Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მიდიან არჩევნებზე


არჩევნების დღეს საზოგადოება ბუნებრივად იყოფა ორ სეგმენტად: ერთი ნაწილი მიდის არჩევნებზე, მეორე - არ მიდის. არსებობს კანონზომიერება: რაც მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია ამომრჩეველთა

პირველ ნაწილს კონკრეტული პოლიტიკური მომენტი, მით მეტად აღიზიანებს მას მეორე ნაწილის პასიურობა. მეორე ნაწილს კი თავისი არგუმენტები აქვს. წლევანდელ არჩევნებში საზოგადოების ამ სეგმენტის მოტივაცია, არსებითად, ორ პუნქტამდე დადის.

არჩევნებზე წასვლის და რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის ხმის მიცემის მოტივაცია, შესაძლოა, მრავალმხრივი იყოს: მავანისთვის მთავარი არგუმენტი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციაა, მავანისთვის - რწმენა, რომ არჩევნებს ცხოვრების შეცვლა შეუძლია; მავანისთვის არჩევნებზე წასვლა ძველი ჩვევაა, მავანისთვის კი - ახალი მოდა.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა ბუნებრივ პროცესად მიაჩნია, ხშირად იგნორირებას უკეთებს მეორე ნაწილს, რომელიც პროტესტს უცხადებს არჩევნებს; ხოლო თუ ასეთ "პროტესტანტს" პირისპირ შეეჯახა, აგრესიას ამჟღავნებს მის მიმართ. არადა, საყოველთაო პოლიტიზაციის ფონზე, ბოლოხანს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ არჩევნებზე არ წავა. მიზეზად, როგორც წესი, ორი არგუმენტი სახელდება: პირველი - ვის მივცე ხმა, როცა ყველა პოლიტიკოსი შევარდნაძის გაზრდილია; მეორე - წავალ თუ არ წავალ, ჩემს ხმას მაინც გააყალბებენ.

პოლიტიკურად აქტიური ადამიანისთვის ამ არგუმენტებს ჩალის ფასი აქვს, მაგრამ ისინი ბევრი პოტენციური ამომრჩევლის განწყობას გამოხატავს. სულაც არ არის გასაკვირი, თუკი საზოგადოების ნაწილმა თავისი ხმის დაცვის იმედი დაკარგა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლომდე დისკრედიტებულია. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ წინა არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ 7%-იანი ბარიერი გადალახა, მაგრამ პარლამენტში ვერ მოხვდა. ისიც საყოველთაო აზრია, რომ 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეთა საჭირო რაოდენობა არ მისულა, მაგრამ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.

ახლა საზოგადოების ერთ ნაწილს სჯერა, რომ პარტიებს შორის რეალური კონკურენცია 2 ნოემბერს გაყალბების შესაძლებლობას შეამცირებს; მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვეღარ ხედავენ. მათზე არ უნდა გაღიზიანდნენ არც ჩვეულებრივი მოქალაქეები და, განსაკუთრებით, არც პოლიტიკოსები, რომლებმაც თავად დანერგეს ნიჰილიზმი არჩევნების შედეგების მიმართ.

ძნელია იმ ადამიანების გადარწმუნებაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველა პარტია ერთმანეთს ჰგავს. პოლიტიკაში კარგად გარკვეულ ამომრჩეველს ამგვარი პოლიტიკური ახლომხედველობა აღიზიანებს. მაგრამ ყველა მოქალაქის უფლებაა, იმდენად ერკვეოდეს პოლიტიკაში, რამდენადაც თავად ისურვებს. პოლიტიკის არმცოდნე ადამიანის თვალი კი ასეთ სურათს ხედავს: ჟვანია, სააკაშვილი და გამყრელიძე შევარდნაძის პოლიტიკური შვილები არიან; ბურჯანაძე არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მისი ოჯახის ახლობელია; გოგი თოფაძის კეთილგანწყობა შევარდნაძის მიმართ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, აშკარაა; ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის პარტნიორობა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია; შალვა ნათელაშვილისა და პრეზიდენტის ფარულ კავშირზეც, ჭორი თუ მართალი, ხშირად მოგვისმენია. რაღა გასაკვირია, თავისი პრობლემებით დახუნძლულ ადამიანს ყველა პარტია და ლიდერი ერთმანეთის ალი-კვალად მოეჩვენოს და მათ შორის რომელიმეს ამორჩევა გაუჭირდეს.

პირადად ჩემთვის გასაგებია ის მოტივები, რომლებიც საფუძვლად უდევს არჩევნების მიმართ ნიჰილიზმსა და უნდობლობას. შესაბამისად, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. არსებობს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მათ შეუძლიათ მაინც გაითვალისწინონ: თუ ასეთი ადამიანები საკუთარ თავს გამოუტყდებიან, რომ პოლიტიკური პროცესი არ აინტერესებთ და, შესაბამისად, სრულად ვერ აცნობიერებენ მიმდინარე პოლიტიკური მომენტის მნიშვნელობას; თუ ასეთი ადამიანები, უბრალოდ, პატივისცემით მოეკიდებიან საზოგადოების მეორე ნაწილის იმედსა და რწმენას, დაკავშირებულს არჩევნებთან, - მათ შეუძლიათ, მაინც წავიდნენ არჩევნებზე; წავიდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ დამატებითი შანსი მისცენ საზოგადოებას, თუნდაც ის შანსი, რომლის არსებობისაც მათ თავად არ სჯერათ.
XS
SM
MD
LG