Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


,/d 509-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 509-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ რა აწუხებთ ეთნიკურ უმცირეობებს საქართველოში; გარდა ამისა, მოგითხრობთ რელიგიური პრობლემატიკის საკითხებზე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე; ვისაუბრებთ მიჰაი ზიჩის არშემდგარი გამოფენის გარშემო გაჩენილ სკანდალზე; შემოგთავაზებთ რეპორტაჟს პრაღაში გამართული "ფორუმი 2000-ის შესახებ"; გადაცემას დაასრულებს ტრადიციული რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.



რა აწუხებთ ეთნიკურ უმცირეობებს საქართველოში?

ბიძინა რამიშვილი:
თბილისში ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს დასრულდა ევროსაბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ორდღიანი სემინარი, რომელიც ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პრობლემებს მიეძღვნა. განსაკუთრებული ყურადღება უმცირესობათა ინფორმაციით უზრუნველყოფასა და უმცირესობათა შესახებ ინფორმაციაზე მსჯელობას დაეთმო. ჩვენი კოლეგა, დავით პაიჭაძე ესწრებოდა მოხსენებებსა თუ დისკუსიებს და ახლა ერთ-ერთი ექსპერტის, ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის, გია ნოდიას შეხედულებებს წარმოგიდგენთ.

დავით პაიჭაძე:
საუბრის დასაწყისში გია ნოდიამ უმცირეობასთან დაკავშირებუყლი პრობლემა მოკლედ ასე ჩამოაყალიბა: უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის დონე საქართველოში უაღრესად დაბალია. სწორედ ეს დაბალი დონე არის უმცირესობებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.

სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ სომხებს სამცხე-ჯავახეთსა და აზებაიჯანელებს ქვემო ქართლში უწინარესად ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ: უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და პენსიები, უშუქობა და ა.შ. ამ აზრით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს.

[ნოდიას ხმა] "რაც ნიშნავს იმას, რომ მძაფრი წინასაკონფლიქტო სიტუაცია ნამდვილად არ არის საქართველოიში უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის ურთიერთობებში. უმცირესობები არ აპირებენ გამოყოფასა და ცალკე სახელმწიფოს შექმნას არც ერთ ამ რეგიონში და არც უმრავლესობა აპირებს ეთნიკური წმენდის ჩატარებას და უმცირესობების საქართველოდან გაყრას".

მაგრამ უმრავლესობასთან საერთო პრობლემების გარდა, უმცირესობებს სპეციფიკური პრობლემებიც აწუხებთ. გია ნოდიას მრავალგზის ჩატარებული კვლევების შედეგებს მოიხმობს და ამბობს, რომ მათ აწუხებთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაურთველობა.

ბევრ ქვეყანაში უმცირესობა ასიმილაციისაგან დაცვას საჭიროებს. საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს ასიმილაცია არ ემუქრებათ და, გია ნოდიას აზრით, არა იმიტომ, რომ ქართველები კარგები ვართ, არამედ იმის გამო, რომ ქართველები ეროვნების გაგებას აფუძნებენ არა საერთო სამოქალაქო ან კულტურულ სივრცეში მონაწილეობას, არამედ საერთო სისხლისმიერ კავშირს, ე.წ. ეროვნულ გენს. ასეთ დროს კი ასიმილაცია სულაც არ არის სასურველი რამ.

თითქოს პარადოქსია, მაგრამ ქართული სახელმწიფოსაგან ეთნიკური უმცირესობების გაუცხოების ნიშნად გია ნოდიას არჩევნებზე მათი დიდი რაოდენობით მისვლა ესახება. მისი აზრით, უმცირესობათა საარჩევნო აქტივობა გაგრძელებაა საბჭოთა საარჩევნო რიტუალისა, როცა არჩევნებზე მისვლით მოსახლეობა ხელისუფლებას თავის ლოიალობას უდასტურებდა. სწორედ ამ ინერციის და არა მხოლოდ გაყალბების ძალით იღებს ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების ხმებს. ძალიან მცირეა უმცირესობის, მით უმეტეს, აქტიური უმცირესობის ხვედსრითი წილი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ცოტანი არიან ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებში, არ ჩანან სოციალურად აქტიურ ბიზნესშიც.

[ნოდიას ხმა] "ამის ყველაზე პოპულარული, ობიექტური მიზეზი არის ქართულის არცოდნა. ქართულის არცოდნა არის მასობრივი სინდრომი უმცირესობათა შორის და მართლაც დიდი, ობიექტური პრობნლემა იმიტომ, რომ საქართველო ცხოვრობს ქართულად. ქართული სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. იმისათვის, რომ დისკუსიაში ჩაება, უნდა ილაპარაკო ქართულად."

ქართულის არცოდნის საფუძველი ისევ საბჭოთა წარსული შეიძება იყოს: უმცირესობებს არასოდეს აღუქვიათ ქართული სახელმწიფოს ენად. სახელმწიფოს ენად მათ ყოველთვის რუსული მიაჩნდათ, ქართული კი ქრთველების ენა იყო. თუმცა, გია ნოდია ფიქრობს, რომ ენის არცოდნა, როგორც პრობლემა, ზედაპირზე ძევს და საჭიროა უმცირესობებთან ურთიერთობების უფრო ღრმა შრეებში ჩახედვა.

[ნოდიას ხმა] "უმცირესობაში არის გამჯდარი წარმოდგენა, რომ ქართულ საზოგადოებაში დაწინაურების შანსი მათ მაინცდამაინც არა აქვთ და ქართულ საზოგადოებაში ისინი მაინცდამაინც ვერ გაიხარებენ. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლები დიდწილად ორიენტირებული არიან ან ემიგრაციაზე ან ამ კულტურულ გეტოში არსებობაზე - იქნება ეს გეტო ახალქალაქი თუ მარნეული. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, არის უმცირესობების სტრატეგია: უმცირესობები სერიოზულად არ აღიქვამენ ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. მათ მთლად ვერ დაიჯერეს, რომ ეს მართლა სახელმწფოა".

მეორე მიზეზი, რაც ინტეგრაციას ართულებს, გია ნოდიას აზრით, საზოგადოებისა და ინსტიტუტების კლანურ-კლიენტელისტური აგებულებაა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონების ადგილობრივ კლანებში სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ვერ მოხვდება.

გია ნოდიას დაკვირვებით, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ წარმლუდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს ამ ვითარების გადალახვა.

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.




რელიგიური პრობლემატიკის საკითხებზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში რელიგიური პრობლემატიკის აქტუალობამ განაპირობა ის სოციოლოგიური კვლევა, რომელიც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრმა ჩაატარა. გამოკვლევაში აგრეთვე მოაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის თანამშრომლები.
მიღებული შედეგების გარშემო სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ანკეტის პირველმა კითხვამ - "მიიჩნევთ თუ არა თავს მორწმუნედ?" - შემდეგი სურათი გამოკვეთა: ათასი გამოკითხული რესპონდენტიდან საკუთარი თავი ძლიერ მორწმუნედ მიაჩნია 18,5 %-ს, მეტნაკლებად მორწმუნეთა პროცენტული მაჩვენებელი 78-ის ფარგლებშია, საკუთარი თავი მორწმუნედ არ მიაჩნია 5%-ზე ოდნავ მეტს. სრულიად უმნიშვნელო რაოდენობას პასუხის გაცემა გაუჭირდა.
გაგა ნიჟარაძის შეფასებით:

[ნიჟარაძის ხმა] "დღევანდელ საქართველოში არამორწმუნედ თავის გამოცხადება არ არის პოპულარული და სწორედ ეს ჩანს ამ პასუხებიდან. ფაქტიურად 95-მა პროცენტმა თავი მორწმუნედ ჩათვალა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ასე რომ დღეს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი სახის შესანარჩუნებლად შენი თავი მორწმუნედ უნდა ჩათვალო, ან გამოაცხადო. "

რა დამოკიდებულება გამოვლინდა არამართლმადიდებლური სარწმუნოების ადმიანთა მიმართ? ყველაზე კარგი დამოკიდებულებაა კათოლიკური სარწმუნოების წარმომადგნელთა მიმართ, შემდეგ 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით მოდიან იუდეველები, პროტესტანტები, მუსლიმები და გრიგორიანელები. რესპონდენტების 20%-ზე მეტი ძალზე უარყოფითადაა განწყობილი ბაპტისტების, ორმაცდაათიანელებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ.

