Accessibility links

სახელისუფლებო ბლოკი ამომრჩევლებს ბაქოს მოვლენების განმეორებით აშინებს


დღე ისე არ გავა, რომ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა საჯარო შეკრებებზე ან ტელევიზიით გამოსვლისას საზოგადოებას აზერბაიჯანის დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი არეულობის შესახებ არ შეახსენონ.

"ახალი საქართველოს" ლიდერთა მტკიცებით, არჩევნებში დამარცხებული ძალა, ანუ ოპოზიცია, შედეგების გამოცხადების შემდეგ არეულობის პროვოცირებას შეეცდება. რამდენად რეალურია ბაქოს ტრაგიკული მოვლენების თბილისში განმეორების შესაძლებლობა?

აზერბაიჯანული სცენარის საქართველოში განმეორების შესაძლებლობას სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურიაც წინასწარმეტყველებს. იგი იმდენად დარწმუნებულია საკუთარი პროგნოზის სისწორეში, რომ ძალოვან სტრუქტურებს აქტიური მოქმედებისაკენ მოუწოდებს:

[ირინა სარიშვილის ხმა] "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების სამინისტრომ და, საერთოდ, ყველამ, ვისაც ევალება, მაქსიმალურად უნდა აღმოფხვრას ყველა ის კერა, ყველა ის საშიშროება, რომელიც შეიძლება 3 ნოემბრიდან გადაიზარდოს აბსოლუტურად უმართავ მდგომარეობაში". (სტილი დაცულია)

თუმცა, სანამ ძალოვნები აქტიურ მოქმედებაზე არ გადასულან, ალბათ, უპრიანი იქნება, იმ მიზეზებზე ვისაუბროთ, რამაც ბაქოს 16 ოქტომბრის მოვლენები შვა. ჩემი პირველი რესპონდენტი, სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი და საქართველოს პარლამენტის წევრი იზუმრუდ ყურბანოვი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბაქოში იმყოფებოდა. იგი მომხდარი არეულობის მიზეზებზე საუბრობს:

[იზუმრუდ ყურბანოვის ხმა] "ყველაზე დიდი შემცდომა იმაში მდგომარეობს, რომ არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ ერთმანეთთან დიალოგზე წასვლა არ ინება. პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს ქულები ერთმანეთის ლანძღვით დაეგროვებინათ. არადა, საჭირო იყო დიალოგის გამართვა და ბრძოლის ცივილიზებული მეთოდების დანერგვა, რაც არ გაკეთდა. ესაა პიველი მიზეზი. მეორე კი ალიევის ავადმყოფობას უკავშირდება."

ჩემი თხოვნით, ამავე საკითხზე მოსაზრებას გამოთქვამს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჯემალ მურადხანოვი, რომელიც, ყურბანოვის მსგავსად, ბაქოს მოვლენების უშუალო მიწმეა:

[ჯემალ მურადხანოვის ხმა] "მე ამ დროს ვიმყოფებოდი ბაქოში, სპეციალურად ჩავედი იქა. მე მგონი, საჭირო იყო გამოყენება სხვა მეთოდების. უნდა მიეცა მმართველ ხელისუფლებას ხალხისთვის აზრის გამოთქმის საშუალება, ნების გამოხატვის, თუნდაც ეს მიტინგის სახით ყოფილიყო... ყველა ძალას უნდა ჰქონოდა საშუალება აზრების გამოთქმისა ამა თუ იმ საკითხზე."

15 ოქტომბერს ასევე აზერბაიჯანში იმყოფებოდა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ნუგზარ კუპრეიშვილი, რომელიც თავად არის იმ დარღვევებისა და განუკითხაობის მოწმე, რაც 15-16 ოქტომბერს მეზობელ სახელმწიფოში ხდებოდა. მისი თქმით:

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "ერთადერთი ძალიან მოკლე დასკვნა შეიძლება გაკეთდეს: აზერბაიჯანში არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად, ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ელემენტების გამოყეებით."

და მაინც, შესაძლებელია თუ არა, თბილისში აზერბაიჯანული სცენარით მოვლენების განვითარება? სამართლიანი არჩევნების საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი თამარ ჟვანია დარწმუნებულია, რომ

[თამარ ჟვანიას ხმა] "აქ ეს არ მოხდება. ჩვენ ვიცით, რომ დღეს, წინასაარჩევნო პერიოდში, თითქმის აბსოლუტურად ყველა სიმართლე და მთელი საზოგადოება მზად არის, რომ რაც არის ცუდი, შეცვალოს კარგით. ფაქტობრივად, ეს გვაძლევს ჩვენ იმის იმედს, რომ საქართველოში ანალოგია არ მოხდება, რაც აზერბაიჯანში მოხდა."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG