Accessibility links

მოესწრება თუ არა სიების გამოსწორება


დავით პაიჭაძე, თბილისი საარჩევნო სიების დაზუსტება ისევ რჩება მთავარ მოუგვარებელ პრობლემად არჩევნების წინ. როგორც ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 დღით გადასწია სიების საბოლოო სახით წარდგენის ვადა.

რა შეიძლება მოესწროს 26 ოქტომბრამდე და რამდენად დარჩება ამის შემდეგ არჩევნების ჩაშლის ალბათობა?

[ნანა დევდარიანის ხმა] "თბილისის სიები ყველაზე მეტი უწესრიგობითა და უზუსტობით გამოირჩეოდა. ყველაზე დიდი რაიონების - გლდანი-ნაძალადევის მონაცემები შევიდა. ისანი-სამგორზე მუშაობენ, მაგრამ არის ტექნიკური სირთულეები. დიდუბე-ჩუღურეთი, პრაქტიკულად, მზად არის; მთაწმინდა და კრწანისი დამუშავებულია. თბილისის სიების მსგავსი არეულობა არ არის გარე რაიონების სიებში. ჩემთვის ეს გაუგებარია და, ალბათ, სერიოზული გამოძიება დასჭირდება, თუ რატომ მოხდა ეს."

ცენრტალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა დევდარიანის მიერ ფორმულირებულ ამ კითხვას დაახლოებით ათი დღეა უტრიალებს არჩევნების ბედით დაინტერესებული საზოგადოების აზრი. მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია სიების დაზუსტება, იქიდან არარსებული ამომრჩევლების ამოყრა და არსებულთა შეტანა. ნანა დევდარიანი ამბობს, რომ მხოლოდ ისნისა და სამგორის რაიონების სიებს 120 ათასი რეალური სახელი დაემატა.

ბუნებრივია, რა ინტენსივობითაც უნდა შევიდეს შესწორებები არსებულ სიებში, უზუსტობა გარდაუვალია. მაინც, რა ცდომილება ჩაითვლება არსებულ ფონზე წარმატებად? ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკითხს ასე უყურებს:

[ნანა დევდარიანის ხმა] "ცდომილებას მე ვუშვებ 10-15%-ის ოდენობით. ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს საუკეთესო შედეგია."

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამიოდე დღის წინ თავად განაცხადა ის, რასაც მანამდე არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა პირი ამტკიცებდა; კერძოდ, ის, რომ პოლიციის მიერ შედგენილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული სიები განსხვავდება დღეს არსებულისაგან და გაცილებით ზუსტია მათზე. თუ ასეა, უმოკლესი გზა სიების გამოსასწორებლად ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიათა გამოყენება ყოფილა. რადიო "თავისუფლებამ" ჰკითხა ნანა დევდარიანს, თუ მიმართა კომისიამ ამ საშუალებას.

[ნანა დევდარიანის ხმა] "როგორც კი ატყდა პანიკა, ეს რა სიებიაო, ორ დღეში ჩვენ დავძებნეთ, გავაკეთეთ ქსეროასლები. თბილისის რაიონები, პრაქტიკულად, თავიდან შევიდა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. პოლიციას სიების 3 ვერსია ჰქონდა. მონაცემთა ბაზაში შევიდა ინფორმაცია იმ ვერსიიდან, რომელზეც ექსპერტებმა, დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ყველაზე ახლოა ზუსტ სიებთან. წარმოიდგინეთ, დღეში დაახლოებით 80 ათასი შესწორება უნდა შევიდეს."

ჩვენ დავუკავშირდით პარლამენტის წევრსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თბილისის საბურთალოს რაიონში, ვასილ მაღლაფერიძეს, რომლის საარჩევნო შტაბმაც რაიონში ამომრჩეველთა სიების დაზუსტება ითავა. მაღლაფერიძემ განმიცხადა, რომ დაადგინეს 68 ათასი ამომრჩეველი, პირადობის მოწმობის ნომრებითურთ, მაგრამ საარჩევნო სიებში ისინი ჯერ არ შეუყვანიათ. ამ 68 ათასიდან მანამდე არსებულ სიებში მხოლოდ 20 ათასი იყო. ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ სასამართლოს მიმართავს.

[მაღლაფერიძის ხმა] "ხვალ გვაქვს სასამართლო, რომელიც ხვალვე უნდა მორჩეს. 68 ათასი კაცის სია შეგვაქვს ჩვენ, ახლებსა და ნაციონალებს. ხვალ ველოდებით პასუხს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან."

თუმცა ნაციონალურ მოძრაობას ხუთშაბათამდე აღარ დაუცდია. მისი წევრები ოთხშაბათს საღამოს მივიდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა შემთხვევაში, 23 ოქტომბრამდე არანაირი გადაწყვეტილება არ აღსრულდება.
XS
SM
MD
LG