Accessibility links

logo-print

როგორ ებრძვის კანონი პრესას აჭარაში


დავით პაიჭაძე, თბილისი თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხუთშაბათს ბათუმში შეღწევასა და მომხრეებთან ერთად ასლან აბაშიძისთვის საპროტესტო შეკრების ჩატარებას ცდილობდა, თბილისში ახალგაზრდა იურისტთა

ასოციაციის წევრები აჭარულ კანონებს აპროტესტებდნენ. რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება მათი პროტესტი, მხოლოდ პარასკევს გაირკვევა, რადგან 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა, მიიღებდა თუ არა ასოციაციის სარჩელს. მიზეზი: საკონსტიტუციო სასამართლო, მთელი შემადგენლობით, კოლეგის დედის დაკრძალვაზე წაბრძანდა. სარჩელი კი მიმართული იყო პრესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის წინააღმდეგ, რომელიც, ასოციაციის წევრთა მტკიცებით, 15 პუნქტით მაინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.

სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღება და გავრცელება, გამომცემლის, ჟურნალისტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება - ამ ყველაფერს ზღუდავს აჭარის კანონი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ, მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ჩხეიძე. მისი აზრით, კანონი პირდაპირ ცენზურას აწესებს ასეთი მუხლით: წინასაარჩევნო მასალის გასავრცელებლად საკმარისია საარჩევნო კომისიის ნებართვა.

[ჩხეიძის ხმა] "არსად კანონმდებლობაში არ არის განმარტებული, რა არის წინასაარჩევნო მასალა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც ეხება არჩევნებს, შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო მასალად და ნებისმიერ შემთხვევაში მათი გავრცელებისას მოგვთხოვონ საარჩევნო კომისიის ნებართვა."

გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ კანონში მოცემული შეზღუდვები ეფუძნება არა ობიექტურ, არამედ სუბიექტურ შეფასებებს. კანონში ასეთი ეპითეტებია: "დამახინჯებული", "გაყალბებული", "შეურაცხყოფილი" და ასევე არსად არ არის განმარტებული, რას ნიშნავს ეს; ანუ ნებისმიერ პირს შეუძლია, მიიჩნიოს, რომ ინფორმაცია დამახინჯებული ან გაყალბებულია, ან თავად არის შეურაცხყოფილი გავრცელებული ცნობით. ასეთი პირი არ არის ვალდებული განმარტოს ან დაასაბუთოს თავისი მიდგომები, მას შეუძია უჩივლოს ინფორმაციის გამავრცელებელს და პასუხისმგებლობაც დააკისროს. კანონში არის აბსურდული მუხლი, რომ ჟურნალისტმა ინფორმაციის გავრცელებისას მასალა სენსაციად არ უნდა აქციოს და სენსაციური სათაურები არ გამოიყენოს. ცხადია, სენსაცია ისევ განუმარტავია. გიორგი ჩხეიძე მიიჩნევს, რომ კანონი წერტილს უსვამს ჟურნალისტურ გამოძიებას.

[ჩხეიძის ხმა] "ამ კანონის ერთ-ერთი ნორმა გულისხმობს, რომ რაიმე დანაშაულზე ინფორმაციის გავრცელებისას ჟურნალისტმა არ უნდა დაარღვიოს გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენის ინტერესები. ვინ განსაზღვრავს, რა არის გამოძიების ინტერესი? ნათელია, რომ გამომძიებელი. ანუ ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე მუშაობისას ჟურნალისტი უნდა დაეკითხოს გამომძიებელს და ნებართვა სთხოვოს ინფორმაციის გავრცელებისთვის."

სარჩელში მოტანილი ყველა მუხლის ჩამოთვლას აქ, ცხადია, არ შევუდგებით. ახალგაზრდა იურისტებს იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო - მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც - მიიღებს მათ სარჩელს განსახილველად. ერთი რამ ნათელია: აჭარის ხელისუფალთა საკანონმდებლო და პოლიტიკური პრაქტიკა სრულ ჰარმონიაშია. ის შეიძლება აიწეროს ორიოდე სიტყვით: რაც შეიძლება, მეტი შეზღუდვა სხვებს.
XS
SM
MD
LG