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართ დამოკიდებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, პოლიტიკურ მოღვაწეთა რეიტინგები არჩევნების წინა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის პანელური გამოკითხვა საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ რეიტინგების დინამიკას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

გასული წლის ნოემბერში შეკითხვაზე - "რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ", რესპონდენტებმა პირველი ათეული ასე ჩამოაყალიბეს: გოგი თოფაძე, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, მიხეილ სააკაშვილი, ასლან აბაშიძე, ვახტანგ რჩეულიშვილი, დავით გამყრელიძე, ვაჟა ლორთქიფანიძე. მიმდინარე წლის ივნისში შედეგები ნაწილობრივ შეიცვალა და პირველმა ათეულმა ამგვარი სახე მიიღო: ნინო ბურჯანაძე, გოგი თოფაძე, შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ჯუმბერ პატიაშვილი, ასლან აბაშიძე, გურამ შარაძე, დავით გამყრელიძე, ირაკლი ბათიაშვილი. მთავარი ცვლილება ისაა, რომ ნინო ბურჯანაძემ მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მეორე ადგილზე კი ახლა გოგი თოფაძეა. მიხეილ სააკაშვილმა და ჯუმბერ პატიაშვილმაც ადგილები გაცვალეს: შარშან სააკაშვილი მეექვე იყო, პატიაშვილი - მეოთხე, წელს პირიქითაა. თავისი ადგილები უცვლელად შეინარჩუნეს შალვა ნათელაშვილმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ასლან აბაშიძემ და დავით გამყრელიძემ. წელს ათეულში ახალი ფიგურებიც გაჩნდნენ - გურამ შარაძე და ირაკლი ბათიაშვილი. ვახტანგ რჩეულიშვილმა კი მერვედან მეთვრამეტე ადგილზე გადაინაცვლა. წლევანდელი შედეგების მიხედვით, ზურაბ ჟვანია მეთოთხმეტეა, ედუარდ შევარდნაძე კი - მეჩვიდმეტე. შარშანდელ გამოკითხვაში შევარდნაძის გვარი საერთოდ არ ფიგურირებდა. ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის მხარდამჭერთა რიცხვი გამოკითხული რესპონდენტების 42%-დან 61%-მდე გაიზარდა.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რეგიონული განსხვავებებიც. აღმოჩნდა, რომ რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტად მოსწონთ: ბურჯანაძე - თბილისში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში; თოფაძე - რაჭაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში; ნათელაშვილი - კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში; აბაშიძე - აჭარაში. საინტერესოა, რომ გოგი თოფაძის მიმართ გამოხატული ნდობა ნაკლებად ვრცელდება მრეწველთა პარტიაზე. თოფაძის გვარი არც იმ სიაში ხვდება, სადაც რესპონდენტები ასახელებდნენ მათთვის სასურველ ან სავარაუდო პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძის შემდეგ. სასურველ კანდიდატებს შორის პირველ და მეორე ადგილს თანაბრად იყოფენ მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი, შემდეგ მოდის ბურჯანაძის და, ბოლოს, პატიაშვილის გვარი. სხვაგვარად ნაწილდება ადგილები შეკითხვაზე: "თქვენი აზრით, ვინ გახდება პრეზიდენტი". აქ პირველ ადგილზე საგრძნობი უპირატესობით სააკაშვილია, შემდეგ - შევარდნაძე, ბურჯანაძე და ნათელაშვილი.

კონკრეტული გვარების გარდა, საინტერესოა, თუ რა თვისებების საფუძველზე უცხადებდნენ ნდობას რესპონდენტები ამა თუ იმ პოლიტიკოსს. თვისებების ჩამონათვალი ამგვარად განაწილდა: პატიოსნება - 43%; ორგანიზაციული უნარი - 18%; ძველი დამსახურება - 14%; პროგრამა - 11%; სიკეთე - 9%; მეტყველება - 3%, გარეგნობა - 1%. თუ ამ ჩამონათვალს ძველ და ახალ რეიტინგებს შევადარებთ, უნდა დავასკვნათ, რომ ბურჯანაძე, თოფაძე და ნათელაშვილი ამომრჩეველზე პატიოსანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

დაბოლოს, კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რესპონდენტთა დამოკიდებულება არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ - საზოგადო მოღვაწეების მიმართ. აღმოჩნდა, რომ თავისი საქმიანობის მიხედვით ყველაზე მეტ ნდობას იმსახურებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II; შემდეგ ათეული ამ თანმიმდევრობით ჩამოყალიბდა: გოგი თოფაძე, ბიძინა ივანიშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, ეკა ხოფერია, ბადრი პატარკაციშვილი, თემურ ჭყონია, გია ჭანტურია, მამუკა ხაზარაძე, ლევან ბერძენიშვილი. ეს მონაცემები, რომლებიც, ერთი მხრივ, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს მოსახლეობის შეფასებათა სისტემის გასააზრებლად.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი სწრაფად ვითარდება, საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური ფიგურების მიმართ, როგორც ჩანს, მყარი და სტაბილურია. ზემოთ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, სრულებით არ არის მოსალოდნელი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ წელიწადნახევარში ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში გამოჩნდეს ახალი ფიგურა - პრეზიდენტობის სერიოზული პერსპექტივით.
XS
SM
MD
LG