სოციოლოგიური ანკეტა შეიცავდა წყვილად დებულებებს, მაგალითად, კითხვას იმის შესახებ, თუ რა არის უმჯობესი ქვეყნისთვის, რომ ყველა ქართველი მართლმადიდებელი იყოს, თუ ქვეყნისთვის არ არის საზიანო სხვა აღმსარებლობის ქართველების არსებობა?
რესპოდენტთა თითქმის 80% მიიჩნევს, რომ ყველა ქართველი მართლმადიდებელი უნდა იყოს, 20%-ის აზრით კი ეს სულაც არ არის აუცილებელი.

[ნიჟარაძის ხმა] "ეს გამოხატავს ერთ არასასიამოვნო ტენდენციას, რომ ეროვნება და რელიგია გაიგივებული იყოს: თუ ქართველი ხარ, მართლმადიდებელი უნდა იყო, - მაგრამ ბუნებრივია, რომ ყველა ქართველი, მართლმადიდებელი ვერ იქნება. ამგვარი დამოკიდებულება საკმაოდ არადემოკრატიულია და ქვეყნისთვის არასახარბიელოა".


სხვა რელიგიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების გატარებისა და, კერძოდ, შეკრებების დარბევის წინააღმდეგია 66%, მომხრე კი - 32%. შესაბამისი ლიტერატურის განადგურების წინააღმდეგია გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, ნახევარზე ოდნავ ნაკლები კი მხარს უჭერს ამგვარ ქმედებას.

ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა პასუხები კითხვაზე აღმსარებლობის არჩევის თავისუფლებისა და ამ არჩევანში საზოგადოების ჩაურევლობის შესახებ. 60%-მა ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა, 40% კი პირიქით ფიქრობს.


რესპონდენტთა ნახევარი მიიჩნევს, რომ სასურველია საშუალო სკოლებში რელიგიის ისტორის კურსში მხოლოდ მართლმადიდებლური რელიგიის ისტორია ისწავლებოდეს, მეორე
ნახევრის აზრით კი, საშუალო სკოლებში ყველა რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს.

რასაკვირველია, ანკეტაში მოყვანილი თხუტმეტივე კითხვის გადმოცემა და გაანალიზება შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთ მათგანს, - პრესტიჟული პროფესიის დასახელებასთან დაკავშირებულ კითხვას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. საუკეთესოდ მიჩნეულია ექიმის პროფესია, მეორე ადგილზეა ბიზნესმენი, შემდეგ დასახელებულია მასწავლებელი, მოსამართლე და მღვდელი. გამოკითხულთა 18%-მა კი პრესტიჟულად ე.წ. კანონიერი ქურდობა მიიჩნია, მაშინ, როცა პოლიციელის პროფესიას მხოლოდ 6% ერგო.

[ნიჟარაძის ხმა] "საგანგაშო მდგომარეობაა, როდესაც ქურდობა სამჯერ უფრო პრესტიჟულია, ვიდრე პოლიციელობა".

დასკვნის სახით კი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ დღევანდელ საქართველოში მართლმადიდებლური რელიგია საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ერთ-ერთ მთავარ ფსიქოლოგიურ დასაყრდენს წარმოადგენს.

[ნიჟარაძის ხმა] "მაგრამ როგორც ამ პასუხებიდან ჩანს, ბევრი მათგანი, ასე ვთქვათ, კლიშირებულია: ის, არც ესმის ადამიანს მასმედიაში იმ არხიდან, რომელსაც უყურებს, - ეს იქნება პირველი არხი, "რუსთავი-2", თუ აჭარის ტელევიზია, - სწორედ იმ პასუხს გასცემს".

