Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების მედიაცენტრი სამართლიანი არჩევნების სამსახურში


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და სიახლეებს ამიერიდან კიდევ ერთი სამსახური -არჩევნების მედიაცენტრი გააშუქებს.

ცენტრის დაარსების ინიციატივა და მისი მართვა ეკუთვნის საქართველოს გაეროს ასოციაციას, გაეროს განვითარების პროგრამასა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს. ინიციატივას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა. ცენტრის პარტნიორი "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაა." საერთაშორისო დონორები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ სამართლიან არჩევნებს არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების დროული და სწორი ინფორმირებაც უზრუნველყოფს. შესაბამისად, გამოკვეთილია არჩევნების მედიაცენტრის ძირითადი მისია - საარჩევნო მარათონის მიუკერძოებელი ანალიტიკური შეფასება და მიმდინარე მოვლენათა მრავალმხრივი ანალიზი.

არჩევნების მედიაცენტრის საქმიანობა, პირობითად, სამ დროით ფაზას ითვალისწინებს: წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი ფაზა. წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრი ყურადღებას გაამახვილებს პოლიტიკური ძალებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვაზე, საარჩევნო ადმინისტრირებასა და პროცედურებზე. ამ ეტაპზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესებში გათვითცნობიერებულ ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობა. ამ ჯგუფის წევრია იურისტი დავით უსუფაშვილიც. მისი აზრით, მედიაცენტრის ექსპერტების ძირითადი ფუნქცია სამართლებრივი დარღვევების კომენტირება და ჟურნალისტებისთვის განმარტება იქნება.

[დავით უსუფაშვილის ხმა]" სულ ახლო გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ძალიან ხშირია ამა თუ იმ სამართლებრივი ნორმების სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია, იქიდან გამომდინარე, ვის რა აწყობს იმ კონკრეტულ მომენტში. ჩვენ შევეცდებით, ჩვენი პროფესიული დონიდან და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დონიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ობიექტურად და პროფესიულად მოვახდინოთ ასეთ ფაქტებზე რეაგირება."

დავით უსუფაშვილს უჭირს იმის წინასწარი პროგნოზირება, რა საკითხებით დაინტერესდება მედია. თუმცა იმაში დარწმუნებულია, რომ ცენტრი არჩევნების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს სრულიად განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეუქმნის. რეგულარულად განახლდება ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული არჩევნების მონაცემთა ბაზა, ჩატარდება პრესბრიფინგები.

[რამაზ აფციაურის ხმა] " გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, რასაც ცენტრი გეგმავს, ეს არის პრეზენტაციები სხვადასხვა ორგანიზაციებისა არჩევნებთან მიმართებაში მათი საქმიანობის შესახებ. ვთქვათ, უფრო დეტალური ახსნა მოსახლეობისთვის, რას ნიშნავს თვითონ დაკვირვების პროცესი, როგორ ხდება ამ ყველაფრის შემოწმება, რა პროცესები მოჰყვება მას."

როგორც გაეროს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ აფციაურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული, კონკრეტულად რა რეჟიმში იმუშავებს ცენტრი უშუალოდ არჩევნების დღეს. თუმცა ამთავითვე ცნობილია, რომ ცენტრი მოწოდებულია შექმნას 2 ნოემბრის განვითარების ქრონოლოგიური ჯაჭვი და ზუსტად და თანმიმდევრობით აღნუსხოს დღის მოვლენები. რაც მთავარია, დამკვირვებელთა ქსელის საშუალებით, არჩევნების მიმდინარეობის პარალელურად, ცენტრი მიიღებს და გაავრცელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების ალტერნატიულ ინფორმაციას.
ამ ალტერნატიული ინფორმაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით ფასეული იქნება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ. ანუ მაშინ, როცა საზოგადოება, დამკვირვებლები და ჟურნალისტები არჩევნების სამართლიანობის ხარისხს შეაფასებენ. მედიაცენტრის საქმიანობის ეს ფაზა, ძირითადად, საარჩევნო ხმების ოფიციალური და პარალელური დათვლების შედეგების გავრცელებასა და არჩევნების შეფასება-ანალიზს დაეთმობა. მედიაცენტრი საქმიანობას, შესაბამისად, ნოემბრის მეორე ნახევარში შეწყვეტს.
XS
SM
MD
LG