Accessibility links

logo-print

პაპი იოანე პავლე მეორე 25 წელია, სათავეში უდგას კათოლიკურ ეკლესიას


ორიოდე დღის წინ რომის ცენტრში გადაშლილი მოედანი ასიათასამდე ადამიანით გაივსო: მორწმუნეებმა, ცნობილმა სასულიერო პირებმა, პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, კათოლიკური

ეკლესიის თავკაცთან იოანე პავლე მეორესთან ერთად აღნიშნეს მისი პაპად მოღვაწეობის 25თ-წლიანი იუბილე. პეტრეს მოედანზე საზეიმო ღვთისმსახურების დაწყებამდე პაპს მთელი ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა კარდინალმა იოზეფ რაცინგერმა, რომლის თქმით, იოანე პავლე მეორისადმი მადლიერების გრძნობით არაკათოლიკეებიც კი არიან გამსჭვალული. მართალია, ამ სიტყვების მართებულობაში ეჭვი შეგვეპარება, თუ პაპის საქართველოში სტუმრობას გავიხსენებთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იოანე პავლე მეორე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტიანი მოღვაწეა, ადამიანი, რომელსაც რელიგიებსა და კულტურებს შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის დიდი პატივისცემით ეპყრობიან.

მის მიერ განვლილ ბოლო 25თ წელიწადზე ახლა ვისაუბრებთ. თუმცა, ჯერ თვით პაპს მოვუსმინოთ: გთავაზობთ ნაწყვეტს მიმართვიდან, რომლითაც მან ვატიკანში შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა 1978 წლის 16 ოქტომბერს: [იოანე პავლე მეორის ხმა]
"არ ვიცი, შევძლებ თუ ვერა აზრის გამოთქმას თქვენს - ჩვენს იტალიურ ენაზე. თუ შეცდომებს დავუშვებ, შემისწორებთ..."

იოანე პავლე მეორე, როგორც ეს მორწმუნეს შეშვენის, თავმდაბალი ადამიანია, თორემ ენობრივი შეცდომების, წესით არ უნდა ეშინოდეს. პირველი პოლონელი და, იმავდროულად, საუკუნეების მანძილზე პირველი არაიტალიელი კათოლიკური ეკლესიის სათავეში, საუცხოოდ ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს, იტალიურს, ლათინურს - მშობლიურ პოლონურზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთი ეს არის, რომ პარკინსონის სინდრომით დაავადებულ 83 წლის მოხუცს ბოლო დროს უკვე ძალიან უჭირს მეტყველება. [იოანე პავლე მეორის ხმა]

ეს იყო ნაწყვეტი ორიოდე დღის წინ, 16 ოქტომბერს რომში ჩატარებული ღვთისმსახურებიდან. [მარიანე ჰაიმბახ-შტაინესის ხმა] "პაპის მოღვაწეობა მისი მრავალწლიანი პონტიფიკატის მანძილზე მრავალ სფეროს უკავშირდება და მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ეკლესიის ხმას მთელს მსოფლიოში ანგარიშს უწევენ. მაგრამ არის საკითხებიც, რომლებთან კავშირშიც პაპის მოღვაწეობა პრობლემატურია. მაგრამ როცა ვფიქრობ პაპის სამშვიდობო ძალისხმევაზე, მის ღვაწლზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რელიგიებს შორის, განსაკუთრებით ებრაელებთან შერიგების საქმეში, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ იოანე პავლე მეორემ დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას."

გერმანელი თეოლოგი, ბამბერგის უნივერსიტეტში მოღვაწე მარიანე ჰაიმბახ-შტაინესი, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრეფნი ორურკი, არც იმ ღვაწლს ივიწყებს, რომელიც პოლონელ პაპს კომუნიზმისაგან ევროპის გათავისუფლებაში მიუძღვის. 70-იან და 80-იან წლებში იოანე პავლე მეორე დიდ მხარდაჭერას უწევდა თავის სამშობლოში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობა "სოლიდარობას", რომელმაც საბოლოოდ, წამყვანი როლი შეასრულა რეჟიმის დამხობაში. სხვათა შორის, "სოლიდარობის" მაშინდელი ლიდერი, მოგვიანებით კი პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, ისევე როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი ხუთშაბათს რომში პაპის იუბილის აღსანიშნავად შეკრებილებს შორის იყვნენ.

ინგლისელი თეოლოგი დევიდ ტომპსონი პაპის უდიდეს წარმატებას მაინც რელიგიათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში ხედავს: [დევიდ ტომპსონის ხმა] "ის უდავოდ ერთ-ერთი უდიდესი პაპია, რაც შეეხება რელიგიათა შორის ურთიერთობას. მისი მოგზაურობა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სხვა რელიგიის მიმდევარია, მისი სიმბოლური ჟესტი იერუსალიმში, ებრაელთა გოდების კედელთან, მისი სტუმრობა დამასკოს უმაიადის მეჩეთში (ის პირველი პაპია, რომელმაც მეჩეთში ფეხი შედგა)... ყოველივე ეს მის სასარგებლოდ მეტყველებს - ეს არის პაპი, რომელმაც ძალიან პოზიტიური ნაბიჯები გადადგა რელიგიათა შორის ურთიერთობის სფეროში". მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ პაპის მისწრაფება, გააუმჯობესოს ურთიერთობა სხვა ქრისტიანებთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ასეთი წარმატებით არ დაგვირგვინებულა - ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით.

საერთოდ, პაპისთვის არც წარუმატებლობა და კრიტიკაა უცხო ხილი. კრიტიკას მიეჩვია, მაგალითად, ცნობილი შვეიცარელი თეოლოგის, პროფესორ ჰანს კიუნგისაგან: [ჰანს კიუნგის ხმა] "საუკუნის უდიდეს პაპად მიმაჩნია მამა რონკალი, იოანე 23-ე, რომელმაც ვატიკანის მეორე კრებით ეკლესიას ახალი იმედი ჩაუსახა. იოანე პავლე მეორე კი, ვფიქრობ, ყველაზე წინააღმდეგობრივი პაპია, რომელმაც თავისი წინააღმდეგობრიობით ბევრი სიკეთე გააკეთა, მაგრამ ვატიკანის კრების შემდეგ ეკლესია ეპოქალურ კრიზისში ჩააგდო". ჰანს კიუნგმა იოანე 23-ე ახსენა. ამ უკანასკნელმა 1962 წელს მოიწვია საეკლესიო კრება, რომლითაც მიზნად ისახავდა კათოლიკური ეკლესიის ლიბერალიზაციას და მოდერნიზაციას. მაგრამ რეფორმების მოსურნე პაპს დიდხანს აღარ უცოცხლია, მომდევნო პაპებს კი, მათ შორის იოანე პავლე მეორეს, ლიბერალიზაციის სურვილი არ აღმოაჩნდათ.

არადა ეკლესია, ჰანს კიუნგის აზრით, კრიზისს თავს ვერ დააღწევს, მომავალშიც დაკარგავს მიმდევრებს ახალგაზრდებში, თუ არ გადაისინჯა დამოკიდებულება ადამიანის სქეობრივი ცხოვრების, კონტრაცეპტივების, ქალთა სტატუსის, საეკლესიო იერარქიაში ქალის ადგილის მიმართ.

მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ყველა ამ საკითხში კონსერვატიულმა, თან ავადმყოფობით დასუსტებულმა იოანე პავლე მეორემ ეკლესიის შიგნით რეფორმების განხორციელება მოისურვოს, ან რომ მოისურვოს კიდეც - ეს შეძლოს. გარდა ამისა, ახლა ვატიკანში რეფორმების კი არა ზეიმის დროა! [იოანე პავლე მეორის ხმა - ის მადლობას უხდის ყველას, ვინც მას პაპად მოღვაწეობის იუბილე მიუოლცა.]

კვირას პაპი ნეტარად შერაცხავს სახელგანთქმულ კათოლიკე მოღვაწეს -დედა ტერეზას.
XS
SM
MD
LG