Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა


აზერბაიჯანის არჩევნების შედეგებზე უკანასკნელ წამს მოსული ცნობაც კი კარგავს ფასს, რადგან ილჰამ ალიევის პრეზიდენტობაში ეჭვი არც არჩევნებამდე ეპარებოდა ვინმეს. საინტერესოა

გამართლდება, თუ - არა იმათი მოლოდინი, ვინც მოელის, რომ აზერბაიჯანის სათავეში ილჰამ ალიევის მოსვლა სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ჯერჯერობით აზერბაიჯანში არჩევნებით უკმაყოფილო მოქალაქეთა მღელვარება არ ნელდება. პოლიციასთან შეტაკებისას მრავალი მოქალაქე დაშავდა. უკვე არის მსხვერპლიც. ნინო გელაშვილის მასალა ბაქოში პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერ დემონსტრანტებს შორის შეტაკების ამსახველი ხმაურით იწყება:

[ბაქოში პოლიციის დემონსტრანტებთან შეტაკების ხმა] ძნელია იმის ახსნა რისთვის სჭირდება აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოქალაქეებთან პოლიციის ძალით გასწორება, როცა ილჰამ ალიევს უკვე მითვლილი ხმების 80 პროცენტს ვერავინ წაართმევს. როგორც იუწყებიან, გარდაიცვალა პოლიციის მიერ ნაცემი ორი დემონსტრანტი - ერთი ახალგზრდა და ერთი 52 წლის მამაკაცი.

ხელისუფლების მიერ პოლიციის ძალის ასეთ აქტიურ გამოყენებას ერთი საფუძველი შეიძლება ქონდეს: აზერბაიჯანის მმართველ ძალას აქვს უფრო მეტი წინააღმდეგობის შიში ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე ეს დღევანდელ გამოსვლებში ვლინდება და სურს საფუძველშივე ჩაახშოს იგი.

ჯერ კიდევ გუშინ, არჩევნების მიმდინარეობისას შეერთებული შტატების მთავრობა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისივე მოქალაქეების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მხარდამჭერთა წინააღმდეგ პოლიციის ძალის ინტენსიური გამოყენების გამო შეერთებული შტატებიდან კომენტარი ჯერ არ ყოფილა. ამ საგანგებო ვითარებაში ვაშინგტონის პოზიცია საყურადღებოა იმდენად, რომ სწორედ ახლა ჩანს ყველაზე კარგად ის სასწორი, რომლის ერთ მხარეს შეერთებული შტატების ნავთობ-ემოციები, მეორე მხარეს კი დემოკრატიის დამცველის ამბიცია ძევს.

რაც შეეხება ევროპელ მეთვალყურეებს, ეუთოს მეთვალყურეთა ხელმძღვანელმა პეტერ აიხერმა დღეს ბაქოში განაცხადა:

[აიხერის ხმა]
"ეს არჩევნები არის ჭეშმარიტად დემოკრატიული საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელიდან გაშვებული შანსი".

რუსეთისა და თურქეთის მთავრობების მიერ წარგზავნილ მეთვალყურეებს კი არ ეპარებათ ეჭვი არჩევნების სამართლიანობაში.

ილჰამ ალიევზე საუბრისას საერთაშორისო მიმოხილველები ხაზგასმით აღნიშნავენ მის პრო-ამერიკანიზმს, იმას, რომ ის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანიის ყოფილი ბოსი და ნავთობ-გიგანტების "ბი-პი-ამოკოსა" და "ექსონის" დიდი მეგობარია. შენიშნავენ იმასაც, რომ მამისგან განსხვავებით ილჰამ ალიევს აკლია ქარიზმა და "პლეიბოისა" და "მოთამაშის" რეპუტაცია აქვს. თუმცა, ანალიტიკოსებმა ისიც კარგად იციან, რომ ამგვარი რეპუტაცია არც თუ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ავტორიტეტზე ისეთ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია. მითუმეტეს გასაგებია ეს საქართველოში, სადაც საზოგადოებაში პიროვნების პოპულარობის მიზეზად შეიძლება მისი ობიექტურად უარყოფითი თვისება იქცეს.

რაც შეეხებათ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ჰეიდარ ალიევის 42 წლის მემკვიდრეს ბევრი მათგანი უჭერს მხარს და ამას ერთი საინტერესო მიზეზიც აქვს. მოსახლეობამ იცის, რომ ალიევებმა ქვეყნის ქონებიდან მიიღეს იმდენი, რამდენიც სურდათ და კვლავაც იმავეს კეთებას განაგრძობენ, მაგრამ აზერბაიჯანლებმა ისიც იციან, რომ ოპოზიციის მოსვლა სათავეში ქვეყნის უარეს ძარცვასა და მეტ გაჭირვებას მოიტანს - ესეც არჩევანის გაკეთების საქართველოსთვის არც თუ უცნობი ხასიათის მოტივაციაა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG