Accessibility links

ვის ავირჩევთ 2 ნოემბერს, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე კვლავ გაუგებარია


თამარჩიქოვანი, თბილისი არჩევნებამდე 2 კვირით ადრე საქართველოში საინტერესო ვითარება იქმნება: თუ ამომრჩეველთა ერთი ნაწილი იმაზე ზრუნავს, რომ 2 ნოემბერს შეძლოს არჩევანის უფლების გამოყენება, დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილი

სასამართლოში იმას ამტკიცებს, რომ აქვს უფლება, იყოს არჩეული. ვის ვისი არჩევის საშუალება ექნება 2 ნოემბერს?

თუ თქვენი ბინის კარზე ბოლო ორი კვირის მანძილზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა მოაკაკუნა ამომრჩევლის სიაში თქვენი ყოფნა-არყოფნის გადასამოწმებლად, თუ საარჩევნო სიის კომპიუტერულ ვერსიაში თქვენს მონაცემებს აღმოაჩენთ, მაინც ნუ დაიჯერებთ, რომ 2 ნოემბერს, საარჩევნო უბანში მისული, შეძლებთ არჩევანის გაკეთებას. გამორიცხული არ არის, სიაში საკუთარი გვარი ვერ აღმოაჩინოთ. შესაბამისად, ყველაფერს აჯობებს, 22 ოქტომბრამდე მოიცალოთ და თქვენს საარჩევნო უბანში, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გადაამოწმოთ თქვენი საკონსტიტუციო უფლება, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში.
18 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იმის გარკვევას ცდილობდნენ, თუ, დიდი მონდომების მიუხედავად, რატომ არის ვაკხანალია საარჩევნო სიებში. კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ძველი შემადგენლობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიები ყოველგვარი ხარვეზების გარეშე გადაეცა, ელეტრონული ვერსია კი დიამეტრულად განსხვავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული სიისგან. შესაბამისად, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, დღეს არსებულ სიაში შეცდომები შეგნებულად გაკეთდა, რათა, შედეგად, განცხადებები გაკეთებულიყო ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობაზე. იმავე მოსაზრებას იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი, რომელიც სიის განზრახ დამახინჯებაში ზოგიერთი პარტიის ფარულ მიზანს ხედავს. კერძოდ, ნანა დევდარიანის აზრით, სიების არასრულყოფილების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟით ისარგებლებდა ზოგიერთი პარტია და თავის მიერ შედგენილი სიების გამოყენებას შეეცდებოდა. ამ სიებში კი, როგორც ამბობენ, კონკრეტული პარტიების მხარდამჭერები ჭარბობენ. თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდებია. შინაგან საქმეთა მინისტრი ამ საკითხში გარკვევისა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას აპირებს. ამჟამად კი ცენტრალური საარჩევნო კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სიების გადამოწმებით არიან დაკავებულნი.
შაბათს თბილისის სასამართლოები იმ სარჩელებს განიხილავდნენ, რომლებიც ამა თუ იმ დეპუტატობის კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნა-არ მოხსნის საკითხს შეეხებოდა. სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", მხარდამჭერთა სიების გაყალბების მოტივით, არჩევნებიდან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ქამალ მურადხანოვის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვდა ბოლნისის საარჩევნო ოლქში. იმავე ბლოკს პრეტენზიები აქვს გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის გელა ძინძიკაშვილის მიმართ - მას მხარს ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" უჭერს. დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბარამიძის არჩევნებიდან მოხსნას უკვე აღორძინება მოითხოვდა. იმის გათვალისწინებით, რომ თავიანთ კანდიდატებს მხარდაჭერას უცხადებნენ სასამართლოების შენობასთან შეკრებილი გულშემატკივრები, შეიძლება ითქვას, რომ, დასვენების დღის მიუხედავად, შაბათს თბილისი ისევ და ისევ მოახლოებული არჩევნებით ცხოვრობდა.

XS
SM
MD
LG