Accessibility links

logo-print

ახლა გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამას


ახლა გთავაზობთ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამას

"ოქროს საუკუნე", რომელშიც დავასრულებთ საუბარს ქართველ კინორეჟისორზე, "ყველა დროის ფილმად" აღიარებული "მიფრინავენ წეროების" ავტორზე, მიხეილ კალატოზიშვილზე. გაგახსენებთ, რომ ამ დღეებში კალატოზიშვილის ასი წლის იუბილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშავენ.

1970 წელს, გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე მიხეილ კალატოზიშვილმა შეერთებული შტატებიდან მოსკოვში ენდრუ-ლოიდ უებერის როკ-ოპერის, "იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავის" ჩანაწერი ჩამოიტა. კალატოზიშვილების სახლი მოსკოვში ნამდვილ საკონცერტო დარბაზად იქცა. უებერის მუსიკის მოსასმენად მოდიოდნენ უცნობი ადამიანები, პირველ რიგში ახალგაზრდები და კალატოზიშვილი გახარებული უყურებდა მათ გაბრწყინებულ სახეებს.

იგი თავს არასდროს აკუთვნებდა რომელიმე ერთ თაობას - უყვარდა ექსპერიმენტები და სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა. კალატოზიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ექსპერიმენტებში, რომელსაც "ჯიმ შვანთესა" და "მიფრინავენ წეროების" ავტორი კინოში ანხორციელებდა, კარგად გამოჩნდა მისი აზარტული ბუნება. მიხეილ კალატოზიშვილის რძალი, კინორეჟისორისა და ოპერატორის, გიორგი (იგივე ტიტო) კალატოზიშვილის მეუღლე, ჯინა კალატოზიშვილი, ჩვენთან საუბარში იგონებს:

[ჯინა კალატოზიშვილის ხმა]. 10.35 "ტიტო ხომ აზარტული კაცი იყო, უყვარდა კარტი, ნარდი, ხშირად მამას წერდა წერილებს, ვალი მაქვს, გამომიგზავნე... და თვითონ ძალიან უყვარდა თავისუფალ დროს სხვისი მაგნიტოფონების კეთება, უსასყიდლოდ... ძალიან მიკვირდა, და ვკითხე, რატომ აკეთებთ ამას-თქო... მითხრა, ეს ჩემი ჰობია, რა ჯობია, ჰობი კარტი, თუ ჰობი - ამის გაკეთებაო..."

"ჩხირკედელაობა", როგორც ჰობი, მიხეილ კალატოზიშვილის, როგორც კინორეჟისორის ხელწერაშიც წარმოჩინდა. ამ შემთხვევაში "ჩხირკედელაობის ობიექტი" რეჟისორისთვის და მისი ოპერატორისთვის, სერგეი ურუსევსკისთვის - ეკრანული სივრცე და კინოკამერა გახდა. კინოს გაჩენის პირველივე დღიდანვე რეჟისორები თითქმის ვერაფერს უხერხებდნენ ცივ კინოობიექტივს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აფიქსირებდა სინამდვილეს. ერთადერთი ხერხი, რომლითაც კინემატოგრაფისტს შეეძლო მხატვრულად გარდაექმნა რეალობა და კინოგამოსახულება - პოეტურ სახედ ექცია - მონტაჟი იყო. მაგრამ კადრების თვითნებურმა გაერთიანებამ კინოხელოვნება სინამდვილესთან დააშორა. მონტაჟი იქცა იარაღად - ტოტალიტარული კულტურის ხელში - სინამდვილეს ისე აღბეჭდავდნენ, ისე გარდაქმნიდნენ, როგორც სისტემას აწყობდა.

