Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი ორი დეპუტატი შიმშილობს


ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თეორიულად არჩევნების შედეგების გაყალბების, სულ მცირე, ორი სერიოზული საფუძველი არსებობს: არაზუსტი საარჩევნო სიები და გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის საარჩევნო

ხმები. ამ უკანასკნელი მიმართულებით კი იკვეთება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური პრობლემები. თუმცა როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი გოჩა ფიფია ამტკიცებს, პრობლემებს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული კრიმინალური კლანები ხელოვნურად ქმნიან. პროტესტის ნიშნად გოჩა ფიფიამ 17 ოქტომბერს შიმშილობის აქცია წამოიწყო. პარტიული სპექტრიდან მას სოლიდარობა მხოლოდ ლეიბორისტულმა პარტიამ გამოუცხადა. ამ დროისათვის შიმშილობის აქციაში, გოჩა ფიფიას გარდა, მონაწილეობს ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი გია დანელია და პარტიის ადგილობრივი კოორდინატორი დავით სორდია. რას აპროტესტებენ მოშიმშილეები და გასაზიარებელია თუ არა მათი ეჭვები?

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის განმავლობაში გალის რაიონში დაბრუნებულ ქართველ მოსახლეობას წელს პირველად ეძლევა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. გალის რაიონში სპონტანურად დაბრუნებული დევნილები საერთო საარჩევნო სიებში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არიან შეტანილნი. მათი უმრავლესობა, ამ პრინციპით, საარჩევნო ხმის უფლებას ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში გამოიყენებს. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალები გალელ ქართველებს ენგურსგამოღმა გადმოსვლაში შეძლებისდაგვარად შეუშლიან ხელს. საწინააღმდეგო ინფორმაცია აქვს მოშიმშილე დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ფიფიას. მისი აზრით, ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების უკვე დაწყებულ პროცესში აფხაზი სეპარატისტების ნაწილიც მონაწილეობს.
[გოჩა ფიფიას ხმა] "კონკრეტულად ფაქტები არის ის, რომ გარკვეული, მე ვიტყოდი, კრიმინალური დაჯგუფებები - და არა, სხვათა შორის, ზუგდიდის წარმომადგენლობები - აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რამდენიმე დღის წინ აფხაზურ მხარესთანაც და ქართულ მხარესთანაც, რომელთაც აფხაზებთან აქვთ აი, ასეთი ურთიერთობა და გალის რაიონთან და ამომრჩევლებთან, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ან შეშინების გზით, ან სხვა გზით და საუბარია, რომ ყუთები გადატანილ იქნას იქეთ. ესე იგი ეს არის დაახლოებით 30000-40000 ამომრჩეველი."(სტილი დაცულია)
გალის რაიონში საარჩევნო ყუთების გადატანის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული ბონდო ჯიქია იყო. მან ეს ინიციატივა ხელისუფლების მაჟორიტარი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას წარდგენაზე გაახმოვანა. მისი მოტივი, ერთი შეხედვით, გასაზიარებელია: ვინაიდან აფხაზური მხარე ქართველების ენგურსგამოღმა გადმოსვლას ართულებს, ყუთებს დამკვირვებლები და შეიარაღებული დაცვა ვაახლოთ და თავად მივართვათ გალის ქართველ ამომრჩევლებსო.
რწმუნებულის აპარატში, როგორც ჩანს, ოპოზიციური ძალების ზეწოლის შემდეგ, შეხედულება შეცვალეს. უახლესი ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მსურველები გალიდან თავად უნდა შემოვიდნენ ზუგდიდის რაიონში. და ეს მაშინ, როცა წინასაარჩევნოდ გამკაცრდა არა მარტო დროებითი საზღვრის გადმოლახვის რეჟიმი, არამედ მგზავრობის პირობებიც: გალიდან ზუგდიდში გადმოსვლა ამ დღეებში საგრძნობლად გაძვირდა და 7 ლარი ღირს.
არსებობს ურნების გალში გადატანის ალტერნატიული გზაც. ესაა დროებით საზღვრისპირა ქართულ სოფლებში დევნილთათვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის ალბათობა, ანუ დეპუტატობის კანდიდატთა შიმშილობის კიდევ ერთი მიზეზი. ლეიბორისტული პარტიის ზუგდიდიდის რაიონის კოორდინატორის დავით სორდიას თქმით, ენგურის განაპირა სოფლებში გახსნილი დამატებითი უბნებიდან ყუთების ენგურსგაღმა გატანა ხელისუფლებასთან დაახლოებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს არ გაუჭირდებათ. მით უმეტეს, რომ ამის პრაქტიკა 1999 წლის არჩევნებში უკვე არსებობს.

[დავით სორდიას ხმა] "გვაქვს ინფორმაცია, რომ 15 000 ბიულეტენი - როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული - შემოტანილია ზუგდიდში და ელოდებიან განკარგულებას დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე, სადაც მოხდება ტოტალური გაყალბება არჩევნების. "

დავით სორდიას ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე გიორგი რევია.

[გიორგი რევიას ხმა]"დამატებითი უბნების გახსნა, არაფერი დამატებითი უბნების გახსნა არ იქნება. დღეს უკვე უბნის გახსნის საბოლოო დღეა, 18 რიცხვია და დამატებით ჩვენ არაფერი არ გაგვიხსნია."

და მაინც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება დევნილთა ხმების დაკარგვას არ დაუშვებს და საამისოდ ყველა ნებადართულ და აკრძალულ მეთოდს გამოიყენებს. გალში დევნილთაგან 10 000 საარჩევნო ხმაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ზუგდიდის რაიონში ხელისუფლებამ ლიდერობა გაინაღდოს.
XS
SM
MD
LG