Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში მდგომარეობს კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიის წარმატების საიდუმლოება


ფართო საზოგადოებისთვის უცნობი კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიის დებიუტი 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს წარმატებით შედგა. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე

ამომრჩეველთა სიმპათიების მოპოვება, ერთი შეხედვით, უცნაურად გამოიყურება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ტრადიციული და გაცილებით ცნობილი პოლიტიკური ორგანიზაციებიც კი ვერ ახერხებენ აგიტაციისა და სარეკლამო კამპანიის გარეშე ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას, საინტერესოა, როგორ მოახერხა ეს კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიამ.

მე კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიის ლიდერს ალექსანდრე ხითარიშვილს ვკითხე, თუ რაში მდგომარეობს ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის წარმატების საიდუმლო.

[ალექსანდრე ხითარიშვილის ხმა] "ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა არჩევნების ორგანიზება. მხარდამჭერები მყავს და ვიმედოვნებთ, რომ ათეულში მოვხვდებით, ნაღდად მოვხვდებით. კიდევ, იცით, რა მაძლევს ამის იმედს? - ის, რომ ჩვენმა პარტიამ 116 მანდატი აიღო, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ არჩევნებში და გავიდა მეექვსე ადგილზე.
-
როგორ მოახერხეთ ეს?
-
როგორ მოვახერხეთ და ჩვეულებრივად: ჩავედით წალკაში, ვიმუშავეთ და მოვახერხეთ."

ხითარიშვილს წალკა შემთხვევით არ უხსენებია. მისმა პარტიამ 116-ვე მანდატი მხოლოდ წალკის რაიონში მიიღო და დანარჩენ საქართველოში - ნული. უცნაურია ის, რომ ეს მოხდა ქვემო ქართლის იმ რაიონში, სადაც ხელისუფლება სხვა პარტიებს სააგიტაციოდ შესვლის საშუალებასაც კი არ აძლევს და ქვების სეტყვით უმასპინძლდება. როგორც ჩანს, კონსტიტუციური უფლებების დაცვის პარტია მხარის მაშინდელი გუბერნატორის მხარდაჭერით სარგებლობდა. ეს ალექსანდრე ხითარიშვილის განცხადებიდანაც ჩანს:

[ალექსანდრე ხითარიშვილის ხმა] "მამალაძეს რატომ უნდა შეეშალა ხელი, ვერ გავიგე. დიდი ბოდიში, რა. ადგილობრივ არჩევნებში სულ სხვა სისტემაა, იქ ხელს არავის უშლიან. მაგრამ მოქალაქეთა კავშირს რომ მიეღო, შეიძლება მაგდენი მანდატი არ აგვეღო, ნახევარს მაინც ავიღებდით."

ამ ამბიციური გეგმების განხორციელება კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტიას იმ წინასაარჩევნო პროგრამის განსახორციელებლად ესაჭიროება, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ნორმების დაცვასა და ცხოვრებაში რეალიზებას. მე ალექსანდრე ხითარიშვილს ვკითხე, თუ რას სთავაზობს მისი პარტია, უფრო კონკრეტულად, ქართველ ამომრჩეველს.

[ალექსანდრე ხითარიშვილის ხმა] "კონსტიტუციის დაცვა, პირველ რიგში. ეს შეეხება ყველას აბსოლუტურად - გინდა პოზიციას, გინდა ოპოზიციას. იმიტომ რომ ჩვენთან ყველაზე მთავარი, ყველაზე დიდ პრობლემა არის ის, რომ ის კანონები, რაც გვიწერია და ყველამ იცის, რა დიდი შრომითაა მიღებული, არ სრულდება."

ხითარიშვილი ქართულ საკანონმდებლო ბაზას სრულყოფილად არ მიიჩნევს და მისი სრულყოფისათვის, საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობის გასაზრდელად, პარლამენტართა რაოდენობის შემცირებასაც უჭერს მხარს.

ამგვარი პოზიციით კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულთა პირველ ათეულში მოხვედრას გეგმავს და არ ფიქრობს, რომ 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს. პარტიის სტრატეგია 2 ნოემბრის შემდგომ არჩევნებში წარმატების მიღწევაზეა გათვლილი.
XS
SM
MD
LG