Accessibility links

წინასაარჩევნო მოლოდინის სტრუქტურა


ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში სამი არჩევნები ჩატარდა: საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის. ახლა ქვეყანა მორიგი პარლამენტის ასარჩევად ემზადება.

ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკოსები ხალხს არწმუნებდნენ, რომ სწორედ მაშინ წყდებოდა საქართველოს ბედი. თუმცა გადიოდა დრო და ადამიანების ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. რას ელოდება საქართველოს რიგითი მოქალაქე 2 ნოემბრის არჩევნებისგან?

ვერაფრით ვუპასუხებთ შეკითხვას, "რას ელოდება რიგითი მოქალაქე 2 ნოემბრის არჩევნებისგან", თუ არ განვმარტავთ, კერძოდ, როგორ მოქალაქეს ვგულისმობთ. საზოგადოება შედგება ადამიანებისგან, რომლებიც დაინტერესებული არიან პოლიტიკით და ადამიანებისგან, რომლებსაც პოლიტიკა სრულებით არ აინტერესებთ. მათი მოლოდინის სტრუქტურა მკვეთრად განსხვავებულია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები არჩევნებისგან ელოდებიან ახალ პარლამენტს, ძალთა ახალ განლაგებას, ახალ აზარტს: ვინ ვისთან გამონახავს საერთო ენას, ვინ რა შემადგენლობით მოხვდება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ვინ შექმნის უმრავლესობას; შესაბამისად, ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე; შეძლებს თუ არა ოპოზიცია მთავრობის გადაყენებას, პრეზიდენტთან თანამშრომლობას, მისი უფლებების შეკვეცას, კონსტიტუციის შეცვლას. ეს წმინდა პოლიტიკური საკითხებია და პირადად მე, როგორც პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს, ისევე, როგორც ბევრ ჩემს მსგავსს, გულწრფელად მაინტერესებს.

მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკასთან ბევრი არაფერი აკავშირებთ, სხვაგვარი მოლოდინი აქვთ. მათ, პირველ რიგში, ის აღელვებთ, არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა არჩევნების შემდეგ და რამდენად დაცულია მათი ოჯახები დამანგრეველი ელემენტების შეჭრისგან. მართალია, ხშირად ამბობენ, რომ საზოგადოება პოლიტიზებულია, მაგრამ პოლიტიკასთან შეხება, როგორც წესი, ზედაპირულია. უმრავლესობა ცუდად ერკვევა ამა თუ იმ პარტიის ან ლიდერის რეალურ სახესა და მიზნებში. ამიტომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოისმენთ, რომ გაუგებარია, ვინ არის ხელისუფლება და ვინ - ოპოზიცია, რომ ყველა პოლიტიკოსი შევარდნაძის გაზრდილია და რომ ყველა ერთმანეთზე უარესია; რომ თითოეული მათგანი ფიქრობს საკუთარ თავზე და არავინ ფიქრობს ხალხზე.

საზოგადოების ეს ნაწილი არჩევნებისგან კონკრეტულს არაფერს ელოდება და კმაყოფილი დარჩება, თუკი 2 ნოემბერი და შემდგომი დღეები მშვიდობიანად ჩაივლის. ყოველი მორიგი არჩევნები მათთვის მხოლოდ საფრთხის წყაროა.

მაგრამ საზოგადოება იყოფა არა მხოლოდ პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით, არამედ - რაც უფრო მთავარია - მომავლის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით. არჩევნებისადმი მოლოდინის სტრუქტურა სრულიად განსხვავებული აქვთ პესიმისტებს და ოპტიმისტებს.

პესიმისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ არჩევნების შემდეგ სრულებით არაფერი შეიცვლება, ისევე, როგორც არაფერი შეცვლილა წინა არჩევნების შემდეგ. მავანი იმუნიტეტს მოიპოვებს, მავანი - ფულის ახალ წყაროს, მავანი - გარანტირებულ პენსიას; ხოლო უბრალო ადამიანი კვლავ პირისპირ დარჩება თავის გაჭირვებასთან.

ოპტიმისტები კი რეალურ ცვლილებებს ელოდებიან. სწორედ ისინი იბრძვიან საარჩევნო ხმის დასაცავად, ინტერნეტში ეძებენ საკუთარ გვარსა და სახელს, დადიან უბნიდან უბანში, ერთი პარტიის შტაბიდან მეორე პარტიის შტაბში და ცდილობენ, არ დაკარგონ კონსტიტუციით ბოძებული ხმის მიცემის უფლება. ასეთ ადამიანებს სრულიად კონკრეტული მოლოდინები აქვთ.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული პანელური გამოკითხვა მკაფიოდ აყალიბებს იმ საკითხების ნუსხას, რომლებიც, საქართველოს მოსახლეობის აზრით, პირველ რიგში უნდა გადაჭრას ხელისუფლებამ. უმთავრესი ამოცანა უმუშევრობის შემცირებაა. შემდეგ - ხელფასების, პენსიების, შემწეობების გაზრდა; მესამე ადგილზეა კორუფცია; მეოთხეა სოფლის მეურნეობის განვითარება; მეხუთე - მსხვილი მრეწველობის აღდგენა; მეექვსე - სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა; მეშვიდე - მცირე ბიზნესის განვითარება; მერვე - ყველას თანასწორობა კანონის წინაშე; მეცხრე - ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება; მეათე - აფხაზეთის დაბრუნება. თუ დავაკვირდებით, ამ ჩამონათვალის მიხედვით, ადამიანები ითხოვენ სტაბილურობასაც, კეთილდღეობასაც და, რაც მთავარია, სამართლიანობას.

ვის მოლოდინს გაამართლებს 2 ნოემბრის არჩევნები? პესიმისტების თუ ოპტიმისტების? ამ კითხვაზე პასუხს ბარე ორი ორი ნოემბერი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG