Accessibility links

რუსეთთან საიდუმლო გარიგებების თემა ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიაში


რუსეთთან საიდუმლო გარიგებების თემა ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიაში წამყვან ადგილს იკავებს. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები ოპოზიციას, კერძოდ, ჟვანია-ბურჯანაძის გუნდს

სდებენ ბრალს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, ოპოზიციიდან კი მიხეილ სააკაშვილი ამხელს ხელისუფლებას რუსეთთან წინასაარჩევნო საიდუმლო გარიგებებში. უცხო ქვეყნის აგენტების დასახელებამ პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო კამპანიაში წანყვანი როლი შეიძინა. უშიშროების მინისტრს კი ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება იმ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც მას სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა, ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ გასულ კვირაში გადასცა. შეგახსენებთ, ამ მასალის საფუძველზე სარიშვილმა-ჭანტურიამ ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატები" რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. სარიშვილი-ჭანტურია 13 ოქტომბერს ახალი ბრალდებით გამოვიდა.

სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ახალი ბრალდება ძველი ბრალდების გაგრძელებას წარმოადგენს. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას საიდუმლო მონაცემებით, 15 ოქტომბრიდან თბილისში ფსევდო- სახალხო მოძრაობა დაიწყება, დაახლოვებით ისეთი ვითარების შესაქმნელად, როგორსაც 2001 წლის ნოემბერში ჰქონდა ადგილი და მასში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები მოგვიანებით, მეორე ან მესამე დღეს გამოჩნდებიან.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] "დაამშვიდებენ ხალხს, მოუწოდებენ მათ სიმშვიდისკენ, შეპირდებიან გამარჯვებას, სავარუდოდ, ისევე დაშლიან, როგორც დაშალეს გიორგაძის მხარდამჭერების აქცია, ოღონდ, იმ პირობით, რომ თუ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ეს არჩევნების გაყალებების ბრალი იქნება. ასეთ შემთხვევაში დაიგეგმება პერმანენტული აქციები. ეს ყველაფერი ფინანსდება უცხო ქვეყნის სამსახურებიდან".

მაინც რომელი პოლიტიკური ლიდერები მივლენ ფსევდო-სახალხო აქციაზე, ამას სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი არ აკონკრეტებს, თუმცა გარკვეულ მინიშნებებს ის ისევ "ბურჯანაძე - დემოკრატების" მისამართით აკეთებს. 13 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ითქვა 15 ოქტომბერს ასაგორებელ ფსევდო-სახალხო მოძრაობაზე, სარიშვილმა-ჭანტურიამ მოუწოდა უშიშროების მინისტრს უსწრაფეს ვადებში გამოიძიოს მასალები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ნინო ბურჯანაძეს და ზურაბ ჟვანიას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს.

ანალოგიური მოწოდებით ვალერი ხაბურზანიას რამდენიმე დღის წინ ნინო ბურჯანაძემ მიმართა. მან უშიშროების სამინისტროში არსებული მასალის გამოქვეყნება და მასზე დასკვნის წრმოდგენა სამი დღის ვადაში მოითხოვა. ვადა გასულ შაბათს ამოიწურა. უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს უფრომა ნიკა ლალიაშვილმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ ბურჯანაძის და ჟვანიას "მაკომპრომეტირებელი" მასალები უშიშროების სამინისტროს ვებ-გვერდზე შესაძლოა 14 ოტომბერს განთავსდეს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს მასალა უშიშროების მინისტრს პირადად ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ გადასცა. ის ირწმუნება, რომ უშიშროების მინისტრისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი დადასტურება იმისა, რომ ბლოკის "ბურჯანაძე - დემოკრატების" საარჩევნო კამპანია რუსეთის სპეცსამსახურის მიერ იმართება და ფინანსდება. თუ ბრალდება არ დადასტურდება, სახელისუფლებო ბლოკის სპიკერს საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება მოუწევს. მის მიერ "ბურჯანაძე - დემოკრატების" წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე პრეზიდენტი პასუხისმგებლობას არ იზიარებს. ამ კამპანიის აგორებაში მის დადანაშაულებას შევარდნაძე ორშაბათს გამოეხმაურა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "გულისტკივილს გამოვთქვამ ყოვლად გაუგებარი განცხადებების გამო, თითქოს პრეზიდენტი ვინმეს ავალებს გამოთქვას ბრალდებები პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. არ მინდა ეხლა ის სიტყვა ვიხმარო, რომელიც ენაზე მომადგა".

ხელისუფლების პირველი პირის ასეთმა რეაქციამ მეორე პირს გაუღრმავა ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას უშუალოდ პრეზიდენტი მართავს. რუსეთის აგენტობის თემაზე დაპირისპირება ღრმავდება და ის სხვადასხვა მიმართულებებს იძენს. მიხეილ სააკაშვილის ბრალდებით, ხელისუფლებამ რუსეთის ტერიტორიიდან 150000 ხმის მობილიზება დაგეგმა, რის სანაცვლოდაც რუსეთს ენერგეტიკის სადისტრიბუციო კომპანიის გადაცემას დაჰპირდა.
XS
SM
MD
LG