Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს დადგენილება დამკვირვებლებს დამატებით პრობლემებს უქმნის


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ოქტომბერს მიღებული დადგენილება, რომელიც ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში

შეყვანას ითვალისწინებდა, რამდენიმე დღეში სახელისუფლებო ბლოკის მოთხოვნის საფუძველზე შეცვალა. ახალი დადგენილებით, პარტიული თუ არაპარტიული დამკვირვებლები ხმას საცხოვრებელი უბნების მიხედვით მისცემენ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესზე კონტროლის განხორციელებაში ხელს შეუშლით. პასუხად, სახელისუფლებო ბლოკი კანონის მოთხოვნებზე საუბრობს. რასთან გვაქვს საქმე?

7 ოქტომბრის დადგენილებით, პარტიული და არაპარტიული დამკვირვებლები იმავე უბანში მისცემდნენ ხმას, სადაც მონიტორინგი უნდა განახორციელონ. თუმცა 10 ოქტომბერს, სახელისუფლებო ბლოკის წინადადებით, ცესკომ გადაწყვეტილება შეცვალა. შედეგად, დამკვირვებლები ვეღარ მოხვდებიან სპეციალურ სიაში და, აქედან გამომდინარე, ხმის მიცემა საცხოვრებელი უბნების მიხედვით მოუწევთ. ანუ დამკვირვებელი იძულებელი იქნება, ხმის მისაცემად დატოვოს მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული უბანი ან საერთოდ უარი თქვას ხმის მიცემაზე. არადა, უბნებისა და, შესაბამისად, დამკვირვებლების რაოდენობა არც ისე მცირეა. მაგალითისათვის: არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" უბნებზე სამი ათასამდე დამკვირვებლის გაგზავნას აპირებს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ქეთი ცხომელიძე ცესკოს მიერ 10 ოქტომბრის დადგენილებას ასეთ შეფასებას აძლევს:

[ქეთი ცხომელიძის ხმა] "ჩვენთვის საკმაოდ უარყოფითია ეს გადაწყვეტილება, რომელიც ცესკომ 10 ოქტომბერს მიიღო. ლოგიკურად, 3 ათასი დამკვირვებლის განაწილება საკუთარ უბნებზე მაინც ძალიან ძნელი იქნება."

დადგენილება, ბუნებრივია, პრობლემებს შეუქმნის პარტიულ დამკვირვებლებსაც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი არველაძე, აცხადებს:

[გიორგი არველაძის ხმა] "ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის დამკვირვებლების უდიდესი ნაწილი ვერ შეძლებს ხმის მიცემას თავიანთი პარტიებისთვის."

-თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეგნებულად გააკეთა სახელისუფლებო ბლოკმა?

"იცით, რა არის, სახელისუფლებო ბლოკის მიერ ლობირებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გამოირჩევიან იმით, რომ ისინი უკიდურესად ურთულებენ ცხოვრებას ოპოზიციურ პარტიებს, უკიდურესად ურთულებენ მოქალაქეებსა და ამომრჩევლებს იმის საშუალებას, რომ, მართლაცდა, დემოკრატიულ რეჟიმში მისცენ ხმა." (სტილი დაცულია)

კითხვით, თუ რაში დასჭირდა ცესკოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და დამკვირვებლებისათვის ცხოვრების გართულება, კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანს მივმართე. პასუხად კი, აი, რა მოვისმინე:

[ნანა დევდარიანის ხმა] "ალბათ, ჯობია ჰკითხოთ იმას, ვინც ეს საკითხი დააყენა და მხარი დაუჭირა, იმიტომ რომ მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი შეცვლის. ... იმიტომ ვიყავი წინააღმდეგი, რომ საერთოდ ჩემი წინადადება იყო ეს, რომ დამკვირვებლებისთვის პრობლემა რომ არ შეგვექმნა, სადაც იქნებიან აკრედიტირებული, იმ უბანზე შეეძლოთ პროპორციულად კენჭისყრაში მონაწილეობა." (სტილი დაცულია)

ირაკლი მინდელი, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, საარჩევნო კოდექსის მოშველიებით აცხადებს, რომ სპეციალურ სიებში შესაყვანი ადამიანების კატეგორია კანონითაა განსაზღვრული და იგი კომისიის წევრებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებით, სტაციონარში მყოფი ავადმყოფებითა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში მყოფი პატიმრებით შემოიფარგლება.

[ირაკლი მინდელის ხმა] "ცესკომ მიიღო ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როცა მიანიჭა უფლება ამ წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს. ესეთი გამოდიოდა, რომ ვიანგარიშეთ, შესაძლებლობა თეორიული, დაახლოებით, 200-300 ათასი ხმის გაყალბების. ეს ხვრელები სპეციალურად კანონში ამოვქოლეთ და ეხლა ცესკო არ არის კანონშემოქმედებითი ორგანო, რომ მას, ასე ვთქვათ, გაეხსნა ეს ხვრელი გაყალბებისა." (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG