Accessibility links

logo-print

ქურთული კულტურის ცენტრის დირექტორი მოქალაქეობაზე უარის თქმით იმუქრება


ქურთული კულტურის ცენტრის დირექტორი, კახა კალაშოვი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით იმუქრება. კალაშოვის მტკიცებით, პოლიცია და უშიშროების სამინისტრო მას,

როგორც ადგილობრივ ქურთთა ლიდერს იმის შემდეგ ავიწროებს, რაც აბდულა ოჯალანის დაკავებასთან დაკავშირებული პროტესტი თურქეთის დროშის საჯარო დაწვით გამოხატა. კახა კალაშოვის თქმით, მისი მოთმინების ფიალა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა აავსეს, როცა 11 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით შეათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მე დავინტერესდი იმით, თუ რას ერჩიან ქურთული კულტურის სათვისტომოს ლიდერს.

როგორც კახა კალაშოვი ამბობს, 11 ოქტომბერს იგი გამოექომა მისივე სიმამრის მეზობლად მცხოვრებ ორ - 11 და 14 წლის მოზარდს, რომლებიც თემქის დასახლების მე-3 მიკრორაიონში პოლიციელებმა საეჭვო ვითარებაში აიყვანეს. კალაშოვი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სტუმრობას ასე იხსენებს:

[კახა კალაშოვის ხმა] "პოლიციის თანამშრომლები გაღიზიანდნენ, ვინ გკითხავს შენაო და ხელი მტაცეს და უხეშად რომ ვთქვათ, შემათრიეს და სადღაც 10-12 სულის შემადგენლობით დამესიენ და მცემეს".

კახა კალაშოვს ვიზუალურად ძალადობის ნიშნები არ ემჩნევა. ჩემთან საუბარში იგი აცხადებს, რომ უსახსრობის გამო არც ექსპერტიზისათვის მიუმართავს. სამაგიეროდ იგი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს:

[კახა კალაშოვის ხმა] "თუ ბატონი კობა არ გასცემს ბრძანებულებას, რომ, აი, ის ყაჩაღები, ის ბანდიტები, რომლებიც არიან გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-6 განყოფილებაში, მაშინ მე, ჩემი მხარდამჭერებით იძულებული ვხდები მივმართო უკიდურეს ზომებს, ასევე ამოვიღო პირადობის მოწმობა ჩემი ჯიბიდან და უარი ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ამას მიემატება ის, რომ მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი ნებისმიერი სხვა ქვეყნისაგან სადაც ნამდვილი დემოკრატია და თავისუფლება არსებობს".

კალაშოვი მოძალადე პოლიციელებიდან მხოლოდ ერთს - გვარად შერმადინს იხსენებს, თუმცა რატომღაც საჩივრით არც პროკურატურას მიმართავს. ქურთული კულტურის ცენტრის დირექტორი მომხდარს განყენებულ ფაქტად არ აღიქვამს და აცხადებს:

[კახა კალაშოვის ხმა] "2002 წელს, 8 ოქტომბერს საჯაროდ დავწვი თურქეთის რესპუბლიკის დროშა და იმ დროიდან ჩემზე მიდის დევნა, თვალთვალი, როგორც უშიშროების სპეცსამსახურების, ასევე პოლიციის მხრიდან, რომელიც პოლიციურ რეჟიმს ახორციელებს ჩემს მიმართ".

ბუნებრივია, შევეცადე შემემოწმებინა ჩემი რესპოდენტის მონათხრობი. იმის გამო, რომ ცხრა თვის შედეგებს გაფართოებულ სხდომაზე გვიან ღამემდე აჯამებდნენ, ვერც გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის, თემურ ანჯაფარიძისაგან და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან განმარტების მიღება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა ჩემთან საუბარში განაცხადა:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "ჩვენ არავითარ შემთხვევაში არავის არ მივცემთ უფლებას ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისა საქართველოში. საკმაოდ სერიოზული რეაქცია ჰქონდა ამას თურქეთის მხრიდან, მივიღეთ შესაბამისი ნოტა თურქეთის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იგი დაბარებული იყო უშიშროების სამინისტროში, მან ახსნა-განმარტებაც კი მისცა ჩვენს თანამშრომლებს. მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმასთან დაკავშირებით, რაც გააკეთა. ამდენად ჩემთვის სრულად გაუგებარია ახლა რა რეპრესიებზე შეიძლება იყოს საუბარი".
XS
SM
MD
LG