Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მოსახლეობის ფონდის 2003 წლის საანგარიშო მოხსენება


ზუსტად ერთი კვირის წინ რუმინელ ბოშებზე გიამბეთ

- გიამბეთ, როგორ აიძულეს გათხოვება 12 წლის ანა-მარიას და რა გამოხმაურება მოჰყვა მის ქორწილს, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ადამიანის უფლებათა ხელყოფად მიიჩნიეს. მოხდა ისე, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინების პრობლემას დღესაც შევეხებით: საქმე ის არის, რომ გასულ კვირაში გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა წლიური საანგარიშო მოხსენება, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოზარდებისა და ახალგაზრდების პრობლემებს.

ზოჰალი 16 წლისაა და გათხოვება ჯერ არ უნდა. ის სკოლის დამთავრებასა და, თუ მისსავე სიტყვებს მოვიშველიებთ, "სასარგებლო პროფესიის" დაუფლებაზე ოცნებობს. ასეთ პროფესიად, მაგალითად, ეკონომისტობა წარმოუდგენია. და თუ ზოჰალმა ამ მიზანს მიაღწია, თავის ქვეყანაში, ავღანეთში, გამონაკლისი უფრო იქნება: იქ გოგონების უმეტესობა სკოლას დაწყებით კლასების შემდეგ ეთხოვება და ადრევე ქორწინდება.

ზოჰალის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის 2003 წლის საანგარიშო მოხსენებაში ვკითხულობთ, ისევე როგორც ვკითხულობთ, რომ დედამიწაზე კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს უცხოვრია იმდენ ახალგაზრდას, როგორც დღეს ცხოვრობს - ეს ინფორმაცია პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა ომარ ღარზედინმა: [ღარზედინის ხმა] "წელს საანგარიშო მოხსენება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ისევე როგორც მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებებს. 1,2 მილიარდი ადამიანი, ანუ დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი დღეს 10-დან 19 წლამდე ასაკისაა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდა თაობა".

ლაპარაკია არა მარტო ყველაზე მრავალრიცხოვან ახალგაზრდა თაობაზე, არამედ პირველ თაობაზე, რომელიც ბავშვობიდან დგას შიდსის საფრთხის წინაშე. დღეს შიდსით ინფიცირებული 12 მილიონი ახალგაზრდა ადამიანია აღრიცხული. ამას ემატება სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებები, ნაადრევი ქორწინება და ორსულობა, გენდერული დისკრიმინაცია და ძალადობა - განსაკუთრებით მწვავე ფორმით ღატაკ ქვეყნებში. ასეთი ქვეყნები დედათა და ჩვილთა სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. [ღარზედინის ხმა] "წლეურად 15-დან 19 წლამდე ასაკის დაახლოებით 14 მილიონი ქალი და გოგონა აჩენს შვილს. ამ ქალებისათვის, რომელთა შორის დაქორწინებულებიც არიან და დაუქორწინებლებიც, სიკვდილის მთავარი მიზეზი ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებია. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში ქორწინება წყვეტს გოგონების განათლების პროცესს და ზღუდავს მათ შესაძლებლობებს".

ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი, მართალია, ხშირად არის კონსერვატიული ტრადიციები და მშობლების სურვილი, მათ ქალიშვილს "უკანონო შვილი" არ გაუჩნდეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორი: მშობლებს, რომელთაც ოჯახის შენახვა უჭირთ, ისღა დარჩენიათ, ქალიშვილების "გათხოვებით" გათავისუფლდნენ მათი ეკონომიკურად უზრუნველყოფის მოვალეობიდან. "ქალი და მსოფლიოს" ერთ-ერთ წინა გამოშვებაში მოისმინეთ, რა თქვა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში ტაჯიკმა გულ იაჰოევამ, რომელმაც თავისი ქალიშვილები 17 და 14 წლის ასაკში დააქორწინა: [გულ იაჰოევას ხმა] "ფინანსურად ძალიან გვიჭირს - ფული არა გვაქვს ჩვენი გოგოებისთვის განათლების მისაცემად, მათ გამოსაკვებად, მათთვის ტანსაცმლის შესაძენად. ერთადერთი გამოსავალი ქორწინება იყო."

გაეროს ინფორმაციით, ადრეულ ასაკში დაქორწინება განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ავღანეთსა და ბანგლადეშში, სადაც გოგონების ნახევარზე მეტს 19 წლამდე ათხოვებენ. არადა, მათი უფრო გვიან დაქორწინება უკეთესი იქნებოდა - არა მარტო თვით გოგონების, არამედ მათი ოჯახებისთვისაც: [ღარზედინის ხმა] "შვილის უფრო გვიან ასაკში გაჩენა ხელს უწყებს ოჯახის საკუთარი ნებით შექმნას, ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. გამოკვლევები ცხადჰყოფს, რომ მოზარდების მიერ შვილების გაჩენის გადადებაში, აგრეთვე შიდსით ინფიცირების პრევენციაში ინვესტირებულ ფულს დიდი მოგება მოაქვს - ფული იზოგება და სახეზეა ეკონომიკური სარგებელი".

გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი, მართალია, ყველა ქვეყანაში მიმზიდველ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს, მაგრამ ის, ან საანგარიშო მოხსენება პრობლემის მოგვარების რეცეპტს არ გვთავაზობენ: ანგარიშში, მაგალითად, ლაპარაკია სხვადასხვა პროგრამაზე, რომელთა მეშვეობით მოხერხდა ზოგ ქვეყანაში საქორწინო ასაკის გაზრდა, ზოგან შიდსით ინფიცირებული ახალგაზრდების რიცხვის შეკვეცა. ასეთი პროგრამები პირველ რიგში ინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებს, აქცენტს აკეთებს ახალგაზრდების განათლებაზე. ვთქვათ, ბანგლადეშში მაღალკლასელ გოგონებს ურჩევენ, არ გათხოვდნენ ბოლო გამოცდების ჩაბარებამდე, ინდოეთის რამდენიმე შტატში გოგონებს საჩუქრებს, ფულს ურიგებენ, თუ ისინი სკოლის დამთავრებამდე არ დაქორწინდებიან.

ასეთი პროგრამების დაფინანსებას, ცხადია, ფული სჭირდება. არადა, მდიდარ ქვეყნებს იმ ფულის ნახევარიც კი არა აქვთ გაღებული, რასაც ათი წლის წინ დაჰპირდნენ განვითარებად ქვეყნებს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. გაეროს მოსახლეობის ფონდი წლევანდელი ანგარიშით შეახსენებს მდიდარ ქვეყნებს, რომ საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევა. [მონა კაიდბეის ხმა] "ეს ანგარიში არის მოწოდება ამოქმედებისაკენ, რათა მხარდაჭერის მობილიზება მოხერხდეს. საჭიროა დაფინანსების გაზრდა, ახალგაზრდებისათვის ინფორმაციისა და მომსახურების გაზრდა. მოდით ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე, მოდით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, დავეხმაროთ დაიცვან თავიანთი უფლებები, თავიანთი ჯანმრთელობა, თავიანთი განათლება, თავიანთი მომავალი. ისინი არიან მსოფლიოს სიმდიდრე დღეს, ხვალ, ყოველთვის". ამ პათეტიური, მაგრამ უდავოდ მართალი სიტყვებით, რომლებიც გაეროს მოსახლეობის ფონდის პრაღაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოთქვა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწემ, მონა კაიდბეიმ, დავამთავრებთ დღევანდელ პროგრამას. აქვე აღვნიშნავ, რომ მისი მომზადებისას ჩვენი რადიოს კორესპონდენტის კეტლინ ნოქსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვისარგებლე.
XS
SM
MD
LG