Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ძველი" და "ახალი" ევროპა ბიუჯეტზე ვაჭრობას იწყებენ


წავიდა ის დრო, როცა ცენტრალური და აღმოსავლეთი

ევროპის ქვეყნების საბჭოთა ტირანიისგან დახსნა და ევროპის დანარჩენ ნაწილთან გაერთიანება ყველაფერთან ერთად ძალიან სენტიმენტალური პროცესი იყო. ერთი წელიწადიც აღარ დარჩა იმ მომენტამდე, როცა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 8 ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდება. ვითარება იმდენად შეიცვალა, რომ ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნები ევროკავშირში შესვლამდე კონკრეტული პრეტენზიებით გამოდიან, ახლავე ითხოვენ და ზრუნავენ იმაზე, რომ მომავალ ევროკავშირში ძველი წევრების თანაბარი უფლებები ჰქონდეთ. კანდიდატების ამ პრაგმატულ მიდგომას ევროკავშირის მომავალ კონსტიტუციაზე მსჯელობაც ადასტურებს. რა გასაკვირია, რომ პრაგმატიზმი კიდევ უფრო არსებით როლს თამაშობს, როცა საქმე ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტს ეხება.

თანაბრობა თანაბრობად, მაგრამ ის, ვინც მეტს იხდის, მეტ უფლებასაც ითხოვს, თუ უფლებას არა - ანგარიშის გაწევას მაინც. ვგულისხმობ ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ბიუჯეტის მთავარი დამფინანსებლები არიან. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირის მომავალ კონსტიტუციაზე მიმდინარე დისკუსია პირდაპირ დაუკავშირდეს ევროკავშირის 2007-13 წლების ბიუჯეტის შედგენას. ახალი წევრი ქვეყნები ევროკავშირის ბიუჯეტის ძირითად მხარჯველებად იქცევიან. 2007 წლამდე ბლოკის ახალი წევრების ხარჯების დაფარვა გაწევრიანების ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდება და, ბუნებრივია, ეს ხარჯები თავის დროზე ჩაიდო ამჟამად მოქმედ ბიუჯეტში.

როგორ უნდა განაწილდეს ევროკავშირის დაახლოებით - 120 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტი 25 ქვეყანას შორის? ამ საკითხზე უნდა შეთანხმდეს კავშირის ყველა წევრი და ამაშია მთავარი სირთულე. ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება და მის ერთგვარ დასაწყისს წარმოადგენს ევროკომისიის ანგარიში, რომელიც მომავალ თვეში გამოქვეყნდება და წარმოაჩენს მომავალი ბიუჯეტის ხარჯვის ძირითად მიმართულებებს. ევროკომისიის წევრის მიშელ შრაიერის წარმომადგენელი ელიზაბეთ ვერნერი ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების გამოქვეყნების შემდეგომ პროცესს ასე აღწერს:

[ვერნერის ხმა]
"ამის შემდეგ ჩვენ დავუცდით რეაქციას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და წევრი ქვეყნებისგან. მომავალი წლის მანძილზე კი ჩვენ გამოვალთ საკანონმდებლო წინადადებებით, ციფრებისა და დეტალების თანხლებით. რაც შეეხება მთელს ბიუჯეტზე გადაწყვეტილების მიღებას, იმედი გვაქვს, ეს 2005 წელს მოხდება".

ბუნებრივია, ევროკავშირის ბიუჯეტის უდიდეს პუნქტად სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკა დარჩება. ამ სფეროს მთლიანი ბიუჯეტის 40 პროცენტზე მეტი - 53 მილიარდი ევრო ხმარდება. სოფლის მეურნეობაში გასაწევი ხარჯების განისაზღვრება უკვე დადგენილი ფორმულით, რომელიც არავითარ ცვლილებას არ ექვემდებარება. ევროკავშირის ახალი წევრები 2007 წლის მანძილზე მიიღებენ მთლიანი თანხის 20 პროცენტს, შემდეგ წელს კიდევ 10 პროცენტს და 2013 წლისთვის მიღებული ექნებათ მთლიანი ფინანსური დამხარება. ბრიუსელში არსებული ევროპის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ექსპერტი ანდრეას შნაიდერი განმარტავს თუ რის მიხედვით მიიღებენ ახალი წევრი ქვეყნები დახმარებას სოფლის მეურნეობის სფეროში. თანხის რაოდენობა - არც მეტი არც ნაკლები - ქვეყანაში ფერმებისა და თითოეულ ფერმაში საქონლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ანდრეას შნაიდერს მოვუსმინოთ:

