Accessibility links

logo-print

მრეწველების ეკონომიკური პროგრამა: Semper Idem


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 21 ოქტომბერს, პარტიამ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" საზოგადოებას წარუდგინა ეკონომიკური პროგრამა, ხოლო პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ - წიგნი "საქართველო ნეოკოლონიალიზმის ყულფში".

პოლიტიკაში თოფაძის ძირითადი პოსტულატები ცნობილია: ეროვნული წარმოების აღორძინება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მავნე გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. მრეწველთა ეკონომიკური პროგრამის პრინციპებიც ამ პოსტულატებს დაეფუძნა.

არაფერი ახალი აქ არ არის, - განაცხადა გოგი თოფაძემ პროგრამაზე ლაპარაკის დაწყებისას. - რა პოზიციაზეც ვიდექით, იმავეზე ვდგავართ და ვიდგებით. ყველამ იცის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა.

[თოფაძის ხმა] "როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? ჩვენს ხელისუფლებას კაპიტულანტური პოზიცია აქვს: ჩვენ უცხოელების ნაკარნახევით ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ, 1995 წლიდან ჩვენს ქვეყანაში ყველა პროცესს - პოლიტიკურს, სოციალურს, საკადროს - წარმართავენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, სოროსის ფონდი... ამ ყველაფერზე, ამ მდგომარეობაზე, ბუნებრივია, მათ უნდა ვაგებინოთ პასუხი."

თოფაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, თუ 4 წელიწადს კიდევ გაგრძელდა ასეთი პოლიტიკა, ანუ "ზეწოლა და კარნახი", 2007 წელს საქართველოში გასხვისებული იქნება ფოთის პორტი, რკინიგზა, ყველაფერი, რაც კი ღირებულია ქვეყანაში; ვალი 4 მილიარდამდე გაიზრდება და დეფოლტი გარდაუვალი იქნება.

რა უნდა გაკეთდეს, ეს რომ არ მოხდეს? შემუშავდეს ადგილობრივი ბაზრის დაბრუნების სტრატეგია, აღორძინდეს სოფლის მეურნეობა, ამუშავდეს გადამამუშავებელი მრეწველობა, განახლდეს მშენებლობა და მანქანათმშენებლობა, აღდგეს მეტალურგია, გამოიყენონ ადგილობრივი რესურსები, ხელი შეუწყონ ექსპორტს, წაახალისონ ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, გააუმჯობესონ კომუნიკაციები, შეეწიონ მცირე და საშუალო ბიზნესს, შეცვალონ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, მოევლოს დასაქმებისა და პენსიების პრობლემებს, დაიცვან ინვესტიციები, დაწესდეს შეღავათები ქველმოქმედებისა და სპონსორებისათვის, მნიშვნელობა მიანიჭონ ტურიზმის განვითარებას.

მოკლედ, "მრეწველთა" საპროგრამო პრინციპებში წერია, რა არის საჭირო, მაგრამ ჭირს გაიგო, როგორ, რა სახსრებითა და საშუალებებით...
ძნელი სათქმელია, რამდენად გაიზიარებენ თოფაძის პროგრამას. ათიოდე დღის წინ, მისი პარტიის რეიტინგი, IPM-ის მონაცემებით, 5,5% იყო. მაგრამ თოფაძე, შესაძლოა, მიმზიდველი აღმოჩნდეს არა პროგრამით, არამედ იდეოლოგიით.

[თოფაძის ხმა] "არავის არ უნდა ძლიერი, მდიდარი საქართველო დაინახოს: ყველა უყურებს საქართველოს თავისი ინტერესების პრიზმიდან. ამას აკეთებენ ოკეანგაღმელებიც, ჩრდილო მეზობლებიც, თურქეთი, ჩინეთი - ყველა უყურებს საქრთველოს იმ კუთხით, თუ რით გამოადგება მის ქვეყანას. საუბედუროდ, ეს ბოლო 8-9 წელი სწორედ ამ გზით მივდივართ."

იდეოლოგია იგივეა, რაც საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში: ქართველები კარგები, გამრჯენი და ნიჭიერები ვართ. ირგვლივ მტრებია, რომელთაც ჩვენი დაუძლურება სურთ. მათ არ უნდა დავემორჩილოთ და უნდა ჩამოვიცილოთ. ცოტა იზოლაციონიზმი, ცოტა ნაციონალიზმი და ეროვნული მრეწველობის გამართვის პრინციპულად მისაღები ლოზუნგი - აი, ეს არის მრეწველთა პროგრამული კაპიტალი არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG