Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრა ნიდერლანდებში - ოსეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებაზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ერთგვარი პოლიტიკური ტაბუს ფონზე


სამშაბათს ნიდერლანდების დედაქალაქში დაიწყება ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგებისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეები მიიღებენ

მონაწილეობას. ჰააგის შეხვედრა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდითა და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის ნიდერლანდების მთავრობის ხელშეწყობით ეწყობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლაპარაკებები შეეხება ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას, ის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, თუკი ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიციასაც გავითვალისწინებთ, ჰააგის შეხვედრა შეიძლება დიდად შედეგიანი არ აღმოჩნდეს. რა საკითხებს განიხილავენ ქართველი, ოსი, რუსი და დასავლეთ ევროპელი დიპლომატები და რას უნდა მოველოდეთ ჰააგის შეხვედრიდან?

ჰააგის შეხვედრა, რომელიც სამშაბათს დაიწყება და 17 ოქტომბრამდე გასტანს, ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის პოლიტიკურ კონსულტაციათა მორიგ რაუნდს წარმოადგენს. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მსგავსი ტიპის შეხვედრები ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხზე ყოველ წელს იმართება. შეხვედრის ადგილად ირჩევა ქვეყანა, რომელიც კონკრეტულ პერიოდში ეუთოს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს. გასულ წელს ასეთი შეხვედრა მოეწყო პორტუგალიაში, მანამდე რუმინეთში, 2000 წელს კი ავსტრიაში, როცა მოეწერა კიდეც ხელი დღემდე აქტუალურ ბადენის დოკუმენტს (სახელწოდება აქ შეხვედრის ადგილს აღნიშნავს). ისე კი, დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების თაობაზე. ადრეც მოგახსენებდით და აქტუალობის გამო გავიმეორებთ, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი შეუთანხმებელი ნაწილი ასე იკითხება: "მხარეები ეფუძნებიან მისწრაფებას მიაღწიონ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლებებს, ისინი თავიანთ ურთიერთობას აგებენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სამხრეთი ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან დამაკავშირებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გათვალისწინებით". როგორც მოგახსენეთ, ბადენის შემდეგ ჩატარდა მსგავსი ფორმატის კიდევ ორი შეხვედრა. იყო შუალედური შეხვედრებიც, რომლებზეც კიდევ არაერთი რეკომენდაცია მომზადდა. თუმცა, იმაზე, თუ რა უნდა განიხილონ ჰააგის მოლაპარაკებებზე, უმჯობესია მოვუსმინოთ ემანუილ ანკეტილს, რომელიც საქართველოში ეუთოს მისიის თანამშრომელი გახლავთ და ამჟამად ჰააგაში იმყოფება. ანკეტილმა განმიმარტა:

[ანკეტილის ხმა]
"ივლისის შუა რიცხვებში ცხინვალში ჩატარდა მოსამზადებელი შეხვედრა და იქ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, ახლანდელ მოლაპარაკებებზე განიხილება ყველა არსებული დოკუმენტი, ბადენის დოკუმენტის ჩათვლით. თუმცა, ბადენის დოკუმენტი არის ერთ-ერთი, რომელიც წარსულში ექსპერტთა შეხვედრაზე მომზადდა".

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა განხილული სტატუსის საკითხი ჰააგის შეხვედრაზე, ანკეტილმა გარკვეული პასუხი ვერ გამცა. თუმცა, ასეთი რამაც არ გამორიცხა:

[ანკეტილის ხმა]
"ეს არ არის გარკვეული. არსად წერია, რომ დღის წესრიგში აუცილებლად შევა ყველა არსებული დოკუმენტის განხილვა. ასე რომ დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ეს საკითხი ღიაა განხილვისთვის".

როგორც შევიტყვეთ, საქართველოს მხარეს უხელმძღვანელებს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე ირაკლი მაჭავარიანი. საქართველოს დელეგაციის ნაწილი უკვე ჰააგაში იმყოფება. მოგვიანებით ჰააგაში ჩავა ეუთოს მისიის ხელმძღვანელიც.

ჩვენ შევძელით დაკავშირება ცხინვალთან, კერძოდ ჩემს კოლეგა ბატრაძ ხარებოვთან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "რესის" ხელმძღვანელი გახლავთ. მან მოგვაწოდა ინფორმაცია ცხინვალის დელეგაციის შემადგენლობის შესახებ:

[ხარებოვის ხმა]
"დელეგაციას ხელმძღვანელობს სამხრეთი ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი. მის გარდა დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი - მურად ჯიოევი, რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობებში - კონსტანტინე კოჩიევი, საგანგებო დავალებათა სამინისტროს აპარატის უფროსი - ლეონიდ თიბილოვი და პოლიტოლოგი - დიმიტრი მედოევი.

იმის გამო, რომ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე სწორედ დელეგაციის ხელმძღვანელ ბორის ჩოჩიევზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო ":პრაიმ-ნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ოსური მხარე არ აპირებს სტატუსის საკითხზე მსჯელობას, ბატრაძ ხარებოვს ვთხოვე ამ ინფორმაციის დამოწმება, ან უარყოფა.

[ხარებოვის ხმა]
"შეხვედრათა ამ ფორმატით გათვალსიწინებულია რეკომენდაციები პოლიტიკურ საკითხებზე. ასევე შეიძლება დაისვას სტატუსთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ როგორი ფორმით განიხილება ისინი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ეს მუშაობის პროცესში გადაწყდება."

მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე მიხეილ მაიროვი და ასევე ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი თეიმურაზ კუსოვი. ჰააგის მოლაპარაკებათა მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ცნობებს მოგვიანებით მოგაწვდით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG