Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ტერორიზმთან ომის პასუხისმგებლობის შესახებ


მაშინ, როცა აშშ-ის ხელისუფლება, გაეროსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ესპანეთში მიმდინარე შეხვედრაზე ცდილობს ერაყის აღდგენისთვის საჭირო სახსრებს თავი მოუყაროს და დონორები მიიზიდოს,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი პენტაგონის მემორანდუმში თავის მრჩევლებს ეკითხება, ვიგებთ თუ არა ტერორიზმთან ომსო. რამსფელდმა თავი იმართლა და თქვა, რომ მას ამ დოკუმენტით სურდა სტიმული მიეცა მთავრობის შემოქმედებითი აზროვნებისათვის. რას ემართლებიან პენტაგონის შეფს და როგორ იმართლებს ის თავს?
ნუ დაადანაშაულებთ პენტაგონს, თუკი ტერორიზმთან გლობალური ომი სულ მთლად წარმატებით ვერ მიდის. - ასეთი იყო არსი პერტაგონის უფროსის გამოსვლისა ჟურნალისტების წინაშე ხუთშაბათს, როცა მან დაიცვა თავისი უწყების მიერ გავრცელებული დახურული მემორანდუმი, რომლის შინაარსი, გაჟონა რა პრესაში, ოთხშაბათს გამოქვეყნდა. რამსფელდმა თქვა, აშშ ტერორიზმთან ბრძოლაში შეიძლება ერთობ ძლიერ იყო კონცენტრირებული სამხედრო ოპერაციებზე და დიპლომატიურ და სხვა მეთოდებს ნაკლებად იყენებდაო.
პენტაგონის მემორანდუმი იმ პერიოდში შეიქმნა, როცა ბუშის ადმინისტრაციას აკრიტიკებდნენ ერაყში დანაკარგის გამო, არა მარტო ფინასნური თვალსაზრისით, არამედ სამხედრო ძალის, ჯარისკაცების მსხვერპლის მხრივ. ჯორჯ ბუშმა 1 მაისს განაცხადა, დასრულდა მთავარი სამხედრო მოქმედებაო. მას შემდეგ კი 105 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ერაყში მტრის ხელით. იმავე პერიოდში პენტაგონის მიერ ერაყში გაგზავნილი 100 პირი დაიღუპა არასაბრძოლო ვითარებაში. ყოველდღიურად მოდის ერაყში კოალიციის ჯარის წარმომადგენელთა დაღუპვის ცნობა... პენტაგონმა აღიარა, რომ ერაყში თავდასხმების რიცხვი იზრდება, მაგრამ იქვე რამსფელდმა თქვა, რომ ტერორიზმთან ომში წარმატება- წარუმატებლობა მხოლოდ თავდაცვის დეპარტამენტს არ ეხება:
[რამსფელდის ხმა] "პირველ რიგში, სახელმწიფო დეპარტამენტის ამოცანა არ არის წარმატების მიღწევა ტერორიზმთან ომში. ეს მთელი ქვეყნის, ყველა სამთავრობო, საზოგადოებრივი და კერძო უწყების და კიდევ 90 ქვეყნის ამოცანაა. ასე რომ, ცალკე არც ერთ სამთავრობო უწყებას არ ძალუძს ყველაფრის გაკეთება. ამიტომ შეკითხვა, რომელიც მიჩნდება, ასე ჟღერს: ვართ კი ჩვენ ორგანიზებული?"
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პენტაგონის ზემოხსენებული მემორანდუმი მას მერე გამოქვეყნდა, რაც ეს უწყება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არ მიაქცია ყურადღება აშშ-ის მთავრობის ხანგრძლივი კვლევის შედეგებს ქვეყნის ომის შემგომი პრობლემებისა და იმის თაობაზე, რომ ომს ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის გაზრდა მოჰყვებოდა. ვაშინგტონის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელ ფილის ბენისს, მაგალითად, სჯერა, რომ მემორანდუმის მიზანი კრიტიკის გაქარწყლებაა. რამსფელდის მოადგილე პოლ ვოლფოვიცი, ერაყთან ომის ერთი-ერთი წამყვანი არქიტექტორი, კვლავ ჩავიდა ერაყში და იქ უშიშროების საერთო ვითარების გაუმჯობესებას შეეცდება. ამერიკელმა გენერალმა, პენტაგონის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ოპერაციათა გამგებელმა ნორტონ შვარცმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ვოლფოვიცი ვითარების გარკვევის შემდეგ ერაყში დაზვერვის თანამედროვე ტექნოლოგიის ამოქმედების პირობებს სწავლობს. შვარცმა გვითხრა ასევე, რომ "ანსარ ალ ისლამი", ერაყელ ექსტრემისტთა გაერთიანება, ამერიკელთათვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს, თუმცა, შვარცისვე აღიარებით, აშშ-ს არა აქვს იმის დამადასტურებელი ცნობა, რომ ამ ჯგუფმა რომელიმე თავდასხმა მოაწყო.



  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG