Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი - თავშესაფარი უმუშევრებისათვის


20 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების მიერ წარმოდგენილი დეპუტატობის კანდიდატთა საბოლოო სიები გამოაქვეყნა.

მათი ზერელე დათვალიერებაც კი საშუალებას იძლევა დავასკვნათ: ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე უხვად უმუშევართა მრავალათასიანი არმია იქნება წარმოდგენილი. საქმე ისაა, რომ ასობით დეპუტატობის კანდიდატს გრაფაში - სამსახურის ადგილი - მითითებული აქვს: უმუშევარი. რასთან გვაქვს საქმე - პოლიტიკოსთა მორიგ ხრიკებთან თუ რეალურ უმუშევართა მხრიდან სამსახურის შოვნის მცდელობასთან?

სასეიროდ, რამდენიმე ცნობილი უმუშევრის გვარს დაგისახელებთ: ჯონდი ბაღათურია, ირინა სარიშვილი-ჭანტურია, პანტელეიმონ გიორგაძე, ალექსანდრე ჭაჭია, მამუკა გიორგაძე და ასე შემდეგ.

თუმცა, სანამ უმუშევარ პოლიტიკოსთა ვნებებზე ვისაუბრებთ, ღირს ორიოდე სიტყვით ზოგადად უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემასაც შევეხოთ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 11-12 პროცენტის მიდამოებში მერყეობს. ხოლო იმაზე, თუ ვინ ითვლება უმუშევრად და ვინ დასაქმებულად, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სტატისტიკის დეპარტამენტის შიდა მეურნეობების კვლევის სამმართველოს უფროსს ნოდარ კაპანაძეს ვთხოვე.

[ნოდარ კაპანაძის ხმა] "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით, დასაქმებად ითვლება ყველა სამუშაო, რომელიც შემოსავლების მიღების მიზნით არის გაწეული, თუნდაც ერთი საათის განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში. ...უმუშევრად ითვლება ის, ვინც გამოკითხვის წინა პერიოდში ერთი საათითაც კი არ მუშაობდა, მზად იყო მუშაობისათვის და ეძებდა სამუშაოს." (სტილი დაცულია)

ცხადია, სამსახურს დეპუტატობის კანდიდატებიც ეძებენ, მაგრამ არა ისეთს, როგორსაც თბილისელებს კერძო დასაქმების ცენტრები სთავაზობენ.

[დასაქმების ცენტრის თანამშრომლის ხმა] "ბიჭებიც კი შეიძლება, მაგრამ უფრო მეტად 25 წლამდე ახალგაზრდა გოგონებს ვასაქმებთ კერძო სტრუქტურებში - აქვე, სუპერმარკეტებში, მიმტანებად რესტორნებში, კაფე-ბარებში." (სტილი დაცულია)

დეპუტატობის კანდიდატი რომან გოცირიძე საარჩევნო სიებში უმუშევართა სიმრავლეს შემდეგი მიზეზით ხსნის:

[რომან გოცირიძის ხმა] "ეს არის უფრო საკანონმდებლო კაზუსი, ვიდრე ამდენი უმუშევარის ყოფნა. პარტიის თავმჯდომარე არ არის უმუშევარი, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მიუთითეს სამუშაო ადგილი რაღაც ფორმით - იგივე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა - და მერე ასეთი კანდიდატები წინა არჩევნებში მოხსნეს."


ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი კახა კახიშვილი არ იზიარებს დეპუტატობის კანდიდატის ამგვარ ხედვას და საარჩევნო სიებში უმუშევართა სიმრავლესაც ბუნებრივად მიიჩნევს.

[კახა კახიშვილის ხმა] "მე შეიძლება ვიყო რაღაც საზოგადოების წევრი, ცნობილი სახეც ვიყო, მაგრამ არსად არ ვმუშაობდე. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რადგან ცნობილი სახე ვარ, აუცილებლად სადმე უნდა ვმუშაობდე."

საინტერესოა, როგორ ხსნის საარჩევნო სიებში უმუშევართა მოძალებას თავად დეპუტატობის კანდიდატი და უმუშევარი მამუკა გიორგაძე. იგი, სულ ცოტა, ორ მიზეზზე საუბრობს. პირველი:

[მამუკა გიორგაძის ხმა] "ხელისუფლება მე, იმიტომ რომ მისთვის მიუღებელი ვარ, არ მაძლევს იმის საშუალებას რომ დავიკავო ჩემი შესაბამისი ადგილი და, ასე ვთქვათ, ჩემი ენერგია და გამოცდილება მოვახმარო ამ საქმეს."

და მეორე:

[მამუკა გიორგაძის ხმა] "ეს ფორმალობებია უფრო მეტად, ვიდრე რეალური ვითარება. მარტივად აგვარებ საქმეს: ვარ უმუშევარი და მორჩა-გათავდა."
XS
SM
MD
LG