Accessibility links

logo-print

ჰააგის 4 დღიანი ქართულ-ოსური კონსულტაციები უშედეგოდა დასრულდა


როგორც დაგპირდით, ვუბრუნდებით ჰააგაში 14-17 ოქტომბერს ჩატარებული ქართულ-ოსური პოლიტიკური კონსულტაციების თემას, რადგან ახლა გვაქვს საშუალება მის შედეგებზე ვისაუბროთ. ეს მრავალმხრივი მოლაპარაკებები

ნაცვლად პარასკევი დილისა შაბათს გამთენიისას დასრულდა. ახლავე გეტყვით, რომ ჰააგის რაუნდის მონაწილეები არათუ შეთანხმდნენ რაიმე საკითხზე, ოქმისთვისაც კი არ მოუწერიათ ხელი.

პარასკვეს საღამოს, როცა ყველაფერი დასრულებული უნდა ყოფილიყო, ამაოდ ვცდილობდი ჰააგაში ქართულ-ოსური კონსულტაციების მონაწილეებთან დაკავშირებას. მიზეზი მარტივი იყო - მხარეები მოლაპარაკებებს განაგრძობდნენ. კონსულტაციების გახანგრძლივების გამო (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის დილის 5 საათზე დასრულდა) უფრო იმის მოლოდინი გამიჩნდა, რომ მხარეები რაღაცაზე შეთანხმებას ცდილობდნენ. თუმცა, ქართულ-ოსური მოლპარაკებების წინასწარი ფონი, რომ ოსების მხარეს სტატუსზე ლაპარაკი საერთოდ არ სურდა, სერიოზული ეჭვის ადგილს მიტოვებდა. რადგან, რამდენი შეხვედრაც არ უნდა მიეძღვნას ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას, სტატუსის საკითხის გადაუჭრელად, შეთანხმება ვერ მოხერხდება. აქ პოზიციები ძველია და ნათელი: ცხინვალის ხელისუფლება კვლავ იმ აზრზეა, რომ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელია და ამას არავინ უნდა შეეხოს; საერთაშორისო საზოგადოებრიობა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასაც საქართველოს ფარგლებში განიხილავს; საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც, ბუნებრივია, იგივეა; რაც შეეხება ცალკე რუსეთს, რომელიც მოლაპარაკებებზე შუამავალ მხარედ გამოდის, ოფიციალურად ისიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთოს ფარგლებში დღემდე მიმდინარე ყველა პოლიტიკურ კონსულტაციაზე ცდილობდა ქმედითი შუამავლის როლი ეთამაშა. გულში რა ედო, ამაზე ვარაუდებს არ შევუდგები, მაგრამ რუსეთის მხარე, როგორც ამას ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ადასტურებს, ცდილობდა თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოეჩინა მოლაპარაკებებზე. რა მოხდა 14-17 ოქტომბერს ჰააგაში - რა სურდა ოსთა დელეგაციას და რის მიღწევას ცდილობდა თბილისიდან ჩასული ჯგუფი. რა როლი შეასრულეს შუამავლებმა ამ შეხვედრაში. თავდაპირველად მხარეების მთავარი განხეთქილების მიზეზზე მოგახსენებთ, უფრო ზუსტად კი ამაზე ისაუბრებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში - ირაკლი მაჭავარიანი:

[მაჭავარიანის ხმა]
"ჩვენი სურვილი იყო, რომ ოქმში დაფიქსირებულიყო მხარეების ნება, რომ ეწარმოებინათ დიალოგი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი საბოლოო მოწესრიგების მიმართულებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ოსურმა მხარემ ეს არ ისურვა. მათ შემოიტანეს ისეთი თემები, რომლებმაც დესტრუქციული ხასიათი მისცა მოლაპარაკებას, კერძოდ: 1989-92 წლებში ოსი ხალხის გენოციდის თაობაზე დაიწყეს ლაპარაკი, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო არამარტო ჩვენთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და შედეგად მათმა ასეთმა დესტრუქციულმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ფაქტიურად, მოლაპარაკება დამთავრდა უშედეგოდ".

პირველი შეკითხვა, რაც ალბათ ყველას გაუჩნდებოდა, არის - რა პოზიცია დაიკავა რუსეთის დელეგაციამ, როცა ნათელი გახდა, რომ შეხვედრა გამწვავდა და ჩიხში შესვლა გარდაუვალი იყო? ჩემი რესპონდენტის თანახმად, რუსეთის დელეგაცია განსაკურებული პასიურობით გამოირჩეოდა. ირაკლი მაჭავარიანმა შესადარებლად წარსული შეხვედრებიც გაიხსენა:

[მაჭავარიანის ხმა]
"არასდროს სხვა მოლაპარაკებებზე ასეთი პასიურობა მათ არ გამოუჩენიათ. განსაკუთრებით, როცა საქმე იქით მიდიოდა ხოლმე, რომ შეიძლებოდა მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრებულიყო, ეს მათ ყოველთვის აწუხებდათ, რადგან შუამავლის საქმე ის არის, რომ რაღაცა შედეგს მიაღწიოს. ახლა არც ამან არ შეაწუხათ, საიდანაც ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ, როგორც ჩანს, ასეთი აგრესიული და დესტრუქციული დამოკიდებულება, ეს იყო თავიდანვე გათვლილი და ნაანგარიშევი, რომ მოლაპარაკებების ეს რაუნდი დამთავრებულიყო უშედეგოდ".

პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი არ ამტკიცებს, რომ ჰააგის მოლაპარაკებები სიმწვავით აჭარბებდა ეუთოს ეგიდით დღემდე ჩატარებულ სხვა შეხვედრებს, ერთადერთი განმასხვავებელი სწორედ შუამავლის როლი იყო, რომელმაც ამჯერად პასიურობა აირჩია. ირაკლი მაჭავარიანის აზრით, რუსეთის ტაქტიკის ამგვარი ცვლილება ბევრს ვერაფერს დაუშავებს საქართველოს პოზიციას, თუმცა კი, საზიანო აღმოჩნდება ისევ რუსეთისთვის, რომლის, როგორც შუამავლის იმიჯიც შეილახება. აკი, ამის ხათრით ცდილობდა კიდეც რუსეთის, რომ ეფექტიანი შუამავლის შთაბეჭდილება მოეხდინა. სხვა მხრივ მოლაპარაკებებში მისი მხარედ მონაწილეობა გამოირიცხებოდა კიდეც. რუსეთი (ოფიციალურად მაინც) ვერ განაცხადებს, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტში დაინტერესებული მხარეა და ამიტომ უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში. ეს ყველაფერი ვარაუდებია, რაზეც პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გარკვეული მოსაზრება გააჩნია, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი ეჭვების გადამოწმებას შეეცდება და თავს შეიკავებს სახალხო განცხადებისგან.

[მაჭავარიანის ხმა]
"მე მაქვს ამაზე ჩემი მოსაზრებები, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალია და გადაუმოწმებელი და ჯერჯერობით არ ვისურვებდი ამაზე საჯაროდ საუბარს".

რუსეთი რუსეთად, მაგრამ რა როლი შეასრულა ჰააგაში თავად ეუთომ, ამის თაობაზე ჩემი მოსაუბრე ამბობს:

[მაჭავარიანის ხმა]
"რაც შეეხება ეუთოს და სხვა მონაწილეებს. აქ ევროკავშირის წარმომადგენლებიც იყვნენ. მათი როლი არის სწორედ იმაში, რაც მე უკვე მოგახსენეთ: მათ უნდა შეაფასონ პროცესის მიმდინარეობა, გააკეთონ ანალიზი - ვინ რა როლს თამაშობს ამ პროცესში, გააკეთონ დასკვნები და ამის მიხედვით იმოქმედონ. ამიტომ ვთქვი, რომ რუსეთი თუ ბოროტად გამოიყენებს თავის პოზიციას და მომავალში კიდევ გააგრძელებს ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, ალბათ, ეს არ დამთავრდება მათთვის კარგად იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა - ეუთოსა და ევროკავშირს ვგულისხმობ - სათანადოდ შეაფასებენ რუსეთის როლს ამ პროცესში და დასკვნებსაც გააკეთებენ".

ირაკლი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ბოლო ქართულ-ოსურ კონსულტაციებში ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ცნობისათვის: ჰააგის შეხვედრა გახლდათ პირველი პოლიტიკური მოლაპარაკება საქართველოს შიდა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხზე, რომელშიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ჰაიკი ტალვიტიე მონაწილეობდა. კონფლიქტებზე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლის გაზრდის შესაძლებლობის თემაზე უფრო ვრცლად სამშაბათს გესაუბრებით პროგრამაში - "ახალ ევროპა". დღეს მხოლოდ ჰააგის შეხვედრის შედეგებს შევეხებით.

მიუხედავად ყველაფრისა, ოთხი დღის განმავლობაში კონფლიქტში მონაწილე და შუამავალი მხარეები ისხდნენ ჰააგაში და რაღაცაზე მსჯელოდნენ. რას შეეხებოდა კონკრეტულად ეს საუბარი. სამწუხაროდ, ცხინვალის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ შევძელი. იქაური საგარეო საქმეთა მინისტრის მურად ჯიოევის მისაღებში მიპასუხეს, რომ ის ჯერ არ დაბრუნებულა. ამის გამო ისევ ირაკლი მაჭავარიანის მონათხრობს შემოგთავაზებთ:

[მაჭავარიანის ხმა]
"ოთხივე დღე ერთსა და იმავე საგანზე მიმდინარეობდა დისკუსია: ქართულმა მხარემ ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტები, სამი საკითხი იყო ჩვენი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, მეათე შეხვედრა იყო საექსპერტო ჯგუფისა და რომ ამ პროცესს შეენარჩუნებინა მემკვიდრეობითობა: კერძოდ - რაც წინა შეხვედრებმა მოიტანა, ყოფილიყო გაგრძელებული და გაძლიერებული; მეორე საკითხი ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროკავშირის როლი მოლაპარაკებების პროცესში დაფიქსირებულიყო მკვეთრად და გარკვეულად, რომ ევროკავშირი გამხდარიყო პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე, რასაც ჩვენ იმით ვხსნიდით, რომ არსებული ფორმატით ბევრს ვეღარაფერს ვაღწევთ და იქნებ სასარგებლო იყოს ახალი მონაწილეების ჩართვა, ან თუ გნებავთ ძველი მონაწილეების გააქტიურება ამ პროცესში".

მესამე, რასაც საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია ითხოვდა, გახლდათ პარალელიზმის პრინციპის დაცვა ეკონომიკური დახმარების პროცესსა და პოლიტიკური შეთანხმებების პროცესს შორის, ანუ თუკი დღემდე ცხინვალის პოზიცია როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ იყო - დაგვეხმარეთ ეკონომიკურად და პოლიტიკურ დათმობებზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა ქართულმა მხარემ მოითხოვა პარალელიზმის დაცვა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს შორის.

ასეთი გახლავთ ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც შევძელით ნიდერლანდების დედაქალაქში 14-17 ოქტომბერს ჩატარებული ქართულ-ოსური მოლაპარაკებების შესახებ და რომელსაც ესწრებოდნენ ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რუსეთის ხელისუფლებისა და ცალკე ჩრდილოეთი ოსეთის დელეგაციები.
XS
SM
MD
LG