Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრონიკული ტკივილის პრობლემა ევროპის ქვეყნებში


ანდრო ეული, პრაღა ლონდონში ახლახან გამოქვეყნებული პირველი საანგარიშო მოხსენების თანახმად,

მოსახლეობის 20 პროცენტს ევროპაში აუტანელი ტკვილის პირობებში უხდება ცხოვრება, ხოლო 15 მილიონამდე ევროპელი, საშინელი ტკივილის გამო თვითმკვლელობაზე ფიქრობს. მოხსენებაში აღნიშნულია ამასთანავე, რომ იმ ქვეყნების ეკონომიკა, სადაც გამოკვლევა ჩატარდა, 40 მილიარდი დოლარით ზარალდება ყოველწლიურად ქრონიკული ტკივილის გამო.


ათ წელიწადზე მეტია უკვე, რაც 29-წლის ალის პეტერსონს ათასნაირი წამლების ყლაპვა უხდება ყოველდღიურად აუტანელი ტკივილის გასაყუჩებლად. ბრიტანული ჩოგბურთის მესვეურნი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ალისს 11 წლის წინათ, როცა გოგონა, სრულიად მოულოდნელად, რევმატოიდული ართრიტით დაავადდა. მას შემდეგ ალის პეტერსონი გამუდმებულ ტკივილს განიცდის
[ალის პეტერსონის ხმა]: "ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ჩემთან შეხება. თუ ვინმე შეეცდებოდა ჩემს დამშვიდებას, კანკალს ვიწყებდი. ყოველი შეხება ისეთ ზეწოლას ახდენდა ჩემზე, რომ თითქოს ბავშვი ვხდებოდი ისევ. მხოლოდ ამ გზით შემიძლია ავხსნა განცდილი. გრძნობთ საშინელ ტკივილს, და თქვენ სხვა ადამიანებზე ხართ მთლიანად დამოკიდებული. ხართ უსუსური. და აგონიაა თავად ერთი ფეხის გადადგმაც. თითქოს ხაჯლებზე აბიჯებთ. ესაა ტკივილი, რომელსაც ვერ აღვწერ".

ალისის მსგავსად, 75-ტ მილიონამდე ევროპელი, ანუ ყოველი ხუთიდან ერთი ევროპის 16 სახელმწიფოში, სადაც გამოკვლევა ჩატარდა, ეკუთვნის "ქრონიკული ტკივილით ტანჯულთა კატეგორიას", რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა საშუალოდ 7 წელი იცხოვრეს გამუდმებული ტკივილის პირობებში. უფრო მეტიც, ერთ მეხუთედს ამ ადამიანებისას 20 ან მეტი წელიწადია უკვე, რაც ქრონიკული ტკივილი აწუხებს.

საანგარიშო მოხსენება გამოქვეყნდა 12-დან 19 ოქტომბრამდე მიმდინარე "ტკივილის საწინააღმდეგო ევროპული კვირეულის" ჩარჩოებში. ეს კვირეული მოეწყო ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის ევროპული ფედერაციის ინიციატივით. ევროპის 16 ქვეყანაში ჩატარებული კვლევისა და ხსენებული კვირეულის მოსაწყობად საჭირო სახსრები ბრიტანეთის სამედიცინო კომპანია "მუნდიპარმა ინტერნეიშენალმა" გაიღო.

ლონდონში გამოქვეყნებული საანგარიშო მოხსენება ტკივილის პრობლემასთან დაკავშირებით ევროპის 16 სახელმწიფოში ჩატარებულ კვლევაზეა დაფუძნებული. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში: ავსტრიაში, ბელგიაში, ფინეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთში, შვეციასა და დიდ ბრიტანეთში, აგრეთვე ევროკავშირის არაწევრ-ქვეყნებში: ისრაელში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვეიცარიაში.

მოხსენების თანახმად, ქრონიკული ტკივილის მქონეთა რიცხვი ყველაზე მაღალია ნორვეგიაში, პოლონეთსა და იტალიაში, სადაც ზრდასრული მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტს ქრონიკული ტკივილი აწუხებს. გაუკეთა რა კომენტარი ქრონიკული ტკივილის გამომწვევ მიზეზებს, ნორვეგიელმა ექიმმა ჰარალდ ბრეივიკმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა [ჰარალდ ბრეივიკის ხმა]: "ცხადია, რაც უფრო ხანდაზმული ხართ, მით უფრო ხშირად იგრძნობთ ქრონიკულ ტკივილს. 60-70 წლის ასაკში ოთხჯერ მეტია იმის რისკი, რომ ქრონიკული ტკივილი იგრძნოთ, ვიდრე 20-30 წლის ასაკში. მოსახლეობა ნორვეგიაში ოდნავ უფრო მეტი ხნისაა ვიდრე სხვა ქვეყნებში. ალბად კლიმატური პირობებით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ნორვეგიაში ბევრს სტკივა სახსრები და კუნთები. მაგრამ ვერ გამიგია, რატომ ხდება იგივე იტალიაში. ეს, ნამდვილად გაუგებარია ჩვენთვის".

საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქრონიკულ ტკივილს ყველაზე ხშირად ზურგის ტკივილი, აგრეთვე ართრიტი და ოსტეო-ართრიტი იწვევს.

საანგარიშო მოხსენების თანახმად, ქრონიკული ტკივილის პრობლემა არსებით ზეგავლენას ახდენს ევროპის ეკონომიკაზე. მოხსენების ავტორთა გამოანგარიშებით, ტკივილის გამო კონტინენტზე ხუთას მილიონამდე სამუშაო დღე იკარგება ყოველწლიურად, რაც ევროპის ეკონომიკას 40 მილიარდამდე დოლარი უჯდება. ყოველი ხუთი დაავადებულიდან ერთი, ტკივილის გამო უმუშევარი დარჩა.
XS
SM
MD
LG