Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განხორციელდება არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლა


საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საზოგადოება "სამართლიანი არჩევნები", 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესზე დაკვირვებასთან ერთად, ხმების პარალელურ დათვლასაც აპირებს.

პარალელური დათვლის შედეგები ამომრჩეველს კენჭისყრის დამთავრებიდან მეორე დღესვე ნათელ სურათს შეუქმნის კენჭისყრის შედეგებისა და არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების შესახებ. ამ გზით მიღებული ინფორმაცია საზოგადოების ხელში მძლავრი არგუმენტია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საკუთარი ხმის დასაცავად.

როგორც 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლები ამბობენ, საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა უწყინარი დარღვევა იყო იმ გაყალბებასთან შედარებით, რაც საოლქო თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხდებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საარჩევნო კომისიებში ზემოდან მოსული დირექტივის მიხედვით, პირდაპირ ცვლიდნენ ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს და ამომრჩევლის ბიულეტენებით რეალიზებული ხმები არავის აინტერესებდა. ასეთი გაყალბების თავიდან ასაცილებლად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ ხმების პარალელური დათვლის მექანიზმი გამოიყენეს და შედეგსაც მიაღწიეს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 18 დღე აქვს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოსაქვეყნებლად. "სამართლიანი არჩევნების" ინიციატივით, კენჭისყრიდან მეორე დღესვე არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაინტერესებულ ძალებს საშუალებას აღარ მისცემს 18 დღის მანძილზე არჩევნების შედეგები თავიანთი შეხედულებისამებრ გადაასწორონ. "სამართლიანი არჩევნების" ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარალელური შედეგებისგან განსხვავებული ციფრების გამოქვეყნება გაუჭირდება.
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "ყველა განსხვავებაზე ამ შედეგებისგან გახდება საჭირო, რომ ვამტკიცოთ ან ჩვენ ან საარჩევნო კომისიამ ვამტკიცოთ, რატომ არის განსხვავება. ეს საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. ამდენად, ხმების პარალელური დათვლა არის იმიტომ, რომ გაკონტროლდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და, მეორეს მხრივ, საჭირო არის, რომ საზოგადოებას ძალიან სწრაფად ვუთხრათ, როგორი არის არჩევნების შედეგები."(სტილი დაცულია)

ხმების პარალელური დათვლისას არჩევნების ოფიციალური შედეგების საუბნო საარჩევნო და საოლქო კომისიების ოქმები "სამართლიანი არჩევნების" ოფისში მოიყრის თავს და კომპიუტერის მეშვეობით დამუშავდება. ამის საშუალება არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცა ახალმა საარჩევნო კოდექსმა, რომელიც საუბნო კომისიას კენჭისყრიდან მეორე დღესვე არჩევნების შედეგების საჯარო ადგილზე გამოქვეყნებასაც ავალებს.

გარდა ამისა, "სამართლიანი არჩევნები" კენჭისყრის დამთავრებისთანავე წინასწარი შედეგების მოსამზადებლად 600 უბნის შედეგებს სპეციალური სოციოლოგიური მეთოდით დაამუშავებს და დანარჩენ უბნებში არსებული სურათიც დაიხატება, უმნიშვნელო ცდომილებით.

"სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩამოყალიბებულია კრიტერიუმები, რომლის შესაბამის ინფორმაციას ორგანიზაციის დამკვირვებლები მოიპოვებენ. ეს ეხება უბანში მომხდარ დარღვევებს და მათზე საარჩევნო კომისიის რეაგირებას. ამ და სხვა მონაცემებით განისაზღვრება უბნის სანდოობის ხარისხი და უარყოფითი სანდოობის მქონე უბნის მონაცემები არჩევნების საერთო შედეგებიდან ამოვარდება.
ეს მექანიზმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აიძულებს, უფრო მკაცრად მოეკიდოს უბნებში დაშვებულ დარღვევებს და მათზე დროული რეაგირება მოახდინოს.

"სამართლიან არჩევნებს" მოფიქრებული აქვს ინფორმაციის ობიექტურობის დაცვის სხვა მექანიზმებიც, რომელიც თავის შედეგს 2 ნოემბრის არჩევნების მეორე დღესვე აჩვენებს.
XS
SM
MD
LG