Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა 23 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა მოსკოვის თეატრალურ ცენტრში დუბროვკაზე მომხდარი ტრაგედიიდან, როცა 40-დან 50-დე ჩეჩენმა სეპარატისტმა პოპულარული მუზიკლის "ნორდ-ოსტის"

სანახავად თეატრში მისული მაყურებელი დაატყვევა და შენობის აფეთქებით დაიმუქრა, თუ სეპარატისტთა მოთხოვნები არ იქნებოდა დაკმაყოფილებული. აი რას წერს სარედაქციო სტატიაში გაზეთი "ლიბერასიონი":

"ბოლოს საქმეში რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთი ჩაერია და თეატრის შენობაში ძლიერი ნარკოტიკული გაზი გამოიყენა ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ. შედეგი ამ ოპერაციისა ტრაგიკული აღმოჩნდა: მომწამლავმა გაზმა 129 მძევლის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთმა წელმა განვლო ამ ტრაგედიიდან, მაგრამ მრავალი შეკითხვა მომხდართან დაკავშირებით, დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი. არავინ უწყის, რატომ არ აღმოუჩინეს მძევლებს სათანადო სამედიცინო დახმარება, ან კიდევ რატომ არ ააფეთქეს ჩეჩენმა მეამბოხეებმა თეატრის შენობა. ესოდენ დიდი მსხვერპლის მიუხედავად 22 ოქტომბერს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მოსახლეობის 63 პროცენტს რუსეთში მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის თეატრალურ ცენტრში ერთი წლის წინათ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად"

ხოლო გაზეთი "მოსკოუ ტაიმსი" ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ მოსკოვის თეატრალურ ცენტში 2002 წლის ოქტომბერში მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე კრემლს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"ნაცვლად იმისა, ეკონომიკურად დახმარებოდა ომით გაჩანაგებულ რესპუბლიკას და აღეკვეთა იქ მოქალაქეობრივ უფლებათა მიუტევებელი დარღვევები, რასაც ფედერალური ჯარი სჩადის, კრემლმა გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნა ჩეჩენეთში ვითარების ნორმალიზაციისა და პოლიტიკური პროცესის დაწყების ფასადი, რისთვისაც 23 მარტს, წინასწარ მომზადებული სცენარით, რეფერენდუმი მოაწყო კავკასიის ამ რესპუბლიკაში, ხოლო 5 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც პორომოსკოვური ადმინისტრაციის უფროსს აჰმად კადიროვს კონკურენტი არ ჰყავდა. თუმცა ამგვარი ფასადის შენარჩუნება კონტრპროდუქტიული და უარესიც აღმოჩნდა. დუბროვკაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე კიდევ უფრო ფართოვდება ნაპრალი კრემლის ხმამაღალ განცხადებებსა და ჩეჩნეთში შექმნილ რეალურ ვითარებას შორის".

გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიმომხილველი თომას ავენარიუსი რუსეთის მთავრობის პოზიციას აკრიტიკებს თეატრალურ ცენტრში დაღუპული 129 მძევლის ოჯახების მიმართ. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

"თითქმის ყველა მძევალი სამაშველო ოპერაციის დროს გამოყენებულმა მომწამლავმა გაზმა მოკლა. პრეზიდენტმა პუტინმა ურყევი პოზიცია დაიკავა იმთავითვე ტერორისტების მიმართ, ხოლო როცა კრიზისი დამთავრდა მას თითქოს აღარც ახსოვდა უდანაშაულო მძევლები. კრემლმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პოლიციელები, ხოლო დახოცილ მძევალთა ოჯახებს ხელისუფლებამ არანაირი კომპენსაცია არ გადაუხადა. თუმცა, ყოველთვის ხომ ასე იყო რუსეთში. პუტინის მმართველობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ როცა საქმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, პიროვნების ბედი რუსეთში აღარავის აღელვებს."
XS
SM
MD
LG