Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა 16 ოქტომბრის საგანგებო სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1511-ტე რეზოლუციის ერთხმად მიღებას.

რეზოლუციის თანახმად, ოკუპირებულ ერაყში უნდა გაფართოვდეს გაეროს როლი, თუმცა სამხედრო ოპერაციებს ქვეყანაში კვლავაც შეერთებული შტატები უმეთაურებს. ხოლო ერაყის მმართველმა საბჭომ, 15 დეკემბრამდე, კონსტიტუციის მიღებისა და ქვეყანაში საყოველთაო არჩევნების ჩატარების კონკრეტული განრიგი უნდა წარმოადგინოს. როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, მართალია უშიშროების საბჭომ მოუწოდა თავის წევრ-ქვეყნებს - მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარებით თავიანთი წვლილი შეიტანონ ერაყის აღდგენის საქმეში, ნაკლებადაა მოსალოდნელი ხსენებულმა ქვეყნებმა მხარი აუბან ამ მოწოდებას. გაზეთი წერს:

"ის ქვეყნები, რომლებმაც უარი თქვეს ერაყში ჯარის გაგზავნაზე, აცხადებენ, რომ არ აპირებენ ახლო მომავალში თავიანთი პოზიციის შეცვლას. შედეგად, უშიშროების საბჭოს მოწოდება, რომ გაერომ უფრო აქტიურად ჩაებას ერაყის ახალი კონსტიტუციის მომზადებაში, და რომ დროულად მოხდეს ხელისუფლების გადაცემა ერაყელებისთვის, რეალობას მოკლებული, სიმბოლური ჟესტია უბრალოდ. და მაინც, შეერთებული შტატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის ერთხმად მიღება უშიშროების საბჭოში დამატებით ლეგიტიმურობას შემატებს ამერიკელი სამხედროების ყოფნას ერაყში".

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" აზრით, 1511-ე რეზოლუციის ერთხმად მიღება უშიშროების საბჭოს სხდომაზე 16 ოქტომბერს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ცხადყოფს, რომ ის განხეთქილება, ერაყთან ომის დაწყების წინ რომ მოხდა უშიშროების საბჭოში, წარსულს ჩაბარდა, რაც თავის მხრივ დააჩქარებს ერაყში მიმდინარე აღდგენით პროცესს. გაზეთი წერს:

"ვაშინგტონმა ამჯერად უფრო მოქნილი პოზიცია დაიკავა და გაითვალისწინა სხვა სახელმწიფოთა აზრი, რაც რეზოლუციის ტექსტშიც აისახა. უმრავლესობა რეზოლუციის პროექტში შეტანილი ცვლილებებისა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ვაშინგტონის ახალმა, საქმიანმა ტონმა უარყოფითი პოზიცია შეაცვლევინა უშიშროების საბჭოს არაერთ წევრს. თუმცა მიღებული რეზოლუცია არ ავალდებულებს უშიშროების საბჭოს წევრებს რაიმე კონკრეტული მოიმოქმედონ ერაყში, ასე რომ ერაყის აღდგენის პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვის მნიშვნელოვან გაზრდას ნაკლებად უნდა მოველოდეთ".

ხოლო გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიმომხილველი სტეფან ულრიხი მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს მიერ ხუთშაბათს ერთხმად მიღებული რეზოლუცია "ერაყში შექმნილი უიმედო ვითარების მორიგი დასტურია".

"ისლამური ანტი-სემიტიზმი", ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში". გაზეთი აღშფოთებას არ მალავს 57-წევრიანი ორგანიზაციის ისლამური კონფერენციის სამიტის გახსნაზე, ხუთშაბათს ქუალა ლუმპურში, მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ანტი-სემიტური განცხადების გამო. სტატიაში ვკითხულობთ:

"ძნელია გაარკვიო, რა უფრო საგანგაშოა - ებრაელებისადმი სიძულვილით გამსჭვალული განცხადება მალაიზიის პრემიერ-მინისტრისა ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის სამიტზე, თუ ის აპლოდისმენტები, დარბაზში მყოფმა მეფეებმა, პრეზიდენტებმა და ემირებმა რომ მიაგებეს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გაოსულ მაჰათირ მოჰამადს. "ებრაელები, მართალია ცოტანი არიან რიცხობრივად, მაგრამ მსოფლიოს მართვას ესწრაფვიანო", განაცხადა მაჰათირ მოჰამადმა. როცა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოჰამადის განცხადებამ მათ ჰიტლერი გაახსენა, ქუალა ლუმპურში შეკრებილი მუსლიმანი ლიდერები გაოცდნენ. იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სავსებით ეთანხმება თავის მალაიზიელ კოლეგას, და თან დასძინა, "მსოფლიო ეკონომიკასა და მედიას უმეტესწილად ებრაელები აკონტროლებენო". ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მაჰერმა მაჰათირ მოჰამადის განცხადებას "ბრძნული, მეტად ბრძნული შეფასება" უწოდა. თავად ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თქვა, რომ მოჰამადის გამოსვლა "მეტად კორექტული" იყო. მაჰმადიანებისადმი თანაგრძნობა რასიზმისადმი შემწყნარებლობაში არ უნდა აგვერიოს."
XS
SM
MD
LG