Accessibility links

logo-print

უშიშროების საბჭომ ახალი რეზოლუცია უნდა მიიღოს ერაყის საკითხზე


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს ღამით, გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის შესახებ შეერთებული შტატების მიერ მომზადებული ახალი რეზოლუციის პროექტის განხილვა დამთავრდა ისე,






რომ ვაშინგტონმა უარყო საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის რეკომენდაციები - კონკრეტული თარიღი იქნეს დასახელებული - როდის გადასცემს კოალიციური ადმინისტრაცია ერაყში ქვეყნის მართვის სადავეებს ერაყელ ხალხს.


ახალი რეზოლუციის პროექტში მხოლოდ ერთი თარიღია დასახელებული - 15 დეკემბერი, როცა ერაყის მმართველმა საბჭომ უნდა გამოაცხადოს, როდის იქნება მიღებული ერაყის კონსტიტუცია და მოეწყობა ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატების მიერ მომზადებული ახალი რეზოლუციის პროექტი ფართო მხარდაჭერას ჰპოვებს უშიშროების საბჭოში.

მოელიან, რომ ახალი რეზოლუციის პროექტს უშიშროების საბჭოს სულ ცოტა 9 წევრი დაუჭერს მხარს, რაც საკმარისი იქნება მის მისაღებად. სამშაბათს დილით, ვიდრე უშიშროების საბჭოს წევრები ხსენებული პროექტის განხილვას შეუდგებოდნენ, პაკისტანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მუნირ აქრამმა განაცხადა [მუნირ აქრამის ხმა]: "ვიმედოვნებთ, რომ ის კონსულტაციები, რაც თავად საბჭოში და მის გარეთაც გაიმართება, შესაძლებელს გახდის რეზოლუციის პროექტის შემდგომ სრულყოფას, რათა საბჭომ ერთხმად დაუჭიროს მას მხარი".

პაკისტანის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ეს ქვეყანა უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია, პაკისტანს ჯარის გაგზავნა აქვს განზრახული სამშვიდობო მისიით ერაყში. შეერთებული შტატები ხომ ყოველნაირად ცდილობს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ჩართოს ერაყის აღდგენით პროცესში.
შეერთებული შტატების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის თანახმად, ერაყში ამჟამად განთავსებული ჯარი გაეროს ეგიდით შექმნილი მრავალეროვანი ძალების შემადგენლობაში გადავა, მაგრამ კვლავაც ამერიკელ გენერალს დაექვემდებარება.

შეერთებული შტატები და უშიშროების საბჭოს სხვა წევრები იმედოვნებენ, რომ ახალი რეზოლუციის პროექტის ერთსულოვანი მხარდაჭერა, გაეროში, დადებით ზეგავლენას იქონიებს ერაყის დონორი ქვეყნების კონფერენციაზე, რომელიც 23-სა და 24 ოქტომბერს გაიმართება ესპანეთის დედაქალაქში.

მსოფლიო ბანკის, გაეროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოანგარიშებით, ერაყის 14 პრიორიტეტულ რეგიონში 2004-2007 წლების პერიოდში აღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად დაახლოებით 36 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
XS
SM
MD
LG