Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორც გაზეთ "ლიბერასიონის" მიმომხილველს პეტრიკ საბატიეს მიაჩნია,

ბირთვული იარაღის გავრცელება ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი, მაგრამ დღეს, ამ უკანასკნელს ექცევა მეტი ყურადღება. ფრანგი ჟურნალისტი წერს:

"ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 30-ზე მეტ სახელმწიფოს შეუძლია ბირთვული იარაღის შეძენა. ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე შეაღეს ხსენებული იარაღის "პრივილიგირებულ მფლობელთა" კლუბის კარები, და მათ სულ მალე, ალბათ ჩრდილოეთი კორეა შეუერთდება. ხოლო ისრაელი კარგა ხანია უკვე, რაც ამ კლუბის არაოფიციალურ წევრად ითვლება. გლობალიზაციას აკისრია ნაწილობრივ ბირთვული ტექნოლოგიის გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა. სადამ ჰუსეინმა დაგვანახა, როგორ შეუძლია ქვეყანას გააგრძელოს ბირთვული შეიარაღების პროგრამა და იმავდროულად ყველას გასაგონად აცხადებდეს, რომ განუხრელად იცავს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს".

სტატიაში, რომელიც ინგლისურენოვანმა გაზეთმა "მოსკოუ ნიუსმა" გამოაქვეყნა, მიმომხილველები: ალექსანდერ ბიმი და კიმ ისკიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმისტული პროცესის დამუხრუჭებაში ადანაშაულებენ. ბიმი და ისკიანი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციამ დასაწყისში რეფორმები განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორციაა საგადასახადო სისტემა, საპენსიო ანაზღაურება, მიწის ყიდვა-გაყიდვა, სასამართლო და შრომის სექტორები, რამაც მყარი საძუველი შეუქმნა მაკროეკეონომიკის ზრდას. მაგრამ პუტინის რეფორმისტული პერიოდი წარსულს ჩაბარდა და ქვეყანა ტოტალიტარული მმართველობისკენ იხრება. სტატიაში შედეგ ვკითხულობთ:

"სულ უფრო ძლიერდება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში კრემლის მომხრეებისა და ყოფილი კაგებეს ვეტერანთა გავლენა, და შედეგად, მატულობს სახელმწიფოს კონტროლი იქნება ეს ეკონომიკა თუ სოციალური სფერო. რადიკალური სტრუქტურული რეფორმების გარეშე ეკონომიკის ზრდას რუსეთში არა აქვს მომავალი."

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" მიმომხილველი მარგარეტ პექსსონი ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათას კილომეტრში მდებარე ქალაქ ტორიატიში. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ტოლიატი რევიუს" პირველი ნომერი 1996 წელს გამოვიდა, და სულ მალე ეს გაზეთი ქალაქის "ერთადერთ დამოუკიდებელ რუპორად" იქცა. მთავარი რედაქტორის ვალერი ივანოვის ენერგიული ძალისხმევით, გაზეთს სააშკარაოზე გამოჰქონდა რუსეთის უდიდესი საავტომობილო ქარხნის "ავტოვაზის" ხელმძღვანელობაში გამეფებული კორუფციის ფაქტები, აგრეთვე აშუქებდა ადგილობრივ დაპირისპირებას სატყეო მეურნეობის გარშემო, იძიებდა ოლიგარქების კონტაქტებს ქალაქის მსვეურებთან, ბევრს წერდა ნარკობიზნესისა და მაფიის ლიდერთა ცხოვრების შესახებ. 2002 წლის 29 აპრილს, 33-წლის ვალერი ივანოვი სასიკვდილოდ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით, როცა სახლის მახლობლად გაჩერებულ საკუთარ ავტომანქანაში უნდა ჩამჯდარიყო. ივანოვი, "ტოლიატი რევიუს" მთავარი რექაქტორის თანამდებობაზე შეცვალა მისმა დიდი ხნის მეგობარმა და კოლეგამ ალექსეი სიდოროვმა, არ უღალატა ტრადიციას და განაგრძო გაზეთში ბევრისათვის არასასიამოვნო ფაქტების გამოაშკარავება. მაგრამ 9 ოქტომბერს, შინისაკენ მიმავალ სიდოროვს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბოროტმოქმედმა დანით. იგი 31 წლისა იყო. საინტერესოა, კიდევ რამდენი გაბედული ჟურნალისტი უნდა მოკლან რუსეთში, ვიდრე ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობას?"

ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩის" წარმომადგენელი პეტერ ბუკერტი აზერბაიჯანში ახლახან ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა" გამოაქვეყნა წერს, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის, მილიარდობით დოლარი რომ დააბანდეს კასპიის ენერგოსექტორში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ალიევების მემკვიდრეობის შენარჩუნებას. პეტერ ბუკერტი დასძენს:

"აზერბაიჯანის მთავრობამ აშკარად გააყალბა არჩევნები. მაგრამ, ეუთოსა და ევროპის საბჭოს დამკვირვებლებმა დროულად აღრიცხეს არჩევნების მსვლელობისას მომხდარი დარღვევები, ხოლო შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, "პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი". მსოფლიომ არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც აზერბაიჯანში მოხდა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე შეიძლება განმეორდეს სხვა ქვეყნებშიც".
XS
SM
MD
LG