Accessibility links

logo-print

სახელისუფლო ბლოკის ახალი "ჟანრი"


მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მტკიცებისა, სახელისუფლო ბლოკი წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებსო, რესპუბლიკის რეგიონებში ხელისუფლების ვოიაჟები სულ უფრო ხშირი ხდება.

თუმცა ბლოკი "ახალი საქართველო" პრეზიდენტის ამ "მივლინებებს" წინასაარჩევნო კამპანიად არ მიიჩნევს - ედუარდ შევარდნაძე, როგორც ქვეყნის პირველი პირი, მხოლოდ კულტურულ თუ საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მინდა წინასაარჩევნო კამპანიის ამ ახალ "ჟანრზე" გიამბოთ.



[ნანა ფაჩუაშვილის ხმა]: "სამეგრელო... სამეგრელო არის კურთხეული ფარი და მახვილი საქართველოსი."

რატომ არის სამეგრელო "კურთხეული ფარი და მახვილი საქართველოსი"?... ხობის პირველი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის, იმავე "მეგრული სიმღერის ფესტივალის", წამყვანს, მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს, არ დაუკონკრეტებია, რატომ სამეგრელო და არა, მაგალითად, კახეთი... თუმცა მსგავსი ღონისძიება საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში რომ ჩატარებულიყო, პატრიოტულ-ეპიკური სტილის ღონისძიების ავტორები ქვეყნის ამ კუთხისთვისაც მოიგონებდნენ შესაბამის ეპითეტებს... ღვთის წყალობით, სიტყვებს "ფარი" და "მახვილი"... ქართულ ენაში უამრავი სინონიმი აქვს: ხმალი, გორდა, აფთი, ფრანგული... "ფრანგულს" რაც შეეხება... პატრიოტულ-ეპიკურ ღონისძიებებს ხელისუფლება ადვილად ანიჭებს საერთაშორისო მნიშვნელობას - ხან "აბრეშუმის გზაზე" პირველი მანქანის გავლას კონცერტით აღნიშნავს, ხანაც ფოთის პორტის 145-ე წლისთავს ალექსანდრე დიუმას ქანდაკების გახსნას ამთხვევს; ხობში აწყობს მეგრული სიმღერის პირველ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის ჟანრი ასე შეიძლება დავახასიათოთ: "ფორმით ეროვნული, შინაარსით ინტერნაციონალური". წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ ამ სტრატეგიას ხობის სტადიონზე ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვებიც ადასტურებს:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "სამეგრელო ხერხემალია საქართველოსი... მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, სიმღერის ხასიათზე ხართ, ცეკვის. შესანიშნავი სპექტაკლი წარმოადგინეთ.... წუხელ მე დამირეკეს ვაშინგტონიდან და მაცნობეს, - თუკი დაეჯერებათ, მე მგონი, დაეჯერებათ, - რომ ყულევის ნავსადგურის მშენებლობა წლის ბოლოს განახლდება და მომავალი წლისთვის დამთავრდება."

ვაშინგტონს აუცილებლად უნდა დავუჯეროთ... და დავუჯეროთ პრეზიდენტსაც, რომელსაც მეგრული სიმღერების ფესტივალზე, ხობის სტადიონის ლოჟაში, ესტრადის მომღერალი ლელა წურწუმია უმშვენებდა გვერდს. ღვთის წყალობით, ესტრადის ქართველ ვარსკვლავებს შორის არიან კახელებიც, იმერლებიც, რაჭველებიც. 2 ნოემბრამდე პატრიოტულ-ეპიკური ღონისძიებების მოწყობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიძლება. ხელისუფლებას არ გაუჭირდება "ფარის და მახვილის" - იმავე "გორდას", "აფთის", "ფრანგულის" - როლის შესასრულებლად კახელ, იმერელ, რაჭველ ესტრადის ვარსკვლავებს მიაგნოს.
XS
SM
MD
LG