50-იან წლებში საბჭოთა კინემატოგრაფისტებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ორსონ უელსის "მოქალაქე კეინის" შესახებ, ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა არც აკირა კუროსავას "რასემონი"... ის სურათები, რომელშიც კინოენას არა მონტაჟი, არა სიტყვა, არამედ კინოკამერა ქმნის... სურათები, რომელშიც კინოკამერას ისეთივე ფუნქცია ენიჭება, როგორც ფუნჯს ფერმწერის ხელში... ისე, როგორც 1930 წელს გადაღებულ კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთეში’. მაგრამ მოსკოვში არც ეს ფილმი ახსოვდათ, ამიტომაცაა, რომ "მიფრინავენ წეროების" პრემიერის შემდეგ საბჭოთა კავშირში "კინორევოლუციაზე" დაიწყეს ლაპარაკი. ეს სიტყვა კი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას ყოველთვის აშინებდა, ამიტომაცაა, რომ "მიფრინავენ წეროების" პრემიერა კარგა ხნით გადაიდო. ჯინა კალატოზიშვილი იგონებს:

[ჯინა კალატოზიშვილის ხმა]. 1.06.40"ჯერ ერთი სურათს არ უშვებდნენ, მერე გაუშვეს "უდარნიკში"... მერე იძულებულები გახდნენ, რომ კანის კინოფესტივალზე გაეშვათ, მიშა კალატოზოვს კი, გამოაცხადეს, ინფარქტი აქვსო... არავითარი ინფარქტი არ ჰქონია, ამიტომ ჩამოვიდა კანის ფესტივალის თავმჯდომარე და პირადად გადასცა ეს პრიზი..7.50 "მე მაქვს წერილი სარტრის, პიკასოსი, რომლებიც აღფრთოვანებით წერენ მიშას ამ ფილმზე"

ამ ხალხმა მიხეილ კალატოზიშვილს "პოეტი" უწოდა. "პოეტისგან" კი ყველაფერია მოსალოდნელი. ვინ ვინ და საბჭოთა ცენზურამ ეს კარგად იცოდა. შესაძლებელია კალატოზიშვილი კანში იმიტომ არ გაუშვეს, რომ დასავლეთს ფილმის ავტორად არა იმდენად ქართველი რეჟისორი, რამდენადაც რუსი ოპერატორი ეღიარებინა. თუმცა მთავარი მაინც ის იყო, რომ ხელისუფლება არ ენდობოდა რეჟისორს. ცოტა ხანში ეს დადასტურდა კიდეც. "მიფრინავენ წეროების" ტრიუმფს მოჰყვა კალატოზიშვილისა და ურუსევსკის ახალი ფილმის, "გაუგზავნელი წერილის" ჩავარდნა კინოგაქირავებაში და კრიტიკოსთა ქილიკი. წერდნენ, რომ ფილმში არ არის ხასიათები, ადამიანის მაგივრად სილუეტია... ბევრი ჩიოდა, აქ ყველაფერი არარეალურია, რატომ არ არის ციმბირის ტყეში... კოღოებიო, ასწავლიდნენ ფილმის ავტორებს, რომ გვიან შემოდგომაზე ტყეში ხანძარი არ ჩნდება და ა.შ

"ჩვენ ლექსის დაწერა გვინდოდა" - წერდა იმხანად ურუსევსკი და თითქოს კიდევ ერთხელ უმტკიცებდა ფილმის ოპონენტებს, რომ მათ არც ჰქონიათ მიზნად ყოფით-ფსიქოლოგიური დრამის გადაღება... არა და სწორედ ამას მოითხოვდნენ "ოქროს პალმის რტოს" მფლობელებისგან... მოითხოვდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. 1963 წელს მიხეილ კალატოზიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს გადაიღოს ფილმი კუბის რევოლუციაზე. ფილმის სცენარი იმხანად ძალიან პოპულარულმა ევგენი ევტუშენკომ დაწერა. კრემლმა წინააღმდეგობა არ გაუწია კალატოზოვს, პირიქით, გადამღები ჯგუფი უმაღლეს დონეზე მიიღეს. როგორც კუბის, ისე საბჭოთა ხელისუფლებას აწყობდა, ანტიამერიკული ფილმი გადაეღო კანის ფესტივალის მთავარი პრიზის ლაურეატს, რომელსაც სარტრი, პიკასო, ჩაპლინი, ფელინი, კუროსავა საბჭოთა კინოს ლიდერად მიიჩნევდნენ.