ამასთან ერთად გაგა ნიჟარაძე შენიშნავს, რომ შედარებით არასტანდარტული კითხვების შემთხვევაში, პასუხებიც შედარებით არაპროგნოზირებადი იყო.
საერთოდ, ფსიქოლოგი არ გამორიცხავს რომ მალე საზოგადოების დამოკიდებულება რელიგიური პრობლემატიკის მიმართ შეიცვლება. თუმცა, მას უჭირს იმის თქმა, - ეს შემწყნარებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება, თუ პირიქით.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.



მიჰაი ზიჩის ეროტიკული ნახატები საქართველომ ვერ იხილა

ბიძინა რამიშვილი:
15 ოქტომბერს თბილისის "ძველ გალერეიას" მიჰაი ზიჩის ეროტიკული ნახატები უნდა წარმოედგინა. მაგრამ დამოუკიდებელი გალერეის მესვეურებმა ექსპოზიციის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრატორს, როგორც იტყვიან, "ნამუსი შეუნახეს" - თბილისელებმა უნგრელი მხატვრის ეროტიკული გრავიურები ვერ იხილეს. ექსპოზიციის ჩაშლის მიზეზად "ძველი გალერეია" სამხატვრო დარბაზის დარბევის მუქარას ასახელებს. თბილისის კულტურული ცხოვრების ამ მორიგი სკანდალის შესახებ ჩვენი კოლეგა, გიორგი გვახარია გვიამბობს.

გიორგი გვახარია:
1988 წელს თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ნაგიშა ოსიმას სკანდალური ფილმი "გრძნობათა იმპერია" უჩვენეს. იმ მაყურებელმა, რომლის გულმა (და არა მარტო გულმა) იაპონურ ეროტიკულ სანახაობას ვერ გაუძლო, უხმაუროდ დატოვა დარბაზი. "გრძნობათა იმპერიას" საბჭოთა საქართველოში სკანდალი არ მოჰყოლია. მას შემდეგ 15 წელი გავიდა - საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დაემხო, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მერე სამშობლოს ედუარდ შევარდნაძე დაუბრუნდა და ისევ დაიწყო ლაპარაკი კულტურაზე, რომელმაც ქართველი ერი უნდა გადაარჩინოს… მაგრამ ქართველი ერი რომ გადარჩეს, მან უარი უნდა თქვას მისთვის უცხო მენტალიტეტზე, მოიგერიოს ანტიქართველთა დარტყმები და გაუსწორდეს ვიღაცეების მიერ დაფინანსებულ "ამორალურ ტიპებს", რომლებიც ეროვნული კულტურის დისრედიტაციას ცდილობენ.

"დისკრედიტაცია" - სწორედ ეს სიტყვა აიტაცეს თურმე იმ მოქალაქეებმა, რომლებიც "ძველი გალერეის" მესვეურებს ტელეფონით ემუქრებოდნენ… იმ შემთხვევაში, თუ "ძველი გალერეია" გაბედავდა და "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრატორის, მიხაი ზიჩის ეროტიკულ გრავიურებს გამოფენდა, მას აუცილებლად დაარბევდნენ. რა იყო ამ ხალხის არგუმენტი? ნუთუ ის, რომ "ძველი გალერეია" სიონის ტაძართან ახლოს მდებარეობს? სამხატვრო დარბაზის დირექტორი, მანანა ვადაჭკორია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

[მანანა ვადაჭკორიას ხმა]: 2.45 არგუმენტი? რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდა თაობის გარყვნას და რომ ეს პიროვნება რომელმაც დაასურათა "ვეფხისტყაოსანი" ჩვენ მისი ავტორიტეტის შელახვას ვცდილობთ"

