Accessibility links

logo-print

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნის


ნატო, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ელიტარული, სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბებას შეუდგა.




ამ კვირაში ჰოლანდიაში, სადაც ალიანსის ჩრდილოეთის სამეთაურო ცენტრია, მოეწყო ამ ძალების შექმნის ცერემონია. ახალი ნაწილი 20 ათას სამხედროს დაითვლის და მან მსოფლიოს ყველა წერტილში სწრაფად განთავსების უნარი უნდა შეიძინოს. ასეთია მისი შემქმნელების კონცეფცია, რომელსაც სკეპტიკურად უყურებენ ექსპერტები. მე თქვენ ორივე მათგანის არგუმენტებს გაგიზიარებთ:

დაგეგმეს, რომ ნატოს ეს ნაწილი ბრძოლისუნარიანი უნდა გახდეს 2006 წლისთვის. მისი ბრძოლისუნარიანობა პირობითი იქნება, რადგან, ფაქტობრივად, ეს ნაწილი არ იარსებებს, მას ეყოლება მეთაურები, პასუხისმგებელი ოფიცრები, მაგრამ საკუთრივ ჯარი თანამედროვე ტიპის, ვირტუალური იქნება. პოტენციური მეომრები შესაბამისი ქვეყნის ჯარში იმსახურებენ და საჭიროების შემთხვევაში იქნებიან მობილიზებული. სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ცერემონიაზე გამოცხადდა მისი სამეთაურო სტრუქტურის შესახებაც - ბრიტანელი გენერალი ჯეკ დევირელი დაინიშნა პირველ მეთაურად. ძალების დაგეგმვის სფეროს ხელმძღვანელობს ნატოელი ვიცე- პოლკოვნიკი დევიდ უატსონი, რომელმაც ჩვენი "რადიოს" კორესპონდენტს უთხრა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც ამ ნაწილისთვის ჯარისკაცები უნდა გამოყონ, მოვალენი იქნებიან პრიორიტეტი მიანიჭონ სწრაფი რეაგირების ძალებს:
[უატსონის ხმა] "ეს ნაწილები შესაბამის სახელმწიფოებში იქნებიან საწვრთნელ რეჟიმში და მათ, ძირითადად, იქვე გამოიყენებენ. წევრმა ქვენებმა ალიანსს ამისთვის თავიანთი მზადყოფნა გამოუცხადეს". ალიანსი მიიჩნევს, რომ ამგვარი ძალების შექმნას პრეცედენტი არ გააჩნია. არსებობის 54 წლის მანძილზე მას არ ჰყოლია სხვადასხვა სახელმწიფოს ერთიანი ჯარი, რომელიც საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სახეობებს გააერთიანებდა და რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილში შეძლებდა სწრაფად ამოქმედებას. დღემდე ნატოს ჯარი ხანგრძლივი განსჯის მერეღა ახერხებდა სამხედრო ამოქმედებას და თანაც მხოლოდ ევროპაში:
[უატსონის ხმა] "იდეა ის იყო, რომ შექმნილიყო ძლიერი დარტყმისუნარიანი, სწრაფი მოქმედების ორგანიზაცია, რომელიც თვითონ შეძლებდა მოქმედებას და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო დიდი მომდევნო ჯარის წინამორბედი იქნებოდა". სწრაფი რეაგირების ძალებს, 20 ათასამდე კაცს, ჩართავენ ხოლმე, უპირატესად, სამშვიდობო მიზნით, ტერორიზმის წინააღმდეგ ან ემბარგოს დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში. ოპერაციაში მონაწილეობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამის შემდეგ ნაწილები განახლდება და ახლად აღიჭურვება ნატოს რომელიმე სხვა, უფრო დიდ, ბაზაზე.
სწრაფი რეაგირების ჯარის იდეას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. მათ რიცხვშია გაერთიანებული სამეფოს ლანკასტერის უნივერსიტეტის თავდაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევის ცენტრის თანამშრომელი ტიმ რიპლაი. მან ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ერთი და იმავე დასახელების ძალების შექმნა მათ ქმედითობას ეჭვქვეშ აყენებს: [რიპლაის ხმა] "ჩვენ გვყავდა გაერთიანებული მობილური ძალები, ჩვენ გვყავდა გაერთიანებული რეაგირების ძალები, ჩვენ გვყავდა სწრაფი რეაგირების ძალები. სწრაფი რეაგირების საკმარისი ძალები გვყავს და ისინი ყველა ერთსა იმავე ჯარებს იყენებს."
რიპლაის აზრით, ნატოს მტკიცების მიუხედავად, რომ ეს ძალები უმაღლესი პრიორიტეტით ისარგებლებენ, რჩება მუდმივი პრობლემა ერთი და იმავე ძალების მრავალგზის მობილიზებისა:
[რიპლაის ხმა] "ერთი ევროპის კავშირს უკვე ჰყავს. ევროკავშირს სწრაფი რეაგირების ჯარი ჰყავს. და ისიც იმავე ჯარებს ეყრდნობა, რომელსაც ეს". ალიანსის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ბევრი რამ დასადგენია ამ ძალების მოქმედების სფეროში, სხვათა შორის, ისიც, თუ როგორი უნდა იყოს ძალების განთავსების პროცედურა. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების უებ გვერდი იუწყება, რომ კვლავაც სჯა-ბაასია გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურის გარშემო. მნიშვნელოვანი ზღუდეა ის, რომ ნატოს წევრებს - გერმანიას, ჰოლანდიას, უნგრეთსა და თურქეთს -კონსტიტუციაში უწერიათ, რომ ჯარის სადმე მივლინება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი. ეს ძალები კი სწრაფი რეაგირებისა უნდა იყოს.

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის წინადადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა წამოაყენა შარშანწინ. ეს იდეა მოიწონა და დაამტკიცა ნატოს სამიტმა 2002 წლის ნოემბერში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა თავის გამოსვლაში ამ კვირაში არაფრად ჩააგდო სკეპტიკოსების ეჭვი და თქვა: ნატო თავისი ძალების, როგორც რობერტსონმა უწოდა, "მჭრელ პირს" ამზადებსო.


XS
SM
MD
LG