Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ოფიცილურად ერთვება საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში


ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს,

რომ ევროკავშირი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესში აქტიურად ჩართვისათვის. აქამდე ევროპის 15 ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ კონფლიქტების რეგიონებში აღდგენითი პროექტების დაფინანსებას სჯერდებოდა. ახლა კი, აშკარა ხდება, რომ ევროკავშირის ინტერესი კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების მიმართ გაიზარდა. გაიზარდა იმიტომაც, რომ მართალია ბლოკის გაფართოების ამ ეტაპზე არა, მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში, მას შემდეგ, რაც მასში ბულგარეთი და რუმინეთი გაწევრიანდება, საქართველო ევროკავშირის მეზობელი გახდება.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა ჰაიკი ტალვიტიემ ჩვენი რადიოსთვის ერთი თვის წინ მიცემულ ინტერვიუში ცოტა უზუსტოდ ახსნა მოტივი, რის გამოც ევროკავშირმა მისი პოსტი შემოიღო. კერძოდ ტალვიტიემ თქვა, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი იყო ყურადღების ჟესტი სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მიმართ, რომლებიც თითქოს განაწყენდნენ, როცა "უფრო ფართო ევროპისათვის" ინიციატივაში ისინი ახალი მეზობლების რიგში არ მოიხსენიეს. [ფონი: ტალვიტიეს ხმა ინგლისურად].

გაუგებარია, რატომ უნდა ჰგონებოდათ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს, რომ 2004 წლიდან ისინი ევროკავშირის მეზობლები ხდებიან, როცა ამაში გასარკვევად ბოლოსდაბოლოს რუკაზე ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იქნებოდა და თუ ვინმემ "მეზობლობა" უფრო ფართოდ აღიქვა, ვიდრე ევროკავშირთან საერთო საზღვრის ქონაა, ეს გაუგებრობაც სულ იოლად გაქარწყლდებოდა.

საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნა არა რაღაც საკომპენსაციო ღონისძიება, არამედ ლოგიკური ნაბიჯი იყო, რომელიც ევროკავშირმა სამხრეთი კავკასიის რეგიონთან პერსპექტიული დაახლოების წინ გადადგა. ვგულისხმობ გაფართოების 2007 წლის ტალღას.

ერთი რამ უდაოა, რომ დღეს მართლაც არ არის ნათელი რა როლს შეასრულებს სამხრეთი კავკასიის გაყინული კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებაში ევროკავშირი. ჯერჯერობით წარმომადგენელს ევალება იმ საერთაშორისო ფორმატების ხელშეწყობა, რომლებიც დღეს მუშაობს. პირველი საგანგებო წარმომადგენლის ფუნქცია უფრო ვითარების გაცნობა და ევროკავშირის საბჭოსთვის ანგარიშის მომზადება იქნება.

ორიოდე კვირის წინ ბრიუსელში სამხრეთი კავკასიის ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოების მორიგი შეხვედრები ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ თანამშრომლობის საბჭოს მონაწილეებს, მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირმა არსებითი როლი უნდა შეასრულოს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ისურვა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის ხილვა ყველა იმ ფორმატში, რომელიც კი დღეს კონფლიქტების მოგვარებისთვის მოქმედებს [ფონი: მენაღარიშვილის ხმა ინგლისურად].

ბრიუსელის შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ევროკავშირსა და ბენილუქსის ქვეყნებში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, რომელმაც განმიცხადა:

[ზალდასტანიშვილის ხმა]
"ბუნებრივია ჩვენ ვთხოვეთ ევროკავშირს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად საქართველოში არსებული შიდა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში და თქვენ თვითონ ბრძანეთ, დამასწარით კიდეც, რომ ტალვიტიემ მიიღო მონაწილეობა ჰააგაში ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში".

ჰააგის კონსულტაციებს, როგორც ჩვენს ორშაბათის გადაცემაში მოგახსენებდით, ევროკავშირის წარმომადგენლის მონაწილეობა დიდად არ დასტყობია. როგორც ჩანს, ტალვიტიე საკითხის შესწავლის ეტაპზეა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი რამდენიმე დღეში ეწვევა სამხრეთი კავკასიის რეგიონის ქვეყნებს. საქართველოში - გარდა თბილისში ვიზიტისა, მას დაგეგმილი აქვს ვიზიტი ცხინვალშიც. წლის ბოლოს, როგორც მოგახსენეთ, ჰაიკი ტალვიტიემ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროკავშირის საბჭოს. კონსტანტინე ზალდასტანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ანგარიშის წარდგენისას ტალვიტიემ გარკვეული ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა მოითხოვოს საგანგებო წარმომადგენლის მანდატში:

[ზალდასტანიშვილის ხმა]
"არ გამოვრიცხავ იყოს საუბარი მის მანდატზე, მომავალში მანდატში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე, რაც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხში უფრო მეტ როლსა და ფუნქციას მიანიჭებს".

გულისხმობს თუ არა უფრო მეტი როლი და ფუნქცია ისეთსავე შუამავლის სტატუსს, როგორიც ეს ეუთოსა და გაეროს აქვთ მინიჭებული ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებში?

[ზალდასტანიშვილის ხმა]
"ამ ეტაპზე ამ დონეზე საკითხი არ განიხილება. ამ ეტაპზე [ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა] არსებულ ფორმატებს - ეუთოსა და გაეროს უნდა შეუწყოს ხელი კონფლიქტების მოგვარებაში. მე არა მგონია, რომ ძალიან ახლო მომავალში რაღაც დიდი ცვლილება მოხდეს ამ ფორმატში, თუმცაღა ევროკავშირის როლი, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სულ უფრო და უფრო გაიზრდება".

საქართველოში ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარებისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებში ახალი მოთამაშის შემოსვლის გარდა, არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება სხვა მოთამაშეთა როლის შესუსტება მოხდეს, რაზეც ჩემთან ჰააგის ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა მიანიშნა. თუმცა, ამ ეტაპზე, ალბათ, სჯობს ეს ვარაუდი ვარაუდად დარჩეს და მომავალშიც ფაქტებს მივსდიოთ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG