Accessibility links

logo-print

შესაძლებელია თუ არა, რომ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები გაყალბების წყაროდ იქცეს


არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე სულ უფრო მძაფრდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა შიში ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო. ისინი კენჭისყრის შედეგების

ფალსიფიცირების საშიშროებას ხან ამომრჩეველთა არასწორ სიებში ხედავენ, ხან არამრკირებულ საარჩევნო უბნებში და ხანაც საქართველოს ტერიტორიიდან შორეულ საზღვარგარეთში. 13 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთიდან 150 000 ხმა საკუთარი საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ მიიღოს. თუ აქამდე ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში მხოლოდ პრეზიდენტ შევარდნაძის ორიენტაციის შეცვლით ხსნიდა, ახლა უკვე დასახელდა ის, რასაც ხელისუფლება ენერგეტიკის რუსეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ მიიღებს.

კერძოდ კი, საარჩევნო ბლოკის - ,,სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთში გახსნილი საარჩევნო ოლქებიდან 150 ათასი გაყალბებული ხმის მიღების სანაცვლოდ რუსეთს საქართველოს ენერგეტიკის სადისტრიბუციო კომპანიის გადაცემას ჰპირდება.

სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნულზე ყველაზე მეტად ის ფაქტი მიუთითებს, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნები რუსეთის ისეთ ქალაქებში იხსნება, სადაც ქართველები ან საერთოდ არ არიან, ან საკმაოდ მცირე რაოდენობით ცხოვრობენ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთიდან და საქართველოს ტერიტორიიდან - ბათუმიდან თბილისში საარჩევნო კომისიაში გაყალბებული ბიულეტინების ჩამოტანას და ამ ბილეტენების დაკანონებას. ჩვენ ყველა გადამჭრელ ღონისძიებებს მივიღებთ იმისათვის, რომ რუსეთიდან ვერცერთი ხმა მთავრობამ ვერ ჩამოიტანოს. ხოლო აჭარაში თუ არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, ასევე ვერცერთი ხმის დაკანონება ასლან აბაშიძემ ვერ მოახერხოს".

საინფორმაციო სააგენტო "პარაიმ ნიუსი" ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ფედერაციაში უკვე გახსნილია 31 საარჩევნო უბანი, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში 16 საარჩევნო უბანი, ქალაქ სოჭში - 4, სანქტ-პეტერბურგში - 3, ქალაქ ყაზანში - 2 და ასე შემდეგ. ცნობისათვის: წინა საპარლამენტო არცევნებზე რუსეთში მხოლოდ 3 საარჩევნო უბანი მოქმედებდა.

სააკაშვილის შეშფოთებას არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი. მან ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში კომისიის საორგანიზაციო განყოფილების ინფორმაციის საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ჯერ არ გაუხსნიათ.

[ნანა დევდარიანის ხმა] "ჯერჯერობით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ იცის ზუსტი რაოდენობა, აღრიცხვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. და ამ ზუსტი ციფრის დასახელება არავის არ შეუძლია, არცერთ პარტიას. ჯერჯერობით რამდენიმე გადაწყვეტილებაა მიღებული, მაგრამ საბოლოო ვერსია ეს არ არის. ციფრი დასახელებულია, რა განაცხადიც იქნა შემოტანილი, მაგრამ ამას კიდევ დრო გვაჩვენებს მოვლენები როგორ განვითარდება".

კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ, საკონსულოების ინფორმაციის საფუძველზე, უბანი იქმნება იმ ქალაქში, სადაც 50-ზე მეტი ქართული ეროვნების მოქალაქეა რეგისტრირებული. საარჩევნო კოდექსისვე თანახმად, გამარტივებულია რეგისტრაციაც და ის უფასოდ ხორციელდება. შეიძლება, სწორედ ამიტომაც იმატა რუსეთში თუ სხვა ქვეყნებში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიღების მსურველთა რაოდენობამ.
XS
SM
MD
LG