15 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მიხაი ზიჩის ეროტიკული ნახატების გამოფენიის შესახებ გაზეთი "24 საათი" იუწყებოდა. ექსპოზიციის ორგანიზატორი, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ მიხაი ზიჩის ნახატების ეროტიკული სერია 1988 წელს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1989 წელს კი უნგრეთში დაიბეჭდა. ლაშა ბაქრაძე დარწმუნებული იყო, რომ ქართველი "ზიჩოლოგებისთვის" (ზიჩის მოღვაწეობას ჩვენში რამდენიმე მონოგრაფია მიეძღვნა) მიხაი ზიჩის "მხატვრული ვნებები" კარგად იყო ცნობილი. გამოფენის რეკლამას მაშინათვე მოჰყვა შესაბამისი რეაქცია ანონიმური ზარებით. "ძველ გალერეიას" ექსპოზიცია მაინც რომ გაეხსნა, თბილისის ძველ უბანში, სიონის ტაძართან ახლოს 15 ოქტომბერს შესაძლოა დიდი "ბათქი" ამტყდარიყო - იმ ხალხს, ვინც დარწმუნებულია, რომ "კულტურა გადაარჩენს საქართველოს", ეროტიკა (ანუ სექსი) არ უყვარს, მაგრამ დარბევებზე, ცემაზე და საერთოდ, ძალადობის განსხვავებულ ფორმებზე უარს არასდროს ამბობს. ყველაფერი ფროიდის მიხედვითაა - ვისაც სექსის ეშინია, კუნთი (სხვა კუნთი) აქვს აღგზნებული.

[მანანა ვადაჭკორიას ხმა]3.40 "მიხაი ზიჩს ცუდი სამსახური გაუწია რეკლამამ. აჟიოტაჟი ატყდა ქალაქში და ცხადი იყო, რომ შესაბამისი ძალები შეეცდებოდნენ, რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ და პოლიტიკური ქულები ჩეწერათ. რადგან საზოგადოებას არ უნდა იცოდეს ის, რაც იცის მთელმა მსოფლიომ, იყოს ასეთი, არ იცოდეს"

მაგრამ გამოფენის ორგანიზატორი, ლაშა ბაქრაძე ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს, არ იზიარებს. იგი დარწმუნებულია, რომ ხელოვნების მოყვარულებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ იმ მხატვრის შესახებ, რომლის შემოქმედებას ეროვნული კულტურის ნაწილად მიიჩნევენ. მიხაი ზიჩის ნამუშევრების გამოფენის ჩაშლას ლაშა ბაქრაძე ასეთ კომენტარს უკეთებს

[ლაშა ბაქრაძის ხმა]: ძნელია კომენტარის გაკეთება - ნამდვილად არ მოველოდი, რომ რაღაც სკანდალი შეიძლებოდა მოყოლოდა…52. მე ჩავთვალე, რომ ყველასათვის საინტერესო უნდა ყოფილიყო ის, რაც ყველამ იცის დასავლეთში, რომ ეს კაცი ხატავდა ძალიან კარგად, მისთვის დამახასიათებელი ხარისხიანობით ასევე ეროტიკულ სურათებს"

ცნობისათვის- გამოფენის მოწყობაზე თანხმობა განაცხადა გოეთეს ინსტიტუტმა. ორშაბათს აქ "ვეფხისტყაოსნის" მხატვრის ეროტიკულ სურათებს წარმოადგენენ. გოეთეს ინსტიტუტი - საერთაშორისო ორგანიზაციაა, ამიტომ საეჭვოა, იმათ, ვისაც "კუნთი აქვს აღგზნებული", გერმანელებს გამოუცხადონ ომი. მათ შეუძლიათ მხოლოდ თქვან - დასავლეთიდან საქართველოში მხოლოდ "ნაგავი" შემოდის.

გიორგი გვახარია, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.




საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ახლა გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".

რომის პაპმა ახლახან თქვა, რომ მონასტერი "ლოცვის სკოლად" უნდა იქცეს. "ღატაკი კლარას" კათოლიკე მონაზონთა ორდენის წევრებს ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე გელუეიში, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული აქვთ დადებული აღთქმა, ილოცონ და სიღატაკესა და მორჩილებაში გაატარონ ცხოვრება. ორდენის სახელწოდება მომდინარებს კლარა ასიზელის, წმინდა ფრანჩესკო ასიზელის მიმდევრისგან, რომელიც მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა. როგორც მონასტრის წინამძღვარი, დედა ლუიზა ამბობს, მან და მისმა დებმა გადაწყვიტეს, უფრო აქტიურად ჩაერთონ მომხმარებლური სულისკვეთებით გაჟღენთილი სამყაროს ცხოვრებაში. მაგრამ ვინაიდან წესდებით მონასტერში ყოფნა ჰმართებთ, მათ გარე სამყაროზე ზემოქმედების ორიგინალური გზა გამონახეს. რამდენიმე დღის წინათ, წმინდა კლარას გარდაცვალების 750 წლისთავთან დაკავშირებით, მათ შექმნეს საკუთარი ვებგვერდი, რომელზეც ნაჩვენებია მონასტრის ცხოვრება: როგორ ასრულებენ მონაზვნები ყოველდღიურ მოვალეობებს. როგორ ლოცულობენ და შრომობენ. ამასთან, ისინი ინტერნეტის მეშვეობით უპასუხებენ დაინტერესებულთა შეკითხვებს, თუ რატომ აირჩიეს სამონასტრო ცხოვრება.


