Accessibility links

logo-print

რითია განპირობებული პუტინის ფლირტი სომხურ დიასპორასთან?


რუსეთი, რომლისთვისაც სომხეთი სამხრეთი კავკასიის სატრატეგიული პარტნიორია, აქტიურად განაგრძობს სომხეთთან თანამშრომლობას ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში. და მაინც,

რუსი ანალიტიკოსები გაკვირვებულნი დარჩნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოჩენით სომხური დიასპორის დამფუძნებელ კონგრესზე, რომელიც გასულ კვირას მოსკოვში გაიმართა. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა სოფია ლამბროსკინიმ, რომლის მიერ მომზადებულ მასალას
ახლა გაგაცნობთ.

ყველა ამჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საზოგადოების წინაშე გამოსვლის ახალი სტილი შეიმუშავა. იგი სხვადასხვა ღონისძიებაზე მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე და იმპროვიზირებულად წარმოთქვამს სიტყვას. მაგრამ გასულ კვირას პუტინმა სახტად დატოვა მიმომხილველები, როდესაც რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორის მონაწილეობით მოწყობილ კონგრესს დაესწო.

ახალი ორგანიზაციის მისასალმებელ სიტყვაში კი ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ "სომხური დიასპორის წვლილი რუსეთ-სომხეთის ბიზნეს-პარტნიორობის პარალელურად გაიზრდება და გაფართოვდებაო".

კარნეგის ფონდის სტრატეგიული ანალიტიკოსის დიმიტრი ტრენინის თქმით, პუტინის გამოსვლა ლოგიკური გაგრძელებაა იმ კავშირურთიერთობისა, რაც სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება.

[დიმიტრი ტრენინის ხმა] "ვითარება სამხრეთ კავკასიაში ხასიათდება მზარდი არასტაბილურობით საქართველოში და, პოტენციურად, აზერბაიჯანშიც. ამ ფონზე, სტაბილურობა სომხეთში, კარგი პოლიტიკური ურთიერთობით მოსკოვთან და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის ფაქტით - სომხეთს უფრო ფასს მატებს რუსეთის თვალში".

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. მცირე ხნის წინ, ერევანმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს სომხეთის 100 მილიონი დოლარის სახელმწიფო ვალის გაქვითვის თავისებურ გრაფიკს, რაც სომხეთის მოძრავი ქონების რუსული კომპანიების საკუთრებაში გადასვლით ხდება. ასე, მაგალითად, ცნობილი რუსული კომპანია "რაო-ე-ესი" სომხეთში განლაგებული ელექტროენერგიის საწარმოების 50-პროცენტიან წილს ფლობს. იგივე კომპანია ფინანსური მენეჯერია მეწამორის ატომური ელექტროსადგურისა, რომელიც სომხეთის ენერგიის მთავარი წყაროა. "გაზპრომი" და "იტერა", თავის მხრივ, სომხეთის გაზის სადისტრიბუციო კომპანიების მთავრი აქციონერები არიან.


მაგრამ ფინანსური ინტერესის გარდა, ვლადიმერ პუტინი გავლენიანი სომხური დიასპორის ტრიბუნაზე, შესაძლოა, პოლიტიკურმა ინტერესმაც აიყვანა. სომხური სათვისტომო რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია და იგი 2,5 მილიონს აღწევს. როგორც რუსი ექსპერტი ვლადიმერ პრიბილოვსკი აღნიშნავს, პუტინი ცდილობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერა მოიპოვოს.

[ვლადიმირ პრიბილოვსკის ხმა] "სწორედ სომხურ და ებრაულ თემებს გააჩნიათ ყველაზე მძლავრი ლობისტური შესაძლებლობები რუსეთში. ისინი მართლა კარგად არიან ორგანიზებულნი და სხვა ეთნიკურ საზოგადოებებთან შედარებით მეტი შესაძლებლობები მოეპოვებათ. სწორედ ამიტომ ეთამაშება მათ პუტინი."

თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს დაინტრესება სცილდებოდეს მხოლოდ რუსეთის ფარგლებს. როგორც სომეხი ჟურნალისტი შუშანა პეტროსიანი აღნიშნავს, რუსეთში მცხოვრები სომხური დიასპორის გულის მოგებით პუტინი, შესაძლოა, უფრო შორსმიმავალ მიზანსაც ისახავდეს.

[შუშანა პეტროსიანი ხმა ] "გარკვეული თვალსაზრისით გამორიცხული არ არის, რომ რუსეთს, არა აბრამიანისა და მის მიერ შექმნილი სტრუქტურის მეშვეობით სომხურ ლობისტურ ორგანიზაციებთან კავშირზე გასვლა სურდეს. თქვენთვის რომ უფრო ნათელი იყოს, ავღნიშნავ, რომ სომხური ლობი თავისი შესაძლებლობებით, გავლენით და რესურსებით ებრაული ლობის შემდეგ მეორე ადგილზე დგას შეერთებულ შტატებში".

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: რუსეთის პრეზიდენტი შარშან სასწრაფოდ გამოეხმაურა კრასნოდარის მხარეში მცხოვრები სომხური თემის საჩივარს, თითქოს მხარის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. როგორც გაზეთი "იზვესტია" იუწყება, პუტინმა კრემლში განმარტებისთვის დაიბარა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი ტკაჩიოვი და დატუქსა, რის გამოც სომეხი ლიდერების გული კიდევ ერთხელ მოიგო.

რაც შეეხება თავად არა აბრამიანს, რომელიც გასულ კვირაში მოსკოვში ჩატარებული სომეხთა მსოფლიოკონგრესის მთავარი ორგანიზატორი იყო. აბრამიანის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ თავის დროზე, სამხედრო სამრეწველო კომპლექსში მუშაობდა, მილიონები კი ბრილიანტის ბიზნესით დააგროვა და საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს კრემლის ბინადრებთან. იუნესკოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაცაიში კი არა აბრამიანი იუნესკოს კეთილი ნების ელჩადაც არის მოხსენებული.
XS
SM
MD
LG