Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელისუფლებას მისი ამომრჩევლების რეპრესირებაში ადანაშაულებს


22 ოქტომბერს ღამით, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში დაუდგენელმა პირებმა იძულებით მანქანაში ჩასვეს და თელავის სამხარეო პოლიციაში

მიიყვანეს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ისაკო ცქიფურიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ზვიად ხვედელიძე. ოფიციალური ვერსიით, მას, როგორც აღრიცხვაზე მყოფს, ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო. რაც შეეხება არაოფიციალურ მხარეს, ისაკო ცქიფურიშვილის საარჩევნო შტაბის წევრების აზრით, ძალოვანების მიერ ზვიად ხვედელიძის გატაცება უშუალოდ უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.


ისაკო ცქიფურიშვილი ლაგოდეხის რაიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ კანდიდატად ითვლება. მის უშუალო კონკურენტად მაჟორიტარულ არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატი ლაშა ნაცვლიშვილი იკვეთება. ცქიფურიშვილის საარჩევნო შტაბში სწორედ მის სახელს და სახელისუფლებო ბლოკს უკავშირებენ იმ რეპრესიებს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში პერმანენტულად ხორციელდება ცქიფურიშვილის პოტენციურ მომხრეებზე. ამის შესახებ ინფორმირებულია კახეთის სამხარეო ომბუდსმენი ნოდარ სეფიაშვილიც, რომელიც 23 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საგანგებოდ გამოცხადდა. მიზეზი, ზვიად ხვედელიძის პოლიციაში ძალადობით მიყვანის გარდა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის მოსახლეობის ერთობლივი განცხადება-საჩივარიც აღმოჩნდა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ისაკო ცქიფურიშვილი ამბობს, ლაგოდეხის აზერბაიჯანული სოფლის, კაბალის, მცხოვრებლებს დაინტერესებული პირები არჩევნებზე ბაქოს მოვლენების გამეორებით აშინებენ.

[ისაკო ცქიფურიშვილის ხმა]"დიახ, ეს ჩვენი მომხრეები არიან. იმათ მაღაზიებს უკეტავენ, მანქანებით მიჰყავთ და ავტომატებით აშინებენ და, რა ვიცი, მილიონი რაღაცეები. შავი ფორმებით არის ხალხი ჩამოსული, არაფერი ამოსაცნობი ნიშანი არ აქვთ. პოლიცია მაგათ მხარეზეა, შეშინებული ჰყავთ, გამგებელი ცემეს რაიონის და რა ვიცი, რა. მილიონი რაღაც. ერთი დაგვრჩა -ხალხის მხარდაჭერა და მასმედიის."(სტილი დაცულია)

დეპუტატობის კანდიდატი ისაკო ცქიფურიშვილი, მისი დისკრედიტაციის გარდა, ამომრჩევლის დაშინების მცდელობას უკავშირებს საარჩევნო შტაბის უფროსის ზვიად ხვედელიძის დაკავების ფაქტსაც. როგორც თელავის სამხარეო პოლიციის უფროსმა ზურაბ ტუშურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ხვედელიძე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს თავად ხვედელიძე, რომელმაც მთელი ღამე კახეთის სამხარეო პოლიციაში გაატარა და მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა სახლში. იგი ვარაუდობს, რომ პოლიცია მისთვის ნარკოტიკის ჩადებას გეგმავდა:

[ზვიად ხვედელიძის ხმა]"მე იქ, საიდანაც წამომიყვანეს, ჯერ ადგილზე უნდა ჩატარებულიყო ჩემი ჩხრეკა. იქ, უბრალოდ, ხელი შეუშალეს. ვინაიდან ჩემი სოფელი იყო, მიხვდნენ რომ ხალხი გამოვიდოდა და ამის უფლებას არ მისცემდა და არაკანონიერად აკეთებდნენ ამას, იქ ვერ განახორციელებდნენ თავის გეგმას და წამიყვანეს, ასე ვთქვათ, სამხარეოში. ნუ, მერე იქ გაიგეს, ალბათ, რომ ჩემი მხარდამჭერები პოლიციის შენობაში ავიდნენ. ფაქტიურად, ისინი არც ტყუოდნენ, იმიტომ, რომ არავინ არ იცოდა, ვინ წამიყვანა მე. ნომერი არ იცოდნენ მანქანის, პიროვნებები არ იცოდნენ, ვინ წამიყვანეს და კომპეტენტური პირი ვინც იყო, პოლიციის უფროსი ლაგოდეხის რაიონის, პასუხს ვერ სცემდა, თუ ვინ იყვნენ ის ხალხი, ვინც მე წამიყვანეს."(სტილი დაცულია)

ზვიად ხვედელიძე შიშობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ისაკო ცქიფურიშვილის მხარდამჭერებზე ზეწოლას ხელისუფლება აკრძალული მეთოდებით კვლავაც განაგრძობს. აზარალა თუ არა მომხდარმა კანდიდატის რეიტინგი, ძნელი სათქმელია, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული ფაქტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსჯელობის საგანიც გახდება.
XS
SM
MD
LG