მონაზონთაგან დიდად განსხვავდება ე.წ. "ედეკანების" საქმიანობა მექსიკაში, თუმცა მასაც, გარკვეულწილად, აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს. ოღონდ, მონაზონთაგან განსხვავებით, ედეკანები სწორედ მომხმარებლური ცხოვრების ხელშეწყობას და არა მის უკუგდებას ემსახურებიან. საქმე ეხება ახალგაზრდა ტანწერწეტა ქალებს, რომლებსაც ტანზე მიტმასნილ ტანსაცმელს ამა თუ იმ პროდუქტის - ლუდისა თუ სალსას, სუპერმარკეტისა თუ სატელეფონო კომპანიის - რეკლამა უმშვენებთ. ესპანური ენის ლექსიკონში ვერ იპოვით ამ სიტყვას და მისი ზუსტი მნიშვნელობა არც ამ მომხიბვლელმა ქალბატონებმა იციან. "მოსიარულე იარლიყები" - მიახლოებით შეიძლება ასე გამოვხატოთ ამ ნეოლოგიზმის აზრი. ქალიშვილების ერთადერთი ამოცანაა მათ მიერ რეკლამირებულ პროდუქტზე მიაპყრონ გარშემო მყოფთა ყურადღება. ამის გაკეთება მათ არ უჭირთ, ვინაიდან, როგორც წესი, რეკლამები სხეულის განსაკუთრებით მიმზიდველ ნაწილებზე აქვთ მოთავსებული. მაგრამ, როგორც ერთ-ერთმა ასეთმა მოსიარულე იარლიყმა გაანდო ჟურნალისტებს, ამ პროფესიის გადამკიდე, დრო აღარ რჩება სიმპათიური მამაკაცების გასაცნობად. თუ შენს საქმეს კარგად აკეთებ, ისინი ყურადღებას შენ კი არ გაქცევენ, არამედ იმ პროდუქტს, რომელსაც უწევ რეკლამასო.


ამერიკელი მედიკოსების ცნობით, მათ ახალ წარმატებას მიაღწიეს ჭარბწონიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოსტონის ნიუ-ინგლენდის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა შექმნეს ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გულის რიტმის რეგულატორის ანალოგიურად არეგულირებს მადას. მისი მთავარი ამოცანაა, ჭარბწონიან ადამიანს ამცნოს, რომ მას არ შია. დოქტორმა სკოტ შიკორამ ჭარბწონიანობის კვლევის ასოციაციის კონფერენციაზე ახლახან გამოაცხადა, რომ ამგვარი მეთოდით ჭარბი წონის საშუალოდ 18 პროცენტით შემცირება შეიძლება. აპარტი მარტივ პრინციპს ემყარება. იგი კანქვეშაა მოთავსებული და კუჭს სპეციალური გამტარებით გადასცემს ინფორმაციას. ამერიკაში, სადაც ჭარბწონიანობა განსაკუთრებით დიდ პრობლემად არის ქცეული, აპარატზე დიდ იმედებს ამყარებენ. როგორც შიკორამ იხუმრა შეხვედრაზე, აპარტი წვეულებაზე მისულ პაციენტს აიძულებს მეზობელს გადაულაპარაკოს: "თუ შეიძლება, არ მომაწოდოთ შოკოლადის ტორტი."


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.

მომავალ პარასკევამდე.

XS
SM
MD
LG