Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქმედებს თუ არა ქართულ პოლიტიკაში ოლიმპიური პრინციპი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაარჩევნო საქართველოში სტუმართა სიმრავლე შეინიშნება - 21 ოქტომბერს საღამოს თბილისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იააფ დე ხოოპ სხეფერი ეწვია.

ასევე 21 ოქტომბერს თბილისში ჩამოვლენ: ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, იტალიის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სპორტის დარგში, მარიო პესკანტე და ფიდეს პრეზიდენტი, ყალმუხეთის რესპობლიკის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი. რა კავშირშია ეს სტუმრიანობა საქართველოში 2 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებთან?

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის იააფ დე ხოოპ სხეპერის ვიზიტი საქართველოში პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს: ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბრის თემა იქნება არა მხოლოდ ეუთოს როლი დემოკრატიის განვითარებასა და კანონიერების განმტკიცებაში, არამედ 2 ნოემბრის არჩევნების წინ საქართველოში შექმნილი სიტუაციაც. შეგახსენებთ: სავარაუდოდ, ეუთო 2 ნოემბრის არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებელს მოავლენს. საინტერესოა ისიც, რომ, ამ ორიოდე კვირის წინ თბილისში მყოფი მაღალჩინოსანი ამერიკელებისგან განსხვავებით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი არ ითვალისწინებს შეხვედრებს ოპოზიციასთან. იააფ დე ხოოპ სხეპერი შეხვდება პრეზიდენტ შევარდნაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა დევდარიანს.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტისა და ფიდეს პრეზიდენტები ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს 22 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ ოლიმპიური ფონდის ყოველწლიურ საანგარიშო სხდომაზე. სხდომას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი შიმონ პერესი, რომელიც თბილისში 22 ოქტომბერს ჩამოვა, საქართველოს ოლიმპიური ფონდის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის მოწვევით. აქვე შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის განცხადებით, - იგი შარშან აირჩიეს ახალჩამოყალიბებული საქართველოს ოლიმპიური ფონდის პრეზიდენტად, - ის 200 ათასი ლარით დააჯილდოებს იმ ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ათენის ოლიმპიადაზე მედალს მოიპოვებენ.

შესაბამისად, ქართველ სპორტსმენებს გამარჯვებისთვის დამატებითი მოტივი აქვთ, მსგავსად ქართველი პოლიტიკოსებისა, რომლებიც, 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ. და თუ 2 ნოემბრის არჩევნების ზოგიერთი მონაწილე თითქოს ოლიმპიური პრინციპით ხელმძღვანელობს, - მათთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი თავად არჩევნებში მონაწილეობაა, - პარტიათა მეორე ნაწილი, საჭადრაკო ჩემპიონატის მონაწილეთა მსგავსად, მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. მთავარია, მოთამაშეებს ნერვებმა არ უღალატოს და ბოლო წუთში "საჭადრაკო დაფის" ამოყირავების სურვილი არ გაუჩნდეთ.
XS
SM
MD
LG