Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შორეული საზღვარგარეთიდან შემოსული ტურისტების ოდენობა გაიზარდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში ტურისტულმა ნაკადმა იმატა. საგულისხმოა, რომ თუ აქამდე საქართველოში, ძირითადად, ახლო საზღვარგარეთიდან სტუმრობდნენ,

წელს ტენდენცია შეიცვალა და ტურისტების ნაკადი შორეული ქვეყნებიდანაც მატულობს. ამ თემას დეპარტამენტის თავმჯდომარემ საგანგებო პრესკონფერენციაც მიუძღვნა.

საქართველოს ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტმა 9 თვის მუშაობის შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაჟა შუბლაძის განცხადებით, საქართველოში შორეული საზღვარგარეთიდან შემომავალი ტურისტების ნაკადმა იმატა.

უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ქვეყანაში 238 154 ტურისტი შემოვიდა, რომელთა უმრავლესობა შორეული საზღვარგარეთის მკვიდრია.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში შემომავალ უცხოელთა ნაკადის მატება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვითარება შედარებით სტაბილური გახდა. აქ შუბლაძე, ალბათ, უცხოელთა გატაცების ფაქტების შემცირებას გულისხმობს, თუმცა ტურიზმის განვითარებისათვის და სტაბილური ქვეყნის იმიჯის დასამკვიდრებლად, ბუნებრივია, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

9 თვის მონაცემებით, ძირითადად, იმატა შორეული საზღვარგარეთის 80 ქვეყნიდან შემომავალ ტურისტთა ნაკადმა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ამ მხრივ, თურქეთიდან შემომავალ ტურისტებზე მოდის. კერძოდ, 9 თვის განმავლობაში ამ ქვეყნიდან საქართველოში 12 ათასი კაცი შემოვიდა. ასევე გაიზარდა რუსეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, სირიიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან და რიგი სხვა ქვეყნებიდან შემომავალ ტურისტთა რაოდენობაც. ამ ეტაპზე ძნელია იმის განსაზღვრა, აღნიშნული ქვეყნებიდან სტუმართა რა ოდენობაა დაინტერესებული ტურიზმით და რა ოდენობა მოდის საქმიან ვიზიტებზე.

რა თქმა უნდა, ტურისტების ეს ნაკადი ოდნავადაც ვერ შეედრება საბჭოთა პერიოდში შემოსულ სტუმართა რაოდენობას, თუმცა ზრდის ტენდენცია მაინც შეიმჩნევა, რაც ადეკვატურად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მონაცემებით, შემოსავლებმა შეადგინა 30 მლნ. ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში 15 პროცენტი შევიდა.

დეპარტამენტში იმედი აქვთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმის დარგში გარდატეხის წელი იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტურიზმის დარგის განვითარებისათვის, სულ მცირე, 1 მლნ. ლარია საჭირო.

"2004 წლის ბიუჯეტში, წინასწარი მონაცემებით, ტურიზმისათვის, სავარაუდოდ, 700 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბიუჯეტიდან სულ 280 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 700 ათასი ლარი მაინც არ არის საკმარისი დარგის წინსვლისათვის", - აცხადებს ვაჟა შუბლაძე.
დეპარტამენტს შემუშავებული აქვს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სერიოზულ დაფინანსებას საჭიროებს. დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პროგრამა 4 მიმართულებას ითვალისწინებს: ქვეყნის დადებითი ტურისტული იმიჯის შექმნასა და რეკლამირებას საზღვარგარეთ, საკურორტო პოტენციალის მოვლა-პატრონობას, ტურიზმის პროფესიათა ცენტრის შექმნასა და სამაშველო-საგამყოლო სამსახურის მომზადებას.

მიუხედავად ტურისტული ნაკადის ზრდისა, ამ მიმართულებით მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად, პირველ რიგში, ქვეყნაში სტაბილურობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG