Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მიტინგი დაარბიეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ 23 ოქტომბერს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ მიტინგს ადგილობრივი ხელისუფლება ხელს არ შეუშლიდა, 23 ოქტომბერს ჩოლოქთან

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მანქანებით გადასვლის უფლება არ მისცეს, ბათუმის ცენტრში კი ნაციონალური მოძრაობის მიტინგი დაარბიეს.

ტელევიზიით გაკეთებული საჯარო დაპირებების მიუხედავად, რომ 23 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის მიტინგის გამართვას ადგილობრივი ხელისუფლება ხელს არ შეუშლიდა, 23 ოქტომბერს მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა და საპირისპირო შედეგით დასრულდა: დღისით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ჩოლოქთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მანქანებით შესვლის უფლება არ მისცეს - ისინი ბათუმისკენ ფეხით დაიძრნენ, შუადღისას კი ბათუმის ცენტრში ნამდვილი ხელჩართული ომი გაიმართა ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბათუმის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას მიტინგის ჩასატარებლად სტადიონს სთავაზობდა, მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობა ამისათვის თეატრის წინ მდებარე მოედანს მოითხოვდა. 23 ოქტომბერს მომიტინგეებმა მოედნამდე ვერ მიაღწიეს - მისასვლელი გზები პოლიციას და შინაგან ჯარს გადაკეტილი ჰქონდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მიტინგი მაინც მოაწყო:
[ დავით ბერძენიშვილის ხმა] "მიტინგის მსვლელობისას მე მოვასწარი სიტყვის თქმა, კობა ხაბაზმა, ქობულეთში ჩვენმა კანდიდატმა, და ზვიად ძიძიგურის გამოსვლისას გადმოვიდნენ მუშტი-კრივზე. იარაღსაც ხმარობდნენ. ერთი-ორი გაისროლეს. დაშავებული ბევრია. შეხლა-შემოხლა იყო მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც."
დაზარალებულთა შორისაა პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილიც, რომელიც დავით ბერძენიშვილის საარჩევნო შტაბის დარბევისას შტაბის შენობაში იმყოფებოდა.
[კობა დავითაშვილის ხმა] " ქვები არ ყოფილა, თორემ შეიარაღებული ჯარი იყო გამოყვანილი, გადაცმული პოლიციელები და ანგარიშსწორება უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბოლნისში."

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მიტინგის დარბევაში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გარდა, აქტიურად მონაწილეობდა ასლან აბაშიძის დაცვა:
[დავით ბერძენიშვილის ხმა] " პრაქტიკულად, აბაშიძის პირადი დაცვისა და სამხედრო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მოხდა მიტინგის მასობრივი დარბევა. ეს იყო ასლან აბაშიძის დაცვა. ეს იყო პოლიცია, ეს იყო შინაგანი ჯარი, ეს იყო ყველა შეიარაღებული სტრუქტურა, რაც კი ასლან აბაშიძეს ემორჩილება. და აქ კი, რაც კი რამ შეიარაღებული სტრუქტურაა, ყველა აბაშიძეს ემორჩილება."
როგორც სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" განუცხადა შინაგანი ჯარების სარდალმა გიორგი შერვაშიძემ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში იქ დისლოცირებული შინაგანი ჯარების ნაწილები არ ჩართულან, თუმცა, ექსცესების თავიდან ასაცილებლად, სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გააქტიურება იმან გამოიწვია, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა და ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე ათასამდე ადამიანი მივიდა.
XS
SM
MD
LG