Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდმა სიღარიბის დაძლევის პროგრამა მოგვიწონა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა" მოუწონა. თუმცა ამ პროგრამის დამტკიცება ჯერ კიდევ არ

ნიშნავს პროგრამული დაფინანსების ავტომატურ აღდგენას. ფონდის ემისრები საქართველოში ოქტომბრის ბოლოს ჩამოვლენ, მაგრამ დაფინანსების აღდგენა, უკეთეს შემთხვევაში, მომავალი წლიდან არის ნავარაუდევი.

"სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა", რომლის შემუშავებაში 750-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და ეკონომიკური ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მოიწონეს. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც თითქმის შეეგუა აზრს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან უახლოეს მომავალში დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.



საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელების შესახებ მოულოდნელი იყო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობას "პარლამენტის ფაქტობრივი მხარდაჭერის" გარეშე უწევდა სავალუტო ფონდთან ურთიერთობა.



შევარდნაძე ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა იმდენად მრავლისმომცველი დოკუმენტია, რომ სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.



კვირის ბოლოს ვაშონგტონში მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმედი გაუჩინა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანა მიიღებს იმ კრედიტებსა და დახმარებებს, რომელსაც ევროკავშირი და სხვა ქვეყნები უწევენ საქართველოს. მთავრობას იმედი აქვს, რომ მომავალ წელს მეტ რესურსს დაზოგავს სოციალურად ნაკლებ დაცული მოსახლეობის დასახმარებლად და ინვესტიციებისთვის.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შემდეგ, 6 ნოემბერს, დაგეგმილია მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც ასევე განიხილავენ ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამას.



მიუხედავად იმისა, რომ ფონდის დირექტორთა საბჭომ სიღარიბის დაძლევის პროგრამას მაღალი შეფასება მისცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ საფინანსო ინტიტუტის მხრიდან დაფინანსების აღდგენის ავტომატურ გაგრძელებას. მით უმეტეს, როდესაც საქართველოში არსებულ ფისკალურ პრობლემებსა და კორუფციულ ფონს ამ შეხვედრის მსვლელობისასაც გაესვა ხაზი. დირექტორთა საბჭოზე განსაკუთრებული შეშფოთება საბაჟო მოსაკრებლების დაბალმა დონემ გამოიწვია. 23 ოქტომბერს თბილისში ჩამოვა სავალუტო ფონდის რეგულარული მისია, რომელიც პროგრამის რეალიზაციის დეტალებსა ** ******* ********* *********** ისაუბრებს.





თავად სიღარიბის დაძლევის პროგრამა 2015 წლამდეა გაწერილი და მისი საწყისი ეტაპის ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს. ამ თანხის დიდი ნაწილი ქართულმა მხარემ უნდა გაიღოს, ხოლო ნაწილი, დონორების მხრიდან პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში, საფინანსო ინტიტუტების მიერ დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG