Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდავს თუ არა ჟურნალისტების უფლებებს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი


სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კომისიამ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია ხელმძღვანელობს, სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი მოამზადა.

ამ საპროცესო კანონის მიღება 2 ნოემბერს არჩეულ პარლამენტს მოუწევს. წინასწარ ძნელი სათქმელია, თუ რას იტყვის ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო პროექტში ჩადებული პრესის საქმიანობის მარეგულირებელი ზოგიერთი მუხლის შესახებ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ისინი პროექტის ამ მუხლებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ახალი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი რადიკალურად ცვლის არსებულ სისტემას და შეიცავს რამდენიმე მუხლს, რომელიც სასამართლოს სხდომათა დარბაზში, საჯარო პროცესების დროს, აუდიო-ვიდეოჩაწერასა და ფოტოგადაღებას კრძალავს. მეორე ვარიანტით კი, ფოტო და ვიდეოგადაღებაზე მოსამართლის ნებართვაა საჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნინო გვენეტაძის განცხადებით, პრესასთან დაკავშირებული ეს შეზღუდვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას ეფუძნება:

[ნინო გვენეტაძის ხმა] "ცვლილება განპირობებულია სამოსამართლეო კორპუსის პოზიციით, რაც, თავის მხრივ, განპირობებული არის მთელი რიგი ტექნიკური უხერხულობებით, რაც ჩვენთან სასამართლო პროცესებზე იქმნება, გარკვეული ზეწოლის ფაქტებით სასამართლო პროცესების წარმოებისას და ასევე იმ გამოცდილებით, რომელიც არსებობს ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო კატეგორიულად, იმპერატიულად უარყოფს ტელეგადაღებებს, ვიდეოჩაწერას და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამერიკულ სისტემას, იქ არის სხვადასხვა ვარიანტები, როცა მოსამართლის ნებართვით ხდება დაშვება ასეთი გადაღებებისა."

მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ტელე და ფოტოკორესპონდენტებს სასამართლო პროცესის გაშუქებისას სხდომათა დარბაზში გადაადგილების სრულ თავისუფლებას აძლევს. მოსამართლე ვალერი ხრუსტალის აზრით, ეს ხელს უშლის პროცესის ობიექტურად და კანონის შესაბამისად წარმართვას.

[ვალერი ხრუსტალის ხმა] "იყო ასეთი გახმაურებული პროცესი, რამდენიმე ტელეკამერა იყო. უკნიდან მოუვლის მოსამართლეს და იღებს მოსამართლის მაგიდას. არ შეიძლება მაგიდის გადაღება, იქნებ რაღაცას ვწერ, ჩემს მოსაზრებებს ვწერ და არ მინდა ეს წინასწარ გავამჟღავნო, ან სათათბირო ოთახში მოსამართლეებს ვუთხრა. ან თათბირია, მოდის და ხმასაც იწერს, ჩურჩულიც კი იწერება."( სტილი დაცულია)

ეს მოსაზრებები და კანონპროექტი ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა ბაკურიანში გამართულ სემინარზე გააცნეს. თუმცა მსგავსი აზრი ადრეც გამოთქმულა, რასაც როგორ მაშინ, ახლაც უარყოფითად შეხვდნენ მასმედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტ გიორგი არჩემაშვილის თქმით, რომელიმე ტელე და ფოტოაპარატურის სასამართლო დარბაზში დაუშვებლობა ჟურნალისტების დისკრიმინაციასა და სასამართლოს წინააღმდეგ მათ ამხედრებას გამოიწვევს.

[გიორგი არჩემაშვილის ხმა] "მოსამართლე, როგორც პროფესიონალი, ვალდებულია ტელეკამერების წინაშე ისევე განახორციელოს მართლმსაჯულება, როგორც ცარიელ დარბაზში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სასამართლო პროცესები ჟურნალისტების გარეშეც ხმაურიანად ტარდება, ხშირად არის იქ ინციდენტები და ამ სიტუაციაში მაინც ხორციელდება მართლმსაჯულება, ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები და ტელეკომპანიები ხელს ვერ შეუშლიან."

ჟურნალისტებმა კოდექსის პროექტის ავტორებს ამ პრობლემის მოწესრიგების სხვადასხვა მექანიზმები შესთავაზეს. მათ შორისაა: სასამართლოდარბაზში მხოლოდ ერთი ტელეკამერის დაშვება, შემდეგ ვიდეომასალის გამრავლება და სხვა. გასაგებია მოსამართლეთა წუხილიც, მაგრამ სრული თავისუფლების შემდეგ უცებ ყველაფრის აკრძალვა იმ ნდობასაც უცებ დაანგრევს, რაც საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჩამოუყალიბდა.
XS
SM
MD
LG