Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა ერაყის პრობლემას ეთმობა მთლიანად.

როგორც გაზეთ "ინდეპენდენტის" მიმომხილველი მერი დეიევსკი შენიშნავს, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭიროს ერაყის საკითხზე ვაშინგტონის მიერ მომზადებული ახალი რეზოლუციის პროექტს. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"პრეზიდენტმა ბუშმა 87 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა კონგრესს მომავალ საფინანსო წელს ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ოპერაციათა დასაფინანსებლად, და ესოდენ დიდი თანხა ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. ვაშინგტონმა და ლონდონმა, როგორც ჩანს, ანგარიში გაუწიეს იმას, რომ ვიდრე კონკრეტულად არ იქნება განსაზღვრული გაეროს როლი ერაყის აღდგენის საქმეში, სხვა ქვეყნებისაგან ნაკლებად უნდა იყოს მოსალოდნელი სახსრების გამოყოფა თუ ჯარის გაგზავნა ერაყში სტაბილური ვითარების დასამყარებლად."

გაზეთი "ქრისჩიენ საიანს მონიტორი" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ერაყში მიმდინარე მოვლენებს არაერთგვაროვნად აშუქებენ თეთრი სახლის ადმინისტრაცია, კონგრესი, გაერო, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი უწყებები თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"თეთრი სახლი აცხადებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მხოლოდ წარუმატებლობას ხედავენ ერაყში, გაეროს, თავის მხრივ მიაჩნია, რომ მისი ჩარევის გარეშე შეუძლებელია ერაყის სუვერენიტეტის აღდგენა, ხოლო კონგრესი იმითაა შეშფოთებული, რომ ერაყის აღდგენა მეტად ძვირი უჯდება შეერთებულ შტატებს. ექვსმა თვემ განვლო სადამ ჰუსეინის დამხობიდან, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და ერაყელებმა ჯერაც ვერ შესძლეს ქვეყანაში წარმოქმნილი ვაკუუმის შევსება."

გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" კმაყოფილებით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ახალი რეზოლუციის პროექტის განხილვისას გაეროს უშიშროების საბჭოში გაისმა მოწოდებები, რომ რაც შეიძლება მალე აღსდგეს ერაყის სუვერენიტეტი და ქვეყნის მართვის სადავეები ერაყელ ხალხს გადაეცეს.
გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"თუმცა, უშიშროების საბჭოს თითქმის ყველა წევრმა განაცხადა ამასთანავე, რომ ერაყში ჭეშმარიტი სუვერენიტეტის აღსადგენად დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. დავეთანხმოთ საბჭოს წევრებს ამ საკითხში, და მოდით მოვითხოვოთ ამასთანავე დემოკრატიის დამკვიდრება გაეროს ყოველ წევრ-სახელმწიფოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, პრინციპული პოზიცია რომ უკავიათ უშიშროების საბჭოში, მაგალითად ჩინეთში, სირიაში, პაკისტანში, გვინეასა და კამერუნში. შემდეგ შეგვიძლია კუბას, ვიეტნამს, ლიბიას, სუდანს, ეგვიპტესა და ჩრდილოეთ კორეასაც მივხედოთ".
XS
SM
MD
LG