Accessibility links

logo-print

ერაყის უსაფრთხოება მორიგი სასიკვდილო აფეთქების ფონზე


12 ოქტომბერს ბაღდადის ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ერთთვიანი შედარებითი სიმშვიდის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოება

კვლავ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. თანაც ეს მსგავსი ხელწერის მეორე თავდასხმაა ბოლო კვირის განმავლობაში.

სასტუმრო "ბაღდადში", რომლის შორიახლოსაც კვირას ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომანქანა აფეთქდა, ერაყის მმართველი საბჭოს წევრები ცხოვრობდნენ და ერთ-ერთ დაცულ ობიექტად ითვლებოდა ერაყში. აფეთქების შედეგად შვიდი ერაყელი დაიღუპა, მათ შორის მკვლელი-ტერორისტი, რომელმაც "ტოიოტა კოროლას" მარკის ავტომანქა სასტუმროსთან აღმართულ საკონტროლ გამშვებ პუნქტს შეაჯახა. თვითმხილველთა თქმით, პოსტზე მდგარმა პოლიციის ოფიცერმა მანქანის მძღოლს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ ტერორისტმა-კამიკაძემ ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა მაინც მოახერხა. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ვალენტინას მიტე კვირას ბაღდადში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ასე აღწერდა ტერაქტის პირველ წუთებს:

[ვალენტინას მიტეს ხმა] "მთელი რაიონი ბლოკირებულია ამერიკელი ჯარისკაცების მიერ. ამერიკული შვეულმფრენები დასტრიალებენ თავს სასტუმროს შენობას, საიდანაც პლასტიკური ტომრებით გააქვთ აფეთქების შედეგად დაღუპულთა გვამები. ბაღდადის თავზე შავი კვამლის ღრუბელი თანდათან იზრდება. ქალაქის ქუჩებში მანქანების საცობებს ბოლო არ უჩანს".

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც სამი დღის ინტერვალით ბაღდადში მსგავსი ხელწერის მეორე ტერაქტი ხდება. 9 ოქტომბერს თვითმკვლელმა-ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა პოლიციის განყოფილებას შეატაკა, რის შედეგადაც 8 ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი დაიღუპა. ფანატიკოსების ასეთი გააქტიურება ერაყში ბევრს აფიქრებინებს, რომ ძველი რეჟიმის მომხრეთა მთავარ სამიზნეს ის ერაყელები წარმოადგენენ, რომლებიც კოალიციასთან თანამშრომლობენ. ერაყის მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრი, რომლებიც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობენ და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან, სწორედ სასტუმრო "ბაღდადში" ცხოვრობენ. მათ შორისაა ერაყის მმართველი საბჭოს წევრი მოვაფაქ ალ-რუბაიაი, რომელმაც აფეთქების შედეგად ხელის მცირე ტრამვა მიიღო. ალ რუბაიაი პრეს-კონფერენციას მართავდა, როდესაც თვითმკვლელმა-კამიკაძემ ასაფეთქებლი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. ერაყის მმართველი საბჭოს წევრმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ვალენტინას მიტეს აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განუცხადა, რომ ტერაქტი ერაყელი ხალხის ინტრესების წინააღდეგ იყო მიმართული.
[მოვაფაქ ალ-რუბაიაის ხმა] " ჩვენ ტერორიზმის წინანაღდეგ ვიბრძვით, ერაყელი ხალხი ტერორიზმის წინააღმდეგ ომშია ჩაბმული. ტყუიან ისინი, ვინც ამგავრი დაპირისპირებისკენ აქეზებენ ადამიანებს. ტყუიან ისინი, ვინც ამბობს, თითქოს ასეთი თავდასხმები კოალიციის ჯარის წინააღდეგ იყოს მიმართული. ასეთი თავდასხმები ერაყელი ხალხის ინტერესების წინააღდეგ არის მიმართული".

სიმშვიდე არც ერაყის განაპირა რაიონებშია. საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად ორშაბათს ერაყის ჩრდილოეთში ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

ვერავინ შეძლებს კოალიციის მებრძოლებისა და ერაყელი ხალხის დაშინებას, განაცხადა კვირას მომხდარი ტერაქტის შემდეგ ამერიკულ-ბრიტანული ადმინისტრაციის ხელმძღავენელმა ერაყში პოლ ბრემერმა. ერაყის პოლიცია კი კვირას მომხდარ აფეთქებას სადამ ჰუსეინის მომხრეებსა და "ალ-ყაიდას" წევრებს აკისრებს.
XS
SM
MD
LG