[შნაიდერის ხმა]
"კანდიდატი ქვეყნები ვალდებული არიან აღნუსხონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და მთელი საქონელი წლევანდელი წლიდან და მომავალი წლების მანძილზე. ისინი მიიღებენ პირდაპირ გადახდებს. ახალი წევრები ვერ შეძლებენ თავიანთი მონაცემებით მანიპულირებას. თუკი გყავს 100 ძროხა, ბიუჯეტიდან მიიღებ ასი ძროხისთვის განკუთვნილ თანხას".

მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტში იქნება რეგიონული და სტრუქტურული დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტის ხარჯების ერთ მესამედზე მეტს წაიღებს.

რეგიონული დაფინანსების საკითხს დიდი განსჯა დასჭირდება. დღესდღეობით ამ პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების სამი მეოთხედი მიდის იმ წევრ ქვეყნებში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 75 პროცენტზე დაბალია.რეგიონული დაფინანსების ყველაზე დიდი მიმღებები არიან ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი. მომავალში, ანუ 2007 წლიდან ეს ქვეყნები თითქმის მთელ დახმარებას დაკარგავენ, რადგან უდიდესი ნაწილი ახალ წევრ ქვეყნებში წავა. ეს ძალიან ძნელად გადასატანი იქნება ევროკავშირის ახლანდელი წევრებისთვის. მათი ზარალის საკომპენსაციოდ წარმოიშვა იდეა შეიქმნას დახმარების ფონდი საშუალო შემოსავლის მქონე რეგიონებისთვის და პირობითად დაერქვას "კონკურენციის მხარდაჭერის ფონდი". სწორედ აქედან გახდება შესაძლებელი ე.წ. "ძველი" ევროკავშირის ნაწილში შედარებით ჩამორჩენილი რეგიონების დახმარება.

ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის შედგენის პროცესი მართლაც რთული იქნება და ამას წარსულის გამოცდილებაც ადასტურებს. მოდით, ისევ ევროკომისრის წარმომადგენელს მოვუსმინოთ:

[ვერნერის ხმა]
"მოსალოდნელია რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებები. წინამორბედ ბიუჯეტზე მუშაობიდან ვიცით, რომ ჯობს უთანხმოებამ თავი იჩინოს რაც შეიძლება ადრე, რადგან წარსულში ძალიან გაგვიჭირდა დადგენილ ვადებში სტრუქტურული ფონდების პროგრამის შედგენა. ჩვენ დიდი დრო გვჭირდება მოსამზადებლად".
ევროკავშირის ახლანდელი ბიუჯეტი მის ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე შევიდა ძალაში. ვითარების გამართულებელი ფაქტორები კი ახლა მეტია და მთავარი ისევ და ისევ გაფართოებაა.

იკვეთება საინტერესო პოზიცია, რაზეც დასაწყისშიც მოგახსენეთ: ზოგიერთი სახელმწიფოს, კერძოდ - საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების სურვილი ევროკავშირის მომავალ კონსტიტუციაზე ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევა და მომავალი ბიუჯეტის ხარჯების განაწილება ერთმანეთს დაუკავშიროს. გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ყველაზე დიდი დამფინანსებელია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა პირდაპირ განაცხადა: "თუკი კონსტიტუციაზე შეთანხმება ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყებამდე არ მიიღწევა, ვითარება ძალიან გართულდება"-ო.

ევროკომისიის პრეზიდენტი სასტიკად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო და საფინანსო მოლაპარაკებების ერთმანეთთან დაკავშირებას.

ასე რომ, ევროკავშირის ძველი და მომავალი წევრები დღითიდღე სულ უფრო აზარტში შედიან და მათ ურთიერთობაში ანგარიში მთავარ ადგილს იკავებს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG