Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკის წევრები არჩევნების გადადებას გამორიცხავენ


სახელისუფლებო ბლოკის წევრები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ამომრჩეველზე ზემოქმედების ვადის გახანგრძლივებისთვის ხელისუფლება

საპარლამენტო არჩევნების გადადებას გეგმავს.
ეს ინფორმაცია სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ორშაბათს მას შემდეგ გაავრცელეს, რაც პრეზიდენტმა ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ის არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს. საარჩევნო სიებში შექმნილი სერიოზული პრობლემების მიუხედავად, არჩევნების გადადების თაობაზე აგორებულ მითქმა-მოთქმას სამშაბათს სასაცილო უწოდა სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილ- ჭანტურიამ. პრეზიდენტის გარემოცვა 2 ნოემბრის არჩევნების გადადებას გამორიცხავს. ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან ან სახელმწიფო მინისტრთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.


" საარჩევნო სიების გამოქვეყნების ვადამ 26 ოქტომბრამდე გადაიწია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, მოქალაქეებს რჩებათ რამდენიმე დღე იმისათვის, რომ საარჩევნო სიებში შეტანილი სერიოზული შეცდომების გამოსასწორებლად იმოქმედონ. აქედან გამომდინარე, არჩევნების გადადების საკითხმა წინ არ უნდა წამოიწიოს. 26 ოქტომბრამდე უნდა მოხერხდეს ის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა, ანუ უნდა დაზუსტდეს ამომრჩეველთა სიები. პრეზიდენტი არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე მითქმა-მოთქმა უსაფუძვლოა, " - ასე უპასუხებენ სახელისუფლებო ბლოკის წევრები ოპონენტების ბრალდებას, თითქოს ხელისუფლება დროის მოგების მიზნით 2 ნოემბრის არჩევნების გადადებას გეგმავდეს. ბრალდებით ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები გამოდიან, მათ შორის, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე. ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების გამო მან ხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია დაადანაშაულა და აღნიშნა: " რადგან ხელისუფლებამ აქამდე ვერ შეძლო საარჩევნო სიების პრობლემის მოგვარება, სიების გადამოწმების ვადის 26 ოქტომბრამდე გადაწევა მას ქაოსის შექმნისა და არჩევნების გადადებისთვის უნდა სჭირდებოდესო." ასეთ ვერსიას სამშაბათს საკუთარ ტრადიციულ ბრიფინგზე სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია გამოეხმაურა:

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] " სასაცილოდაც კი მიმაჩნია ამაზე საუბარი იმის ფონზე, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ოფიციალურად მოსთხოვა საარჩევნო სიების გამოქვეყნების ვადის 26 ოქტომბრამდე გადადება. "

არჩევნების გადადება, კანონის თანახმად, სამ შემთხვევაშია შესაძლებელი. სამივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს. რას ამბობს კანონი არჩევნების გადადების შესახებ, ამას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] " არჩევნები ვერ ჩატარდება და გადაიდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში. არის მესამე შემთხვევაც, როცა საარჩევნო პროცედურები ვერ ესწრება და ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, გადასწიოს არჩევნების ჩატარება. ამ შემთხვევაში ვადების გადაწევა შეზღუდულია. მაქსიმუმ ერთი ან ორი კვირით შეიძლება არჩევნების გადავადება. ეს არის კანონით ნებადართული ქმედება, რაც ნაკლებად არის მოსალოდნელი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. "

აღნიშნულ მოსაზრებას ქუცნაშვილი ორ არგუმენტს უსადაგებს. პირველი გახლავთ ის, რომ, მისი აზრით, 26 ოქტომბრამდე უნდა მოესწროს სიებში წარმოქნილი პრობლემების მოხსნა. მეორეა პრეზიდენტის განმარტება იმის თაობაზე, რომ ის არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს. "სახელისუფლებო ბლოკში არჩევნების გადადების საკითხზე საუბარი არ ყოფილაო, "- ირწმუნება ზაქარია ქუცნაშვილი. გამოდის, არჩევნები 2 ნოემბერს უნდა შედგეს, თუმცა საეჭვოა სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლების იმედები ახდეს და 26 ოქტომბრამდე საარჩევნო სიებში არსებული სერიოზული დარღვევების აღმოფხვრა მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG