Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" გლობალური მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს ირანელი ვექილის, შირინ ებადისათვის მიმდინარე წლის ნობელის სამშვიდობო პრემიის მინიჭებას.

ებადი ერთ-ერთი პირველი მოსამართლე ქალი იყო ირანში და ღირსეულად უძღვებოდა თავის საქმეს, ვიდრე აიათოლა ხომეინი აუკრძალავდა ირანში ქალებს სასამართლო პრაქტიკას. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"მთელი თავისი თვალსაჩინო კარიერის მანძილზე შირინ ებადი ერთგული რჩებოდა პრინციპისა, რომ ისლამი სავსებით ეთანადება კანონის უზენაესობას, და განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და თავისუფლად მოაზროვნეთა უფლებებს. ამდენად, ებადის დაჯილდოება ნობელის პრემიით სტიმულს მისცემს ისლამურ სამყაროში მილიონობით ადამიანს, ვინც შირინ ებადის პრინციპებს იზიარებს. ებადი გმობდა რეპრესიებს, შაჰის მმართველობის დროს რომ ხდებოდა ირანში, იცავდა კონსერვატორი მოლების მიერ დევნილ თანამემამულეებს და განაგრძობდა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვას მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში რეფორმისტი ლიდერები მოვიდნენ პრეზიდენტ მოჰამად ხათამის თაოსნობით. ირანელი რეფორმისტები გაამხნევა ნობელის კომიტეტის არჩევანმა. ებადის მთელი ძალისხმევა ქალებისა და ბავშვების უფლებათა დაცვისკენაა მიმართული. ქვეყანაში, სადაც არასრულწლოვან მოზარდებს იძულებითი ქორწინება, და ათასნაირი შეურაცყოფა მოელით თავად მათივე ოჯახის წევრების, აგრეთვე პოლიციისა და ციხის მცველთა მხრიდან, შირინ ებადის მიერ დაარსებული "ბავშვთა უფლებების დამცველი ასოციაცია", ფაქტობრივად, ირანის მომავლისთვის იბრძვის".

როგორც გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" აღნიშნავს, შირინ ებადი გაბედულად და დაუღალავად იბრძვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მის მშობლიურ ირანში, რისთვისაც ციხეში უკრეს თავი, სცემეს, სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, და სრულ იზოლაციაშიც მოაქციეს, მაგრამ ვერ გააჩუმეს. გაზეთი განაგრძობს:

"და ებადი არ ყოფილა ამ ბრძოლაში მარტო. მრავალმა ირანელმა, მამაკაცმა და ქალმა, საკუთარი აზრის გამოთქმისთვის ის ხვედრი გაიზიარა, კომუნისტური რეჟიმის პირობებში რომ ხვდა წილად იმ ადამიანებს, ვინც ყალბ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ სისტემას დაუპირისპირდა მეოცე საუკუნეში. და მრავალ სახელმწიფოში ეს ბრძოლა გრძელდება. კუბაში, ნობელის პრემიის კანდიდატად დასახელებული ოსვალდო პაია, შირინ ებადის მსგავსად, რეფორმებისთვის იბრძვის თავის ქვეყანაში. შეაჩერა რა თავისი არჩევანი 56-წლის ებადიზე, ნობელის კომიტეტმა ამით მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დემოკრატიზაციის პროცესს არა მარტო ირანში, არამედ მსოფლიოს სხვა ბნელ კუთხეებშიც."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი პარალელს ავლებს ბირმაში პროდემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ანგ სან სუჩის არაძალისმიერ ბრძოლასა და ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ გასულ საუკუნეში დაწყებულ ბრძოლას შორის, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თავად ჰაველი იყო. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი წერს:

"ბირმის მმართველმა სამხედრო ხუნტამ არ დათმო ძალაუფლება მას შემდეგ, რაც 1990 წლის არჩევნებში ანგ სან სუჩის დემოკრატიის ეროვნული ლიგა გამოვიდა გამარჯვებული. და იმ წლიდან მოყოლებული, ანგ სან სუჩიმ არაერთი წელი დაჰყო შინაპატიმრობაში, ხოლო გასულ მაისს, იგი, თავის მრავალ მომხრესთან ერთად სცემეს და დააპატიმრეს. ბევრია თავისუფალ სამყაროში პოლიტიკოსი, ვინც რეპრესიულ რეჟიმებთან პრაგმატულ თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას. კომუნიზმის დროს, ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში საბჭოთა ტანკების წყალობით მოსული მკვლელების გულის მოგება სცადა, ნაცვლად იმისა -კონტაქტები დაემყარებინა დისიდენტებთან. ბირმის სამხედრო ხუნტა აზიის სირცხვილია, ზუსტად ისევე, როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი ბელორუსიაში, ევროპის სირცხვილი, ხოლო ფიდელ კასტროს რეჟიმი კუბაში - ლათინური ამერიკის სირცხვილია. ანგ სან სუჩის ათასობით თანამემამულე უჭერს მხარს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბირმელი ხალხი არ დათრგუნულა და იმედით შეჰყურებს მომავალს. დაპატიმრებებითა და რეპრესიებით შეუძლებელია სულიერად შეცვალო ერი. ისტორიამ არაერთგზის შეგვახსენა, რომ ძალზედ ხშირად, ერთობ მოულოდნელია ტოტალიტარული რეჟიმის დასასრული."
XS
SM
MD
LG