Accessibility links

logo-print

ვის ემუქრება ლუსტრაცია


დავით პაიჭაძე, თბილისი ცნობილია, რომ 15 ოქტომბერს საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასისთვის შეთავაზებული "ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ" მოიცავდა თეზას ლუსტრაციის კანონის მიღების შესახებ. ოღონდ ლუსტრაცია,

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიხედვით, გულისხმობს საბჭოთა ნომენკლატურისა და უშიშროების ყოფილ თანამშრომელთა შეზღუდვას სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნისას. ჩვენს ეთერში სხვადასხვა დროს გვისაუბრია ლუსტრაციის შესახებ, მათ შორის, იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში შევიდა, მაგრამ არ განუხილავთ. დღეს კი თვალს გადავავლებთ იმ ადამიანებს, რომელთაც, ლუსტრაციის კანონის "მკაცრი" ვარიანტის მიღების შედეგად, გაუჭირდებოდათ დაეკავებინათ მნიშვნელოვანი არჩევითი თუ დანიშვნითი სახელმწიფო თანამდებობები.

საქართველოში ლუსტრაცია ჯერაც განუხორციელებელ პროექტად რჩება. პარლამენტმა არ ისურვა განეხილა ლუსტრაციის კანონის "რბილი" ვარიანტიც კი, რომელიც მოქალაქისათვის, უბრალოდ, ხელმისაწვდომს გახდიდა სპეცსამსახურთა არქივებში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, ხოლო საბჭოთა სპეცსამსახურთა ყოფილ აგენტებს საშუალებას მისცემდა, უხმაუროდ ჩამოსცილებოდნენ პოლიტიკურ ასპარეზს.

ლუსტრაციის კანონის "მკაცრი" ვარიანტი, რომელიც მაღალი რანგის ყოფილ კომუნისტ ფუნქციონერებს შეუზღუდავდა ან აუკრძალავდა სახელმწიფო თანამდებობათა დაკავებას, საქართველოში საერთოდ არ შექმნილა. ასეთი კანონპროექტს შექმნისა და განხილვის თეორიული შანსი მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ თუ გამოჩნდება. მანამდე შეუძლებელია შექმნა კანონი, რომელიც შეეხება ყველას, ერთის გარდა. უნდა ითქვას, რომ ეს "ყველა" 4-5 წლის წინ მეტი იყო საქართველოში, ვიდრე ახლა. დროის მსვლელობასთან ერთად ხელისუფლება თანდათან ახალგაზრდავდება და მასში ყოფილ აღზევებულ კომუნისტებს ყოფილი კომკავშირელი ლიდერები ან 90-ან წლებში გამოყვანილი ფიგურები ენაცვლებიან. "მკაცრი" ლუსტრაცია პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოაცილებდა საქართველოს კომპარტიის ცეკას მეორე პირველ მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო საბჭოთა საქართველოში. მკაცრი ლუსტრაცია დღეს რომ მოქმედებდეს, ხელისუფლების ბლოკს აღარ ეყოლებოდა პირველი ნომერი - საქართველოს კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივანი და კომპარტიის ცეკას წევრი ვაჟა ლორთქიფანიძე. არ ეყოლებოდა არც მეათე ნომერი - ქუთაისის ქალაქკომის მდივანი და 80-ან წლებში საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე. ბლოკს, ალბათ, მოაკლდებოდა "კაგებეს" ნომენკლატურა - მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 80-ან წლებში, ვახტანგ რჩეულიშვილი. არა მარტო ხელისუფლების ბლოკის - ლუსტრირების პოტენციური ობიექტების პოვნა სხვა პარტიათა სიებშიც შეიძლება. მაგრამ მოქალაქეებმა, რომელთაც საკუთარი თავის შემოწმება ეზარებათ ამომრჩეველთა სიებში, საეჭვოა, მასობრივად დაუჭირონ მხარი "მკაცრი" ლუსტრირების იდეას, ანუ ხელისუფლებიდან იმათ გასტუმრებას, ვისაც, უკვე კარგა ხანია, შეეჩვივნენ.
XS
SM
MD
LG