Accessibility links

logo-print

საარჩევნო ბლოკი "ეროვნული თანხმობა - იბერიის გაბრწყინება''


საარჩევნო ბლოკი "ეროვნული თანხმობა - იბერიის გაბრწყინება" ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მე-15 ნომრად გაატარა რეგისტრაციაში. ბლოკი ორი სუბიექტისგან შედგება:

"ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი" და მონარქისტული პოლიტიკური მოძრაობა "სამეფო გვირგვინი". ბევრი სხვა ბლოკისგან განსხვავებით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ბლოკის ორივე სუბიექტი იდეოლოგიურად მონათესავეა. მათი გაერთიანების საფუძველი ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოსა და ეროვნული მოძრაობის პრინციპებისადმი ერთგულებაა. "საქართველოს ხსნა სამართლიანობის აღდგენასა და ეროვნულ თანხმობაშია", -ასე ჟღერს დევიზი, რომელმაც, ბლოკის ლიდერების აზრით, არჩევნებში სრულიად საქართველოს მოსახლეობა მათ სასარგებლოდ უნდა აიყოლიოს.

"ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი", მთლიანობაში, დაახლოებით 60-70 000 ადამიანს აერთიანებს. შედარებით ნაკლებია პოლიტიკურ მოძრაობა "სამეფო გვირგვინში". როგორც პარტიების ხელმძღვანელი პირები ფიქრობენ, ბლოკის ელექტორატი გაცილებით მრავალრიცხოვანია და მხოლოდ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური კურსის მომხრეობის ნიშნით არ შემოიფარგლება.

[ზურა წულაიას ხმა] "ჩვენი რიგები ასე იზრდება არა მარტო ძველი მხარდამჭერებით, ზვიადისტებს რომ ეძახიან, არამედ ხალხითაც, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი მტერი იყო: იდეოლოგიურადაც და იარაღითაც გვებრძოდა."

როგორც "ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ზურა წულაია განმარტავს, ამ მხარდაჭერას, არსებული ხელისუფლების კორუფციულობითა და უუნარობით იმედგაცრუებულების გარდა, ბლოკის კონკრეტული გეგმებიც განსაზღვრავს. კერძოდ, ამომრჩევლებთან უკვე ფორმდება ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით, დაზარალებულებს საბჭოთა პერიოდის დაკარგული საბანკო ანაბრები 10 წლის ვადაში დაუბრუნდებათ. ბლოკის საპროგრამო პოსტულატებიდან ასევე შეიძლება ხაზი გავუსვათ საყოველთაო დასაქმების, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული თანხმობის გზით შეწყვეტილი სახელისუფლებო სამართალმემკვიდრეობის აღდგენის დაპირებებს. მომავალი პარლამენტის სამართალმემკვიდრეობის პრეტენზიით სხვა საარჩევნო სუბიექტებიდან ბლოკი, უდავოდ, გამოირჩევა. თუმცა, ძველი, აკვიატებული ფრაზების ნაცვლად, სამართალმემკვიდრეობის განმარტება განახლებულია.

[ზაურ კვარაცხელიას ხმა] "სამართლიანობის აღდგენა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ იქნეს აღიარებული კანონის უზენაესობა და, ამავე დროს, მიღებულ იქნეს ისეთი კანონები, რომლებიც ერის ინტერესებს გამოხატავს და შეესაბამება მას, მისი ადეკვატური უნდა იყოს."

დეპუტატობის კანდიდატის ზაურ კვარაცხელიას ნათქვამს დავძენთ, რომ არის სამართლიანობასა და სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებული სხვა თავისებურებაც, რომელიც ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილზე, მართლაც, ახდენს ემოციურ ზეგავლენას.

[ზურა წულაიას ხმა] "ჩვენ იმითა ვართ განსხვავებულნი, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ხვდა ბედნიერება, რომ ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ჩვენ განსხვავებულნი კიდევ იმით ვართ, რომ ჩვენ ფაქტიურად ერთი წელიწადია შევიქმენით. მანამდე ჩვენ ვიყავით რეპრესიებში -დაგვხვრიტეს, დაგვიჭირეს, რა ვიცი, უბედურებები ყველაფერი, ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა, რაც შეიძლებოდა შევარდნაძის რეჟიმის პირობებში". (სტილი დაცულია)

ზურა წულაია რეპრესირებულებში, პირველ რიგში, ბლოკის ლიდერს გურამ აბსანძეს გულისხმობს. ლიდერის ფუნქცია ამ ბლოკშიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ბლოკი, წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით, ჯერჯერობით საარჩევნო აუტსაიდერებშია. დაბოლოს, მე-15 ნომრად რეგისტრირებული ბლოკის სუბიექტები საპარლამენტო არჩევნებში პირველად ღებულობენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG