Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გესაუბრებით წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილის შესახებ,


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გესაუბრებით წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილის შესახებ, კერძოდ კი - იმ წერილებზე, სადაც გაშუქებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებით აშშ-ის დაინტერესების თემა,

აგრეთვე, აფხაზეთის კონფლიქტისა და ენერგოკრიზისის პრობლემები.

აშშ-ის პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით 8 ოქტომბრის "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ "ვაშინგტონი ჯერჯერობით არ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ ვისზე აკეთებს ფსონს პოსტშევარდნაძისეულ პერიოდში". თუმცა,
როგორც გაზეთი შენიშნავს: "... სახელმწიფო კანცელარიიდან გავრცელებული ხმების თანახმად, ორსაათიან დახურულ შეხვედრაზე სენატორმა მაკკეინმა ედუარდ შევარდნაძეს უთხრა, რომ ისტორიაში ადგილი გარანტირებული ექნება, თუმცა მიანიშნა, რომ ეს ადგილი 2 ნოემბრის არჩევნების ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული.

"მე ვერც კი გავბედავ იმის თქმას, თუ რა რეაგირების გაკეთება შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას, თუკი არჩევნები ფალსიფიცირებულად ჩაითვლება", - ეს განცხადება მაკკეინმა უკვე ბრიფინგზე, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, ხაზი გაუსვა რა იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უკანასკნელი შანსია საერთაშორისო იმიჯის შესანარჩუნებლად".

აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკას ეძღვნება 8 ოქტომბრის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" წერილი, რომლის თანახმად, "უახლოეს დღებში ქართული და აფხაზური დელეგაციები გაემგზავრებიან ბალკანეთს, სადაც შეისწავლიან ბოსნიისა და ჰერცეგოვინის და კოსოვოს გამოცდილებას პოლიციის მომზადებაში გაეროს დახმარებით". გაზეთის თქმით, "გადაწყდა, რომ დაპირისპირების ზონაში აგრეთვე ჩავა პოლიციის 20 ინსტრუქტორი გაეროს ხაზით, რომელიც ქართველი პოლიციელებისა და აფხაზი მილიციონრების მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთი ოსეთის კონფლიქტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა "ვრემია ნოვოსტეისთან" ინტერვიუში მიზანშეწონილად ჩათვალა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი კოლექტიური ძალების გამოცდილების გამოყენება გალის რაიონში".

საქართველოს ენერგეტიკის პრობლემებს ეხება 6 ოქტომბრის "ნეზავისიმაია გაზეტას" წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამი წლის წინათ რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა მოითხოვა სპეციალური გამოძიების ჩატარება დაახლოებით 500 მილიონი დოლარის უკვალოდ გაქრობასთან დაკავშირებით. გაზეთი წერს: "საუბარი იყო იმ სახსრებზე, რომლებიც საქართველოს ენერგოსისტემის რეაბილიტაციისთვის 1995 წლიდან გამოიყოფოდა. ხელისუფლებამ დახმარებისთვის ამერიკელ სპეციალისტებს მოუხმო. მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის დაცვა. მთავრობა გამუდმებით იშველიებს ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს. მაგრამ გათვითცნობიერებული მოქალაქეები სხვა მიზეზებს ასახელებენ, კერძოდ, თურქეთისთვის ელექტროენერგიის უკანონო გაყიდვასა და "ნავთის" ბიზნესის ხელშეწყობის მისწრაფებას. უკვე დაახლოებით რვა წელია, რაც ნებისმიერ ბაზრობაზე შეიძლება ირანული წარმოების ნავთქურების ყიდვა, რომლებიც სპონტანურ ბიზნესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ... თვეში ოჯახს ნავთზე მინიმუმ 60 ლარი ეხარჯება, რაც გაცილებით აჭარბებს ელექტროენერგიის საშუალო თვიურ გადასახადს".
XS
SM
MD
LG