1964 წელს ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ჰავანაში "მე-კუბას" საზეიმო პრემიერა შედგა. ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საბჭოთა კავშირშიც და კუბაზეც, ფილმის მეათე წუთზე დატოვეს დარბაზი. მეორე დღეს პრესაში დაიბეჭდა დაკვეთილი სტატიები - კრიტიკოსები ჩიოდნენ, რომ "თავბრუ დაეხვათ" სეანსის დროს, თავი ატკივდათ, თვალი აუჭრელდათ. "მე-კუბა" მაშინათვე თაროზე შემოდეს. ჩვენს კითხვაზე, რა იყო მიხეილ კალატოზიშვილის კუბური ფილმის აკრძალვის ოფიციალური მიზეზი, ქალბატონმა ჯინა კალატოზიშვილმა გვიპასუხა:

[ჯინა კალატოზიშვილის ხმა]. .8.15 "ფორმალიზმი... თორემ პოლიტიკურად მაშინ გამართლებული სურათი იყო, არა? "

არა, არ იყო გამართლებული... პოლიტიკურად გამართლებული რომ ყოფილიყო, "მე -კუბას" დასავლეთის კინოფესტივალებზე მაინც უჩვენებდნენ, ეგრეთ წოდებულ "მესამე კატეგორიას" მიანიჭებდნენ და კინოკლუბებში მაინც გაუშვებდნენ... არაფერი მსგავსი არ მომხდარა. მოსკოვში შეეშინდათ, რომ მაყურებელს კუბის რევოლუციის თემაზე გადაღებული ამ ულამაზესი კინონოველების თაიგულის სურნელი "დაათრობდა", გააბრუებდა, რომ კალატოზიშვილის პოეტური ფილმის სახეები ღრმად აღიბეჭდებოდა პუბლიკის ცნობიერებაში... რა სახეებია ეს? ახალგაზრდები, რომლებიც ტირანიას უპირისპირდებიან, მომიტინგე ხალხი, რომელსაც პოლიცია დაარბევს, "სხვაგვარად მოაზროვნეები", რომელთაც აპატიმრებენ, არალეგალური ლიტერატურის გავრცელება, პროკლამაციები...

[ხმა: "მე - კუბას" მუსიკა]

საინტერესოა, რომ კალატოზიშვილის "მე-კუბა" დასავლეთში პირველად სწორედ ამერიკელმა რეჟისორებმა დააფასეს. მარტინ სკორსეზე, მაგალითად, ამ სურათს საბჭოთა კინოს საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევს... მაგრამ ეს ყველაფერი გვიან მოხდება, კალატოზიშვილის სიკვდილის შემდეგ. მანამდე კი, "მე -კუბას" მარცხი კალატოზიშვილსა და ურუსევსკის ერთმანეთს დააშორებს. ურუსევსკის რეჟისორის ამბიციები გაუჩნდება, მაგრამ კალატოზიშვილის გარეშე საინტერესოს ვერაფერს გააკეთებს. მიხეილ კალატოზიშვილი კი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდება და იტალიელ კინემატოგრაფისტებთან ერთად "წითელ კარავს" გადაიღებს. სწორედ კალატოზიშვილის მსოფლიო ავტორიტეტმა განაპირობა ამ სურათში დასავლეთის ვარსკვლავების, კლაუდია კარდინალეს, შონ კონორის, პიტერ ფინჩის მონაწილეობა. კალატოზიშვილის შემოქმედებაში აქ უკანასკნელად დატრიალდება კამერა, რომლისთვისაც შეზღუდული სივრცე არ არსებობს, რადგან "ჯიმ შვანთესა" და "მიფრინავენ წეროების" რეჟისორი აქ ისევ თავისუფლებას უმღერის ალექსანდრე ზაცეპინის შესანიშნავი მუსიკის ფონზე.

[ხმა: "წითელი კარვის" მუსიკა]
XS
SM
MD
LG