Accessibility links

უთანხმოება ევროკავშირსა და ნატოს შორის თავდაცვის საკითხში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს ბრიუსელში, ნატოს წევრი-ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა განაცხადა,







რომ ნატოსა და ევროკავშირს შორის დაძლეულია ყველა უთანხმოება ევროპის სამომავალო თავდაცვის საკითხში. თუმცა, როგორც შეხვედრის მსვლელობისას გამოირკვა, ევროპის თავდაცვის გეგმასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირს შორის სერიოზული უთანხმოებაა მოსალოდნელი.

"ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ურთიერთობა ჩვენს ორ ორგანიზაციას შორის მჭიდრო და სრულიად გამჭვირვალე; ორივენი მზად ვართ თანამშრომლობისთვის უშიშროების უზრუნველსაყოფად ევროპასა და მის გარეთაც", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ჯორჯ რობერტსონმა.

მან თქვა, რომ გასულ კვირაში მომხდარი უთანხმოება, როცა შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკოლას ბერნსმა სერიოზული კრიზისი იწინასწარმეტყველა ნატოს კავშირში, იმით იყო გამოწვეული" რომ ევროკავშირმა სათანადოდ ვერ განმარტა თავისი პოზიცია.

რობერტსონს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა ნატოსთან უნდა შეათანხმოს ყველა ის საკითხი, რაც ევროპის უშიშროებას ეხება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ორ ორგანიზაციას შორის ფუნქციათა დუბლირება.

ჯორჯ რობერტსონმა "ფულის უაზროდ დახარჯვა" უწოდა საფრანგეთისა და გერმანიის მიერ წამოყენებულ წინადადებას, რომ ევროკავშირის შეიარაღებული ძალებისთვის აშენდეს შტაბ-ბინა. რობერტსონის აზრით ეს, ევროკავშირისა და ნატოს ჯარების სამეთაურო სტრუქტურების სრულიად ზედმეტ დუბლირებას გამოიწვევს.

ხოლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ძალებს ნატოს გარეშე დამოუკიდებლად შეუძლიათ სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება. მისივე თქმით, ევროკავშირის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინის აშენება, რასაც საფრანგეთი და გერმანია უჭერენ მხარს, სულ მალე უნდა განხორციელდეს.

"მინდა აღვნიშნო, რომ როგორც გენერალურმა მდივანმა რობერტონსმა ბრძანა, ევროკავშირის ავტონომიური ოპერაციების შესაძლებლობა არსებობს. ერთი ასეთი ოპერაცია უკვე განვახორციელეთ იტურიში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ვფიქრობ ეს ერთობ წარმატებული ოპერაცია იყო. თქმა არ უნდა დღეს აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს მსგავსი ოპერაციების დაგეგმვის შესაძლებლობა, და ბოლოს შტაბ-ბინაც" - განაცხადა ხავიერ სოლანამ.
XS
SM
MD
LG