Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ძალადობის გავლენა ამომრჩეველზე


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკაში ძალადობაზე წერისა და გმობის მიუხედავად, საერთო სურათი არ იცვლება: არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძალადობა გამოხატვის ახალ-ახალ ფორმებს პოულობს. ასე, მაგალითად, კვირას,

ზუგდიდში დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის, თენგიზ ჯგუშიას წარდგენას მისი ავტომატიანი მომხრეების ქუჩაში გამოსვლა ახლდა. მანამდე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა მოძრაობა "კმარას" წევრები. ყველაზე მკაფიო მაგალითად კი ბოლნისის გახმაურებული ინციდენტი რჩება, როცა ერთმანეთს ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ. როგორ მოქმედებს პოლიტიკური ძალადობის ფაქტები ამომრჩეველზე?

წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერს, რასაც პოლიტიკური ძალები აკეთებენ, საარჩევნო კამპანიასა და რეიტინგების ზრდისაკენ მიმართულ ნაბიჯებს უკავშირებენ. ეს დაკავშირება ზოგჯერ პრიმიტიული და ხელოვნური ჩანს, თუ გავიხსენებთ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ვიღაცის პოპულარობის ზრდას, არამედ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. აბსოლუტურად არ არის საინტერესო, როგორ იმოქმედა მონარქისტული პარტიის რეიტინგზე ლეიბორისტულ პარტიასთან შეტაკებამ, ტრაგიკულია ის, რომ იმ შეტაკების მსხვერპლი, შესაძლოა, სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს.

და მაინც, როგორ მოქმედებს საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტები პოლიტიკაში? ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ასეთ დროს თავად აგრესია ხდება ლეგიტიმური:

[საყვარელიძის ხმა] "თუკი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი იქცევა აგრესიულად - ხელისუფლების ნათქვამი ხომ კანონია - თავად აგრესია იძენს კანონის სახეს. არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი შედეგიც - ესეც ანგრევს ქვეყანას: ჩნდება აგრესია არა მხოლოდ პიროვნებების, არამედ ინსტიტუტების მიმართ, რომელთაც ეს პიროვნებები განასახიერებენ. ჩვენ უახლოეს ხანში ვნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ექნება ლოიალური დამოკიდებულება არც ერთი ინსტიტუტის მიმართ".

რა შეიძლება ითქვას არა უახლოესი ხანის, არამედ უმოკლესი დროის შესახებ? ანუ, როგორ აისახება ძალადობა არა მოქალაქეთა, არამედ ამომრჩეველთა განწყობაზე? იმატებს თანაგრძნობა ძალადობის მსხვერპლის მიმართ, პირიქით, ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოძალადესთან, თუ მოქალაქეები სულაც გაუცხოვდებიან პოლიტიკური პროცესისაგან?

[საყვარელიძის ხმა] "ელექტორატის ჭრილში სამივე ტიპის ჯგუფი უფრო მკვეთრად გამოიყოფა: ერთი პოლუსი იძენს მხარდამჭერებს, მხარდამჭერებს იძენს მეორე პოლუსიც და შუალედური ბირთვი გაუცხოებული რჩება პოლიტიკური პროცესის მიმართ. ამიტომაც არის, რომ კვლევების დროს პასუხებში ჭარბად ფიგურირებს "არც ერთი", "არავინ".

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ბოლნისის ინციდენტის შემდეგ ორივე მხარეს რეიტინგი გაეზარდა. თუმცა, საპირისპირო შეფასებას იძლევა სოციოლოგიური კვლევის სამსახურის, "BCG Research"-ის ხელმძღვანელი ანა უჩანეიშვილი. ამ სამსახურმა ბოლნისის ინციდენტს ცალკე გამოკითხვა მიუძღვნა. ახლა მიმდინარეობს კვლევა "კმარას" წევრთა დაკავების შესაფასებლად. ბოლნისის შეხლა-შემოხლაში დამნაშავეები გამოკითხულებმა ამ თანმიმდევრობით დაასახელეს: ლევან მამალაძე, პოლიცია, შევარდნაძე, რაიონის გამგებელი ჯაფარიძე და, ბოლოს, სააკაშვილი. რაც შეეხება ინციდენტის შედეგად სააკაშვილის ან ხელისუფლების ბლოკის რეიტინგის ცვლილებას, ანა უჩანეიშვილი ამბობს:

[უჩანეიშვილის ხმა] "სააკაშვილის რეიტინგი იზრდება ზოგადად, ანუ არის ზრდის დინამიკა. იმ კვირაში, როცა ბოლნისის ინციდენტი მოხდა, განსაკუთრებული ზრდა არ დაფიქსირებულა. დაჩაგრულის პოზიცია აქვს, მაგრამ ამან არ გამოიწვია მისი რეიტინგის გაზრდა. აი, სამთავრობო ბლოკის რეიტინგი ზოგადად არის ძალიან დაბალი - 3%. რამდენად შეიძლება ამან კიდევ ქვემოთ დაიწიოს? რამდენადაც რეიტინგი დაბალია, არ არსებობს კლების რესურსი. ისე ვერ დაიკლებს, რომ დაინახო".
XS
SM
MD
LG